ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ ვარლამ ჭიპაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. როგორია მერის პირველი მოადგილის გეგმები საკურატორო დარგებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, – ამის გასარკვევად ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
– ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს მერისა და საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. სფერო, რომელიც საკურატოროდ პირველი მოადგილის უფლებამოსილებაში შევა, გამორჩეულად წარმატებული უნდა იყოს. ბიუჯეტთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა აღმოიფხვრას.
საბიუჯეტო სახსრები დროულად უნდა ავითვისოთ. ინფრასტრუქტურული პროექტები ვადებში და ხარისხიანად უნდა განხორციელდეს. ამისთვის საქმისადმი პასუხისმგებლიანი ადამიანები გვჭირდება. მიდგომები უნდა გამკაცრდეს. მუნიციპალიტეტის სამსახურებს უნდა გააჩნდეთ დროული, ადექვატური რეაგირება და გადაწყვეტილებების მიღებისას სამართლიანად იმოქმედონ.
ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებ აუდიტის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, არსებული გადაცდომებისა და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით. ეს ჩვენს საქმიანობას სამართლიან რეჟიმში მოაქცევს და შედეგების ხარისხს აამაღლებს.
მოსახლეობა შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას და დასრულებას ელოდება. ამ მიმართულებით ვიაქტიურებთ და დაგვიანებულ პროექტებს დავაჩქარებთ.
ხარაგაულის მოსახლეობის საკეთილდღეოდ, კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების შესაქმნელად გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები თითოეულ ხარაგაულელამდე უნდა მივიტანოთ.
უზრუნველვყოფთ საჯაროობასა და მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში. პრიორიტეტები საკრებულოსთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, მოსახლეობასთან კონსულტაციებით განისაზღვრება. ჩვენ არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ მოსახლეობასთან და ზუსტად ვიცით, რა პრობლემებია ხარაგაულში. პრიორიტეტულობის მიხედვით დავალაგებთ და გადაწყვეტილების მიმღები პირები ერთობლივად გავივლით. ანუ, გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი პირი არ მიიღებს. ამით იქნება უზრუნველყოფილი საჯაროობა.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, პირისპირ კომუნიკაცია ჭირს, მაინც მოვახერხებთ, რომ უპირველესად, საზოგადოების დაკვეთა შესრულდეს. შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებულები ვიქნებით.
უპასუხისმგებლო მეწარმეებს ხელშეკრულებები დროულად უნდა შეუწყდეთ; ავანსები მიზნობრიობას არ უნდა კარგავდეს და ქაოტურად, უსისტემოდ არ უნდა იცემოდეს იმ ვითარებაში, როცა მეწარმე-სუბიექტები უპასუხისმგებლობით გამოირჩევიან და სამუშაოს არ ასრულებენ.
ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებლებთან დადებული ხელშეკრულებების გადავადებასთან დაკავშირებით აუდიტის რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ, – ეს მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში და დასაბუთების შემთხვევაშია გამართლებული. გაცემული ავანსები ბიუჯეტში დასაბრუნებელია და ამაზე მუნიციპალიტეტს სერიოზული სამართლებრივი ღონისძიებების გატარება სჭირდება.
ძალიან დიდ პრობლემად და გამოწვევად მიმაჩნია ის, რომ ინვენტარიზაციის პროცესი ჩასატარებელია. ამ დროისათვის, არ ვიცით, მუნიციპალიტეტი კონკრეტულად რა ქონებას ფლობს და ეს ქონება რა მდგომარეობაშია. დროულად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით და ამ ჩავარდნას აღმოვფხვრით.
შესყიდვებთან მიმართებაში აუდიტის რეკომენდაციებს თუ გავეცნობით, იქ არის გარკვეული მოსაგვარებელი საკითხები. შესაძლოა, ამას რეორგანიზაციაც დასჭირდეს და ამან კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ეფექტურ საქმიანობას.
მუნიციპალიტეტის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციასთან ვითანამშრომლებთ და ერთიანად შევეჭიდებით იმ გამოწვევებს, რომლებიც ხარაგაულის წინაშე არსებობს.
ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, საკრებულოს წინაშე დასაბუთებულად წარვსდგებით და დეპუტატების ყველა შეკითხვას ვუპასუხებთ. ანგარიშვალდებულება უნდა ვიგრძნოთ ყველა თანამშრომელმა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება და რა თანამდებობის პირი.
ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე. დეპუტატები მოსახლეობის არჩეული წარმომადგენლები არიან და მათ, მერის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენამდე მოაქვთ ის პრობლემები და საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. ამიტომ მათთვის ამ საკითხების მოგვარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. უნდა მოვუსმინოთ ხალხს.
– სახელმწიფო აუდიტის პირველ რიგში გასათვალისწინებელი რეკომენდაციებიდან რომლებს გამოყოფთ?
– მუნიციპალურ ააიპ-ებში შტატებს უნდა გადავხედოთ. თითოეული შტატის საჭიროება მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს. ხარჯები ეფექტურად და რაციონალურად უნდა განიკარგოს. ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ესმის.
ზოგჯერ მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, რომ ეფექტურობა მაქსიმალურად იყოს მიღწეული. ძალიან რთული პროცესია. თუმცა, თუ სამართლიანად მივიღებთ გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, შედეგი უფრო მეტი იქნება.
სერიოზული თანხები იხარჯება ხელფასების სახით. ღონისძიებების ხარჯები უნდა გავზარდოთ. ბიუჯეტის პროგრამულობაში პროგრესი უნდა შევიტანოთ. შეიძლება ბოლომდე პროგრამული ბიუჯეტი ვერ გვქონდეს, მაგრამ წინ უნდა წავიწიოთ. წინა წლებზე უარესი შედეგი არ უნდა გვქონდეს. თითოეული თეთრი დასაბუთებულად უნდა გაიხარჯოს.
აუდიტის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ფინანსური დოკუმენტაცია მოწესრიგებული უნდა იყოს, – იქნება ეს შესრულების აქტები, დეფექტური აქტები თუ ხელშეკრულებების ატვირთვის კონკრეტული სამართლებრივი ვადა. თუნდაც ელემენტარულ ხარვეზებს, საბოლოო ჯამში, სხვა პრობლემურ საკითხებთან მივყავდით.
უპასუხისმგებლო მეწარმეებს, თუკი სამუშაოები დარღვევით და ვადაგადაცილებულად მიმდინარეობს, ჯარიმა უნდა დაეკისროთ.
ავანსად გაცემული თანხების ბიუჯეტში დაბრუნება საეჭვოა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ავანსად საგარანტიო თანხაზე მეტია გაცემული. საქმისადმი პერსონალური მიდგომა ყველა შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს.
ჩვენ შევძლებთ, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა; გადაწყვეტილებების საკრებულოსთან თანამშრომლობითა და საზოგადოების ჩართულობით მიღება.
მერიაში დაგვიბრუნდა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს შენიშვნები. ვეცდებით, ეს შენიშვნები გავითვალისწინოთ.
– ბატონო ვალერი, გასულ წლებში მერია ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს შენიშვნების უმეტესობას არ ითვალისწინებდა. საინტერესოა, ახლა სრულად გაითვალისწინებთ ამ საბიუჯეტო შენიშვნებს?
– ყველას გათვალისწინება ძალიან ჭირს იმიტომ, რომ ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს. ძალიან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში. მერის პირველ მოადგილედ 27 ნოემბერს დავინიშნე. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებისგან შემუშავებული შენიშვნები მე, როგორც ამ კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს აპარატს 24 ნოემბერს ჩავაბარე. კარგად ვიცი, რას ფიქრობს და რა აწუხებს საკრებულოს წევრს. ახლა შემიძლია, რომ საქმეს საკრებულოს წევრის თვალითაც შევხედო და მერის პირველი მოადგილის თვალითაც.
– ანუ, 100%-ით ვერ შეძლებთ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე, ფაქტობრივად, თქვენივე შემუშავებული შენიშვნების გათვალისწინებას?
– პირდაპირ და აბსოლუტური გულწრფელობით გეტყვით, რომ ამ შენიშვნების 100%-ით გათვალისწინებას ვერ შევძლებთ. საკრებულოს წევრებისგან დაყენებული წინადადებები სამართლიანია, სწორად არის გააქტიურებული, მტკივნეული და პრობლემური საკითხებია, აუცილებლად გასათვალისწინებელი. თუმცა, ამას დაფინანსების წყარო სჭირდება. საკრებულოს შენიშვნებში მითითებული არ არის, საიდან უნდა მოხდეს ამ პროექტების დაფინანსება, რასაც დეპუტატები დამატებით ითხოვენ. მაშინ სხვა ხარჯები უნდა გამოვათავისუფლოთ. ამაზე სერიოზული მუშაობა გვჭირდება. ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი სახელფასოა, მაშინ ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ? რა უნდა ვქნათ?
თუმცა, გადაუდებელ აუცილებლობას რომელიც წარმოადგენს, მერია ნამდვილად გაითვალისწინებს და ამაზე ვაპირებთ მუშაობას ბატონი მერი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური და დეპუტატებთანაც გვექნება აქტიური კომუნიკაცია, სანამ 2021 წლის ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს საკრებულოში დავაბრუნებდეთ.
– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება თუ იგეგმება? მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ 2015-2019 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებისთვის 13 ათას ლარზე მეტი ღირებულების 34 მობილური ტელეფონია შეძენილი, გამარტივებული შესყიდვით, ერთსა და იმავე მომწოდებლისგან.
– 2021 წლის ბიუჯეტში მობილური ტელეფონის შესაძენ ხარჯებს არ ვგეგმავთ. სამართლებრივად, ეს სამსახურებრივი საშუალებებია. 2014 წელს, საკრებულოში საქმიანობას რომ შევუდექი, მახსოვს, წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ შეძენილი მობილური ტელეფონები. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურმა უზრუნველყო, რომ ყოფილი თანამდებობის პირებისგან დაებრუნებიათ ტელეფონები და ვინც გააგრძელა მუშაობა, მათ სარგებლობაში დარჩა. ეს მობილურები მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მუნიციპალიტეტის საჭიროებისამებრ განიკარგება.
მათ შესაძენად ტენდერი იმიტომ არ გამოცხადდა, რომ ტელეფონები ეტაპობრივად არის შეძენილი. ტენდერი კი 5 ათასს ლარს ზემოთ თანხის შემთხვევაში ცხადდება.
მობილურები, ძირითადად, ისეთი მუშაკებისთვისაა შეძენილი, რომლებსაც სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამსახურებთან, მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია უწევდათ; ისევე, როგორც კორპორაციული ნომრები აქვთ თანამშრომლებს. ამ მიმართულებით სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებას არ ვიცნობ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ასეთი რამ არ იგეგმება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევამციროთ ისეთი ხარჯები, რომლებიც გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი