სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი დაასრულა.
აუდიტის ანგარიშის დამტკიცებული დოკუმენტი 62-გვერდიანია და მასში საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების არაეფექტიან მართვაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემებების არასახარბიელო მდგომარეობაზე; მერიისა და საკრებულოს, ასევე – ააიპ-ების დაფინანსებაში არსებულ ხარვეზებზე; წინა აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების შესრულების მდგომარეობაზე და სხვ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მარტის სხდომაზე იმსჯელებენ.
გთავაზობთ აუდიტის ანგარიშის შემაჯამებელ მიმოხილვასა და რეკომენდაციებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:
ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობის პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ბოლომდე ვერ უზრუნველყო ეფექტიანი შედეგის მიღება. პროექტების დაგეგმვის, შესრულების, კონტროლის ეტაპები არ უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას ხარისხიანად, დროულად და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.
მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის დარღვევით და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო, სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით. პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია.
მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული დამატებით საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და მიზანშეწონილია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება.
საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა, მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში.
საბიუჯეტო პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტი არ იცავდა საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ხარვეზები გამოვლინდა როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ეტაპზე.
მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია. შედეგად, გაზრდილია რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
ააიპ-ებში მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები ზოგიერთ შემთხვევაში დუბლირებულია, ხოლო ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არის განსაზღვრული. დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად გაზრდილია რისკი იმისა, რომ ააიპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად მაღალია.
ააიპ-ების დაფინანსების პროცესში მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნა. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ადმინისტრაციულმა/საოპერაციო ხარჯებმა კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმას გადააჭარბა.
შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდას.
გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების საპასუხოდ, აუდიტის სამსახურმა გასცა შემდეგი რეკომენდაციები:
რეკომენდაცია №1. მერიამ დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა უზრუნველყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვა მიმწოდებლების მხრიდან, მათ შორის, პროექტების დასრულება გონივრულ ვადებში. აღნიშნულის მისაღწევად მერიამ უნდა გააკონტროლოს, თუ რამდენად სრულდება სამუშაოები ხელშეკრულების, საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, ასევე შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მიმწოდებლების მხრიდან ვადის გადაწევის სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნა, მერიამ დააკმაყოფილოს გარემოებების შესწავლისა და მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით.
მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. აღნიშნული უზრუნველყოფს სამუშაოების პროცესში არსებული შეფერხებების დროულ გამოვლენას, შესაბამის რეაგირებას და საბოლოოდ, ობიექტების გონივრულ ვადებში დასრულებას. ამასთან აუცილებელია, მაქსიმალურად შემცირდეს ისეთი ქმედებები, რაც არაერთგვაროვან მიდგომას წარმოშობს ან დიდი ალბათობით მასზე მიანიშნებს, რათა ხელი შეეწყოს ჯანსაღი კონკურენციისა და თანაბარი მიდგომების განვითარებას.
რეკომენდაცია №2. მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №3. მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, დაიცვას სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა პრეტენდენტების მიმართ; დააწესოს ისეთი სატენდერო მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან, ყურადღება გაამახვილოს და სათანადოდ შეისწავლოს ყველა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია, არ დაუშვას კანონმდებლობის შეუსაბამოდ, არასწორი მიზეზით გამოწვეული დისკვალიფიკაცია; ასევე მერიამ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა სატენდერო კომისიას ჰქონდეს ერთგვაროვანი მიდგომა ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტის მიმართ. აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდვების პროცესში კონკურენციას და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას. მერიამ გამოავლინოს აღნიშნული შესყიდვების განმახორციელებელი პირები, რომელთაც ევალებოდათ შესყიდვის პროცედურების სწორად წარმართვა და არაეკონომიური ხარჯვის თავიდან აცილება და მათ მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.
რეკომენდაცია №4. მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს სტრატეგია, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის რადიკალურ გაუმჯობესებას. ასევე, მერიამ დაუყოვნებლივ მოაწესრიგოს წყლის არსებული სისტემები.
მერიამ უნდა განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა სრულად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამართულ წყალმომარაგებას სასმელად ვარგისი წყლით.
რეკომენდაცია №5. საწვავის რაციონალური და სამსახურებრივი აუცილებლობისათვის გამოყენების მიზნით მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის სათანადო მექანიზმები. საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტებთან თავსებადი საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული წესები, მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ და საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციასა და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. მერიამ გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ევალებოდათ კონტროლი საწვავის მიზნობრივ და რაციონალურ ხარჯვაზე და მათ მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.
რეკომენდაცია №6. საკრებულომ, აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, ვიზიტის მიზანი, მიღების ფორმა, გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და კონტროლის სხვა მექანიზმები. ამასთანავე, არსებული ფინანსური რესურსის განაწილების პროცესში, ხარჯების დაგეგმვისას, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, პირველ რიგში გაითვალისწინონ ის პრიორიტეტები, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული.
რეკომენდაცია №7. მერიამ არ განახორციელოს ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებაზე დამატებითი ხარჯის გაწევა, რადგან მსგავსი საქმიანობის განხორციელებისთვის დაქირავებული ჰყავს თანამშრომლები. მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტმა შრომის ანაზღაურების არანაკლებ 1% უნდა მიმართოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამშრომლები საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას, მიზანშეწონილია, საკონსულტაციო მომსახურების ყოველწლიურად შესყიდვის ნაცვლად, მერიამ შეიმუშაოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას.
რეკომენდაცია №8. მერიამ არ დაუშვას საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს არათანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.
რეკომენდაცია №9. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა იმსჯელონ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების საკითხზე. მერიამ სათანადოდ დაასაბუთოს და მოითხოვოს დელეგირებული უფლებამოსილებისათვის გამოყოფილი ტრანსფერის მოცულობის გაზრდა, ან შეამციროს ხარჯები და საქმიანობა განახორციელოს გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში. აღნიშნული უზრუნველყოფს საქმიანობის უფრო ეკონომიურად განხორციელებას.
რეკომენდაცია №10. მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანას. შედეგად, შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების (მეტობა ან დანაკლისი) დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, რაც გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.
რეკომენდაცია №11. საბიუჯეტო რესურსების რაციონალურად ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ განსაზღვროს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესაბამისობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებთან, შეისწავლოს მათი საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა, შეაფასოს იდენტური ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულების ცალ-ცალკე არსებობის მიზანშეწონილობა,
გაანალიზოს ააიპ-ის საქმიანობით მიღებული სარგებელი და მათი ფუნქციონირებისათვის დახარჯული სახსრები, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს იურიდიული პირებისა და მათში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია.
რეკომენდაცია №12. მერიამ განახორციელოს შიდა აუდიტის სამსახურის იმგვარი ფუნქციონირება, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.
რეკომენდაცია №13. მერიამ შეიმუშაოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა აუდიტის ანგარიშებში ასახული დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის. გონივრულ ვადაში ასევე წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. მერიამ გაატაროს სათანადო ღონისძიებები იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ აღნიშნულ დარღვევა-ნაკლოვანებებზე რეაგირება და არ გაატარეს საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები წინა აუდიტის ანგარიშებში ასახული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის ანგარიშს ხელმოწერით ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი