პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, როდესაც მთელს მსოფლიოში საზოგადოება ერთიანდება აივ ინფიცირებული ადამიანების მიმართ სოლიდარობისა და თანადგომის გამოსახატად.

შიდსი – შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი – საქართველოში პირველად 1989 წელს დაფიქსირდა. საქართველო, უკვე 34 წელია, ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში.

შიდსის მსოფლიო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. 2025 წლის დევიზია: დავძლიოთ სირთულეები, გავაძლიეროთ პასუხი შიდსის ეპიდემიაზე!

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი მაია ცინცაძე ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, იცვლება აივ/შიდსზე რეაგირებაც. ამჯერად პრიორიტეტია:

  • აივ ტესტირებაზე, მკურნალობასა და პრევენციაზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და სერვისების პრიორიტეტიზაცია;
  • აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის და შორსწასული დაავადების მართვის გაუმჯობესება;
  • აივ/შიდსის სერვისების ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, თემზე დაფუძნებული მომსახურებების გათვალისწინებით;
  • უთანასწორობის აღმოფხვრა, რაც განაპირობებს ადამიანების უფლებების დაცვასა და სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.

„წელს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასასმელად, თუ რა გავლენა იქონია საერთაშორისო დონორებისგან დაფინანსების შემცირებამ შიდსთან ბრძოლაზე, – ამბობს მაია ცინცაძე, – ამავდროულად, უნდა წარმოჩინდეს წარმატებული გამოცდილება იმ ქვეყნებისა და სათემო ორგანიზაციების, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად და აივ ინფექციაზე საპასუხო რეაგირების გასაგრძელებლად.

2025 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისი, აივ/შიდსის დარგში ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

გენდერული იდენტობისა და ნარკოტიკების მოხმარების მიმართ სადამსჯელო კანონების გამკაცრება, აღნიშნულ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს და აივ ინფექციის სერვისებს ხშირად მიუწვდომელს ხდის.

ბოლო პერიოდში შიდსის ეპიდემიაზე გლობალური პასუხი მნიშვნელოვნად შეფერხდა. 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემიის დასრულებისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ქვეყნებმა რადიკალური ცვლილებები უნდა განახორციელონ აივ ინფექციის პროგრამების დაფინანსების მიმართულებით.

შიდსზე გლობალური რეაგირება ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნების შიდა რესურსებზე. ფინანსური სიძნელეების დასაძლევად საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანება, რათა დაეხმაროს ქვეყნებს აივ/შიდსის პრევენციასა და მკურნალობაში არსებული გამოწვევების, აგრეთვე სამართლებრივი და სოციალური ბარიერების დაძლევაში და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებაში.

შიდსის მსოფლიო დღეს საჭიროა, კიდევ უფრო გამოიკვეთოს და გაძლიერდეს პოლიტიკური ლიდერობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომები, რათა 2030 წლისთვის შევძლოთ შიდსის ეპიდემიის დასრულება“.

გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს მსოფლიოში:

  • აივ ინფექცირებული პირების რაოდენობამ 40.8 მლნ შეადგინა. მათგან 1,4 მლნ 14 წლის ბავშვია;
  • აივ ინფიცირებულთა 53%-ს შეადგენენ ქალები და გოგონები;
  • მსოფლიოში მცხოვრები აივ ინფიცირებულების მხოლოდ 87%-მა იცის თავისი აივ სტატუსის შესახებ;
  • გამოვლინდა 1,3 მლნ აივ ინფექციის ახალი შემთხვევა.

 

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში

დღეს საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს, სტაბილური ეპიდემიის სურათით.

2025 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, 1989 წლიდან დღემდე,  რეგისტრირებულია 11 520 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8637 მამაკაცი და 2883 ქალი. გარდაიცვალა 2466 პაციენტი. ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე იმყოფება 7163 პაციენტი.

მიმდინარე წელს დაფიქსირებულია აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:

  • 30.6 % – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება;
  • 53.5 % – ჰეტეროსექსუალური კონტაქტი;
  • 14.1 % – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
  • 1.1 % – ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა;
  • 0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად;
  • 0.3 % – დაუდგენელი/შესწავლის პროცესშია.

პირველადი ჯანდაცვის სისტემაში აივ/შიდსის სერვისების ინტეგრირების აუცილებლობაზე საუბრობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წიფის ამბულატორიის ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი. მისი თქმით, აუცილებელია, რომ აივ ინფექციის შემთხვევები კლინიკებმა დადასტურებისთანავე ოჯახის ექიმებს აცნობონ.

„პაციენტს პირველი შემხებლობა ოჯახის ექიმთან აქვს, – ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი, – აუცილებელია, რომ ჩვენ ინფიცირებულების შესახებ ინფორმაცია გვქონდეს, ჩვენც დაცულები ვიქნებით ასეთ პაციენტთან ურთიერთობის დროს. ოჯახის ექიმისა და იმ კლინიკის მედპერსონალის უკუკავშირი, სადაც პაციენტს აივ ინფექცია დაუდასტურდა, აუცილებელია. ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებ ჩვენს ზემდგომ ორგანოებში. ძალიან კარგია, რომ ეს წელს შიდსთან ბრძოლის ღონისძიებებში პრიორიტეტად მიიჩნიეს“.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აივ ინფექცია შიდსით ინფიცირების ორი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებული პაციენტები მკურნალობის უფასო პროგრამაში არიან ჩართულები.

საქართველოში უზრუნველყოფილია აივ/შიდსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მათ შორის პრე-ექსპოზიციური მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა. აივ ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა!

ტესტირების ჩატარება შესაძლებელია თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში შემდეგ მისამართზე – თბილისი, ლუბლიანას ქ. #70. კონსულტაციისთვის დარეკეთ შიდსის ცხელ ხაზზე – 551 82 66 66.

ნინო კაპანაძე