ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეოკადრები, საიდანაც ჩანს, რომ ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლები სამუშაო საათებში სოფელ ზარანში ყანას მარგლიან.

ავალიშვილისგან გავრცელებულ ამ ინფორმაციაში ნათქვამია:

„ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ დირექტორმა თეიმურაზ ფურცელაძემ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა. შარშან და წელს თავისი ყანები დაამუშავებინა თანამშრომლებს, დღეს კი ნაცნობ-მეგობრებს ეხმარება; კერძოდ, ზარანში ლალი კიკნაძის ყანა ითოხნება.

დღეს სამუშაო დღეა. თანამშრომლები, თავიანთი მოვალეობის შესრულების ნაცვლად, დასუფთავების სპეციალური და უაზის ტიპის ავტომანქანებით ჰყავს გაშვებული თავისი ახლობლის ყანების გასათოხნად.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს როგორი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატიც ჰყავს, ისეთივეა დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ფურცელაძეც“.


მარგლიდნენ თუ არა „ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლები სამუშაო საათებში უფროსის ნაკვეთს“, – ამ საკითხით გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ რამდენიმე წლის წინათაც დაინტერესდა.

თორნიკე ავალიშვილის დღევანდელ პოსტთან დაკავშირებით ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ დირექტორ თემურ ფურცელაძეს კომენტარი ვთხოვეთ.

„თორნიკე ავალიშვილმა რაც უნდა, ის გამოაქვეყნოს, – ამბობს თემურ ფურცელაძე, – ახლა მტვირთავებისთვის სამუშაო საათები არ არის. ისინი მუშაობას საღამოს ექვს საათზე დაიწყებენ. მანამდე კი სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე იქნებიან“.

გამოყენებულია 2016 წელს გადაღებული ფოტო