16 მაისს მსოფლიოში თევზის მიგრაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მეთევზეები, ბუნებადამცველები, ეკოლოგები თუ ბუნების კონსერვაციის ექსპერტები ხშირად იკრიბებიან და იმ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობენ, რომლებიც მთელი მსოფლიოს მდინარეებში თევზების სახეობების მდგომარეობას შეეხება.
სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მდინარე ჩხერიმელას აუზში თევზის სახეობების მდგომარეობითა და პრობლემებით დაინტერესდა.
ხარაგაულელი ლაშა გურგენიძე პირველად 6 წლის იყო, როცა ძმამ სათევზაოდ წაიყვანა და მას შემდეგ ეს საქმიანობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. 40 წლის განმავლობაში არაერთხელ უთევზავია სპორტულად და ჩხერიმელაში მობინადრე იქთიოფაუნაც საფუძვლიანად შეისწავლა.
„ჩხერიმელაში ათამდე სახეობის თევზი ბინადრობს – ნაფოტა, იგივე ტაფელა; ღორჯო; ვენახა; ღომღომა, იგივე ციმორი; წვერა, იგივე მურწა; მოელავი, იგივე ტობი; დასავლეთ წყლების ხრამული; ქაშაპი, – ამბობს ლაშა გურგენიძე, – მათგან ნაწილი ენდემურ სახეობებს წარმოადგენს, ხოლო ნაწილი ჩხერიმელაში შემომავალი თევზებია. მაგალითად, ქაშაყი ყვირილა-რიონის აუზიდან შემოდის. მტკნარი წყლის ბინადარი ქაშაპი ენდემური სახეობაა და ქაშაყისგან ზომითა და ქერცლითაც განსხვავებულია. ჩხერიმელაში გავრცელებულია კალმახი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი.
თევზების მიგრირება გაზაფხულზე იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ამ დროს წყლის ტემპერატურა იმატებს და თევზი ქვირითობას იწყებს. ამას ჩვენში ტობაობას ეძახიან. ტობაობის დროს თევზი მდინარის კალაპოტს მაღლა მიუყვება და ქვირითს დებს. ჩხერიმელას თევზებიდან ტობი ძალიან შორს არ შედის, წვერა, ტაფელა, ღორჯო, მათ შორის ციმორიც მარელისის ხერგილის ზემოთაც კი შეუნიშნავთ მდინარეში.
ტობაობის დროს თევზაობა არ შეიძლება. ღორჯოს, ვენახასა და ნაფოტას გარდა, არცერთი თევზის ქვირითის საკვებად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ადამიანის მოწამვლას იწვევს.
წინაპრებისგან ვიცი, რომ მხოლოდ იმ თვეში უნდა ითევზაო, რომელის დასახელებაშიც ასო „რ“ ურევია. ახლა ჩვენში, კალმახის გარდა, ყველა თევზი ქვირითობს“.
ლაშა გურგენიძის აზრით, ძველ დროსთან შედარებით ახლა თევზების მიგრაციის ციკლი დარღვეულია, ენდემური ჯიშებიდანაც ძალიან ცოტაა შემორჩენილი. ადამიანის ჩარევით მიკროფლორა შეიცვალა. თევზი მუდმივად ცდილობს, იმ ადგილს დაუბრუნდეს, სადაც იჩეკება. ეს ტენდენცია აშკარად მცირდება. ჩხერიმელაში მოელავი ანუ ტობი გადაშენების პირასაა და მის ადგილს იკავებს თევზი ვიმბა, რომელიც ტობის მსგავსად, საკვებად ხავსს იყენებს.
ლაშა გურგენიძე მიიჩნევს, რომ „მდინარე ჩხერიმელაში იქთიოფაუნა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თევზზე უარყოფითად იმოქმედებს მშენებლობები, მდინარის კალაპოტის დარღვევა, გრუნტის ამოღება, მდინარის გადაგდება, ქიმიური ნაერთების ჩადინება.
თევზი რამდენიმე კილომეტრის მანძილიდან გრძნობს ქიმიურ სუნს და მდინარეში ქვირითის დასაყრელად აღარ შემოვა, უფრო სუფთა მდინარეში წავა. ასე კი ლიფსიტა არ გაჩნდება და ჩხერიმელა დაცარიელდება.
მდინარეში ავტომანქანა რომ გავრეცხოთ, დაგავაჯარიმებენ და სწორიც იქნება. თუმცა მშენებლობა რომ მიმდინარეობს და ჩხერიმელაში მძიმეტონიანი მანქანები მოძრაობენ, ესეც კანონდარღვევაა“.
იქთიოფაუნაზე მდინარის დანაგვიანების უარყოფითი გავლენის შესახებ მოსაზრებას იზიარებს ბორის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, გარემოს დაცვის სპეციალისტი ქეთევან პავლაძე. მან 2006 წელს მდინარე ჩხერიმელას წყალშემკრები აუზის წყლის სინჯების ანალიზი ჩაატარა. სინჯები სოფელ ვახანში, დაბა ხარაგაულსა და მდინარე ძირულას შესართავთან აიღეს. ქეთევან პავლაძის თქმით, მაშინდელი მონაცემებით, მდინარე ქიმიურად დაბინძურებული არ იყო, მხოლოდ დაბა ხარაგაულსა და ძირულაში შეინიშნებოდა ნავთობპროდუქტების ზღვრულ კონცენტრაციაზე მცირედით მაღალი მაჩვენებელი.
– ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჩხერიმელას კალაპოტი სარკინიგზო მაგისტრალს მიუყვება, – ამბობს ქეთევან პავლაძე, – თან, 2004 წელს რკინიგზაზე ავარიის შედეგად მდინარეში ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა. ამ დროს ნავთობი წყალს ზემოდან ეკვრის და წყალში ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. ეს მდინარის ბინადართ დიდ პრობლემას უქმნის.
მდინარეში არც საკანალიზაციო წყლები და სოფლის მეურნეობის ნარჩენებიც უნდა ხვდებოდეს. ეს წყლის ყვავილობას იწვევს და იქთიოფაუნაზე უარყოფითად მოქმედებს“.
მდინარე ჩხერიმელაში იქთიოფაუნის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად უკანონო თევზჭერის მაქსიმალურად აღკვეთას მიიჩნევს ლაშა გურგენიძე. მისი ინფორმაციით, ბრაკონიერები იყენებენ ე.წ. „აბლაბუდა ბადეს“, ელექტროშოკს, რაც წყლის ბინადრებისთვის მძიმე შედეგს იწვევს. ბრაკონიერები მდინარეს ელექტროშოკით მიუყვებიან და კონკრეტული გეგმით მოძრაობენ: მანქანა მოჰყვებათ, რომელიც საჭირო შემთხვევაში ინფორმაციას გადასცემს და ადგილიდან მიმალვას ახერხებენ.
„სამი წლის წინ გარემოს დამცველებს შევხვდით , – ამბობს ლაშა გურგენიძე, – ჩვენ თავად გვინდოდა მდინარეზე პატრულირების დაწესება და ვიდეოთვალის დამონტაჟება, მაგრამ ამის უფლება ვერ მოვიპოვეთ.
აგრარულ ბაზარში, ე.წ. „ნედლი“ თევზის გაყიდვა უნდა აიკრძალოს და ამისთვის ხმა ბევრმა ადამიანმა უნდა აიმაღლოს. რომელ ტოტზეც ვსხედვართ თავად იმას ვჭრით, თითოეული ჩვენგანი ვართ ამაში დამნაშავე, რამდენი ხანია ვცდილობთ, რომ აიკრძალოს ნედლი თევზის გაყიდვა, მაგრამ არავინ ყურად არ იღებს. მოვუაროთ იმას რაც გვაქვს. შეიძლება ვიღაცისთვის მდინარის ამყაყებულ წყლად გადაქცევა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რადგან ამით ხელი მოითბოს. მინდა, რომ ჩემი შვილების თაობამ ნამდვილი თევზაობა ისწავლოს და სწორი ღირებულებებით აღიზარდოს“.
2017 წელს ეკოლოგმა ბაქარ ბარბაქაძემ, მეგობარ კოტე ბერაძესთან ერთად, 160 კმ ფეხით გაიარა და 43 საკალმახე მდინარეში თევზების სახეობების მდგომარეობა გამოიკვლია. ბაქარ ბარბაქაძე ამბობს, რომ ყველა მდინარეში მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა. უკანონო თევზჭერები, ძირითადად, ელექტროშოკით ხორციელდებოდა. შედარებით უკეთესი ვითარება იყო მდინარე ბჟინევურაზე, ლეღვნურასა და ჯონჯოურაზე. თუმცა, ახლა ეს მონაცემი უკვე შეცვლილია. შარშან მდინარე ლეღვნურაზე მომხდარმა სტიქიამ და ჩხერიმელას ღვარცოფულმა მოვარდნამ თევზების დიდი რაოდენობა გაანადგურა.
„ელექტროშოკი თევზს განაყოფიერების უნარს უკარგავს, საკვები ბაზა მთლიანად ნადგურდება და მდინარის მიკროსამყარო სტერილიზებული ხდება, – განმარტავს ბაქარ ბარბაქაძე, – გარემოს დაცვის ეკიპაჟები პატრულირებენ და წინა წლებთან შედარებით ელექტროშოკის მოხმარების შემთხვევები შემცირებულია. ხალხის ეკოცნობიერებაც გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამაც საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს.
ნაკადულის კალმახი გადაშენების პირასაა. ამიტომ კარგი იქნება, თუ მთის მდინარეებში კალმახის მოპოვების შემთხვევები აღარ გვექნება. ჩვენს მდინარეებს ნამდვილად აქვთ ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ სპორტული თევზაობის კუთხით პოპულარული გახდეს“.
უკანონო თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსს ბატონ ივანე შენგელიას მივმართეთ. თუმცა ამ კითხვებით მან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაგვამისამართა.
დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია თევზჭერის წესების დარღვევის 8 ფაქტი, მათ შორის 7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ხოლო 1 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი.
2018 წელს დასავლეთ რეგიონში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 53 ფაქტი, ამათგან 1 ფაქტი ხარაგაულში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი.
2017 წელს დასავლეთ რეგიონში სულ გამოვლენილია 47 ფაქტი, ამათგან ხარაგაულს 2 ადმინისტრაციული და 1 სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტი უკავშირდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის მაია ჩხობაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის დეპარტამენტის რვა ტერიტორიული ორგანოს ეკიპაჟები მუდმივად პატრულირებენ. პატრულირების მეთოდები პრევენციული ხასიათისაა. ფაქტის აღმოჩენის შემდეგ გარემოზე მიყენებული ზიანი დგინდება და სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც განისაზღვრება.
კონტროლის გაძლიერებისა და დეპარტამენტის მცდელობის მიუხედავად, თევზის უკანონოდ მოპოვების ფაქტები და ბრაკონიერთა საქმიანობა მაინც გრძელდება. დეპარტამენტს მონიშნული აქვს „ცხელი“ წერტილები, რაც სეზონების მიხედვით იცვლება და ძალიან ბევრია. შესაბამისად, საპატრულო ჯგუფის დატვირთვაც საკმაოდ მაღალია. ამ ფონზე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 153.
მაია ჩხობაძე ამბობს, რომ ადგილობრივების დახმარების გარეშე დეპარტამენტი სრულყოფილად მუშაობას ვერ უზრუნველყოფს. მით უფრო, რომ დეპარტამენტის წარმომადგენლებს საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე უწევთ გადაადგილება და დატვირთვაც ძალიან მაღალია. რაც შეეხება ხარაგაულის ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის შემთხვევებს, პოზიტიურია ის, რომ ხარაგაული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია და ორმაგი დაცვის რეჟიმში იმყოფება.
აგრარულ ბაზრებში „ნედლი“ თევზის რეალიზაციის თემაზე საუბრისას, მაია ჩხობაძე განმარტავს, რომ განხილვის პროცესშია პროექტი „აკვაკულტურის“ შესახებ, რაც ამ კუთხით ბევრ საკითხს დაარეგულირებს; მათ შორის, ხელოვნურ პირობებში გამრავლებული თევზის რეალიზაციასა და მისი წარმომავლობის დადგენას.
რეალიზაციის აკრძალვაზე საუბარი იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ყოველ ბაზარში, ყოველი ჩაბარებული თევზის წარმომავლობა დადგინდება. დღეის მდგომარეობით, სანამ ყოველი ჩაბარებული თევზის კანონიერად მოპოვება არ დადასტურდება, მანამდე რეალიზაციის აკრძალვაზე საუბარი ნაადრევია. მართალია, სახელმწფოში არსებობენ ლიცენზირებული თევზის მომპოვებლები, მაგრამ „აკვაკულტურის“ პროექტი იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მთლიანი შიდა ბაზარი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე თევზით გაჯერდეს.
ქვეყანაში გვაქვს 26 000 მდინარე, 850 ტბა და 12 წყალსაცავი და ასეთი წყლის რესურსით ქვეყნის შიდა ბაზარი გაჯერებული უნდა იყოს აკვაკულტურის შედეგად მოპოვებული თევზით. დეპარტამენტში ფუნქციონირებს ველური ბუნების მართვის სააგენტო, რომელიც თევზის აღწარმოებას ეწევა, მაგალითად, კალმახების გაშვება მთის მდინარეში თევზის აღწარმოების მიზნით. თევზის აღწარმოების საკითხს უყენებს სამინისტრო ჰესის მშენებლებსაც.
სამინისტროს პოლიტიკა არის ის, რომ ერთი მხრივ მოახერხოს თევზის აღწარმოება და მეორეს მხრივ, დაიცვას თევზის ენდემური სახეობები.
გარემოს დაცვის დეპარტამენტი, საკანონმდებლო საკითხების გარდა, საგანმანათლებლო კუთხითაც მუშაობს. ფუნქციონირებს ინფორმაციებისა და განათლების ცენტრი, რომლის მთავარი ფუნქცია მოსახლეობასთან სწორი მესიჯების მიტანაა. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა. ფუნქციონირებს დეპარტამენტის ცხელი ხაზი და საიტი, რომელზეც ზუსტად არის მითითებული, რისი საშუალებით, სად და როდის არის თევზჭერა დაშვებული.
დეპარტამენტის ინიცირებით, სანქციები იზრდება და ბრაკონიერობის ფაქტებზე არაერთი საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდება, მაგრამ თუნდაც ერთი ფაქტის არსებობაც კი მიუთითებს, რომ პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს.
თამარ ჩხიკვაძე
სტატიას თან ახლავს ხარაგაულში 2015 წელს გამართული ღონისძიების „იღბლიანი ანკესი“ ამსახველი ფოტოები.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი