ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში ჩართული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა გაერთიანდა და საერთო ტური მოაწყო დევის ხვრელში. ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლისა და ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთად ილაშქრეს.

დევის ხვრელი ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარია, რომელიც მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირას მდებარეობს, ხანდების კლდეში, სოფელ ლაშესთნ, ზღვის დონიდან 340 მეტრზე.

მოსწავლეებს გიდობას ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის სამსახურის თანამშრომლები: სალომე თბუკაშვილი, მარიამ კიკალიშვილი, გოგა კიკნაძე და მირიან ყრუაშვილი უწევდნენ, რომლებიც მოსწავლეებს უსაფრთხო გადაადგილებაშიც ეხმარებოდნენ.

ლაშქრობის განმავლობაში მოლაშქრეები გაესაუბრენ სოფლის მოსახლეს, რომელმაც მათ  გამოქვაბულთან დაკავშირებით თქმულებები უამბო.

დანიშნულების ადგილზე მისვლისა და შესვენების შემდეგ მოსწავლეებმა დევისხვრელი დათვალიერეს, შემდეგ კი ხელთათმანები მოირგეს და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ნაგავი უკან დაბრუნებისასაც შეაგროვეს, რამდენიმე ტომარა გაავსეს და ხარაგაულში, ნაგვის ურნაში განათავსეს.

აღსანიშნავია, რომ მოლაშქრეებს პოლიეთინელის პარკები და პლასტმასის ბოთლები არ გამოუყენებიათ. წყალი თერმოსებში, საკვები კი, მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერებში ჰქონდათ განთავსებული. ამ მარტივი ჟესტით მოსწავლეებმა პოლიეთილენზე უარის თქმისკენ მოგვიწოდეს.

ლაშქრობა სამივე სკოლისათვის იმდენად საინტერესო, მხიარული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და პროდუქტიულია თანამშრომლობა და ერთიანი ძალებით განხორციელებული შემეცნებითი, თუ გარემოსდაცვითი აქტივობები.

კესო ჩხიკვაძე

ხარაგაულის გიმნაზიის ეკოკლუბ „ხერგილის“ წევრი