აფხაზეთის ომში დაღუპული ხარაგაულელი გმირი, გიორგი (გია) ლურსმანაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის 29 ნოემბრის განკარგულებით, ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
ორდენი დღეს, 8 დეკემბერს, გია ლურსმანაშვილის თანამებრძოლებმა მის ძმას, ზალიკო ლურსმანაშვილს გადასცეს. შეხვედრას გიას მეგობრები და თანაკლასელები ესწრებოდნენ.
მაშინდელი პირველი საარმიო კორპუსის პირველი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსმა დიმიტრი ლაბაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მათი დივიზიიდან გიასთან ერთად იმ საბედისწერო დღეს, 1993 წლის პირველ ივნისს, 22 მებრძოლიდან 11 დაიღუპა.
„მათი გმირობა სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის, – აღნიშნა დიმიტრი ლაბაძემ, – რაც დრო გადის, სამშობლოსთვის თავგანწირვა მეტად ფასდება. ამაყები ვართ, რომ ჩვენი დივიზიის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლის, გიორგი ლურსმანაშვილის ოჯახს ჯილდოს გადავცემთ.“
გია ლურსმანაშვილის თანამებრძოლებმმა იაგო მელაშვილმა და ბიძინა ზათიაშვილმა ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილთ გიას მამაცობის შესახებ გვიამბეს.
„ჩვენი დივიზია, ძირითადად, ფიზიკოსებით იყო დაკომპლექტებული, – აღნიშნა იაგო მელაშვილმა, – გვერდიგვერდ იბრძოდნენ ლექტორი და მისი სტუდენტი. „ელიტარული შენაერთის“ მებრძოლებს გვეძახდნენ. ომში ჩვენი დივიზიის ნახევარი განადგურდა. აფხაზებიც კი გაოცებული იყვნენ ჩვენი ბიჭების საბრძოლო სულისკვეთებითა და მამაცობით.
…გია ყუმბარმტყორცნი იყო და ძალიან ზუსტი მიზანი ჰქონდა. ყველას გვაოცებდა. ჩვენ „ციტრუსას“ ვეძახდით, რადგან ერთხელ იმდენი მანდარინი ჭამა, სიყვითლე დაემართა. …სასიკვდილო ტყვია რომ მოხვდა, სიმღერა წამოიწყო…
გია ლურსმანაშვილი იმსხურებს, რომ ხარაგაულში ერთ-ერთ ქუჩას ან სკოლას მისი სახელი დაერქვას. მომავალ თაობებში აქ დაბადებული და გაზრდილი გმირის სახელი უნდა უკვდავყოთ.“
გია ლურსმანაშვილის თანამებრძოლებს მადლობა გადაუხადეს გიას თანაკლასელებმა და მეგობრებმა მამუკა ჭიპაშვილმა, გია ბარბაქაძემ და დავით კიკნაძემ.
მამუკა ჭიპაშვილმა სტუმრებს თავისი წიგნი გადასცა. წიგნში შესულია მოთხრობა „გმირები“, რომელშიც გია ლურსმანაშვილის საბრძოლო ეპიზოდები და გმირული აღსასრულია აღწერილი.
„გია ლურსმანაშვილი დღეს ცოცხალია და ჩვენ გვერდითაა. გავა წლები, საუკუნეები და მისი სახელი ხარაგაულს არასოდეს დაავიწყდება, – აღნიშნა შეხვედრაზე გია ბარბაქაძემ, – მოვა დრო, გიას დაღვრილი სისხლი ჩვენ აუცილებლად ჩაგვიყვანს სოხუმში, დროებით დაკარგულ ჩვენ აფხაზ ძმებთან.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი