„ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე), ევროკავშირის მხარდაჭერით, ზემო იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში – ჭიათურა, ზესტაფონი, ხარაგაული – ახორციელებს პროექტს „ანტრე, ბატონო, ევროკავშირში!“
პროექტის მიზანია, საინფორმაციო შეხვედრებითა და გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ჩანართით „რატომ ევროკავშირი“ ხელი შევუწყოთ ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
ამ პროექტის ფარგლებში, ოქტომბერსა და ნოემბერში, ხარაგაულში სურსათის უვნებლობის თემაზე, ჭიათურაში – ვაჭრობასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო ზესტაფონში გარემოს დაცვის თემაზე ვიმსჯელეთ.
ზესტაფონში შეხვედრა 21 ნოემბერს შედგა. ამ შეხვედრაზე ა/ო „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს მიერ გარემოს დაცვის კუთხით განსახორციელებელი ვალდებულებები გააცნო.
საზოგადოებამ ხელისუფლებაზე მუდმივი კონტროლი უნდა განახორციელოს
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მუხლების აღსრულებაზე მონიტორინგის გასაძლიერებლად ქართულ-ევროპული პლატფორმა შეიქმნა, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ შეხვედრაზე, – პლატფორმა არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს.
ეს ფორმატი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება განხილვებსა და აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში ჩაერთვება.
კონკრეტული მუხლების ვადებში შესრულებაზე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებაზე მუდმივი კონტროლი უნდა განახორციელონ. ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომ ევროდირექტივები ჩვენს კანონმდებლობასთან თანხვედრილი და ჰარმონიზებული იყოს.
ევროკავშირის სახით ჩვენ გვყავს მეგობარი, რომელიც კანონმდებლობის მაქსიმალურად დახვეწაში გვეხმარება.
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულება 2017 წლიდან დაიწყო.
ხელშეკრულება გვავალდებულებს ბუნებრივი რესურსების ისე გამოყენებას, რომ ეკოსისტემა და გარემო არ დავაზიანოთ. ეს, პირველ რიგში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისა და სტრატეგიულ გარემოზე ზემოქმედების დირექტივის დანერგვას ეხება.“
2024 წლისთვის ყველა მოსახლეს სუფთა წყალი უნდა მიეწოდებოდეს
წყლის რესურსების დაცვა ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. 2024 წლისთვის საქართველოს ყველა მოქალაქეს სუფთა წყალი უნდა მიეწოდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალმომარაგების სისტემა ყველა სოფელში უნდა არსებობდეს.
2020 წლისთვის პარლამენტმა წყლის შესახებ კანონი უნდა მიიღოს. კანონპროექტი, რომელიც უკვე მზადაა, სააუზე სისტემისა და სააუზე მართვის საბჭოების შექმნას ითვალისწინებს. პრიმიტიული წყალმომარაგების სისტემა აღარ იარსებებს და ის ცენტრალიზებული გახდება.
მომხმარებელს სუფთა წყალი მილსადენით უნდა მიეწოდებოდეს. სადაც მილსადენი ვერ მოეწყობა, იქ ჭები გაკონტროლდება.
„წყლის რამდენიმე სახის მომხმარებელი გვყავს, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – მოსახლეობა, რომელიც წყალს სასმელად იყენებს; მოსახლეობა, რომელიც წყალს სარწყავად იყენებს და საწარმოები.
წყალდიდობების მართვის დირექტივა კანონით უნდა გაიწეროს. მაგალითად, იმერეთისთვის წყალდიდობები უცხო არ არის. მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ შეტყობინების სისტემა უნდა მოქმედებდეს.
კანონით დარეგულირდება საბანაო სისტემის მოწყობა. ყველა საბანაო წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო უნდა იყოს.
ორი ახალი წესი დამკვიდრდება – გადასახადს ნებისმიერი მომხმარებელი და ნებისმიერი დამაბინძურებელი გადაიხდის. განსაკუთრებით პრობლემური სანიტარული სისტემის აღდგენა და კონტროლი იქნება.
მთელ მსოფლიოში სანიტარული სამსახურები ძლიერდება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, 2007 წელს გავაუქმეთ. ამის აღდგენა ძალიან რთულია, მაგრამ ასოცირების შეთანხმება სანიტარული კონტროლის გაძლიერებას როგორც სასმელ, ისე საბანაო წყალზე გვთხოვს.“
ზესტაფონის საკრებულოს წევრმა რობერტ მახათაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მთაგორიან სოფლებსა და მეჩხერულ დასახლებებში წყალმომარაგების სისტემის გამართვა ძალიან რთული იქნება.
„რთულია, მაგრამ უცილებლად შესასრულებელი, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – 2003 წელს ჩეხეთი ასოცირების შეთანხმების მუხლების შესრულებას იწყებდა. მათ ძალიან ბევრი ფული დახარჯეს იმისთვის, რომ სუფთა წყალი ყველა სოფლისთვის მიეწოდებინათ.
პირველ რიგში, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ სუფთა წყალი მივიღოთ. თუ ამ საკითხებზე მუშაობა ახლავე არ დავიწყეთ, შედეგამდე ვერასდროს მივალთ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირისთვის.“
რატომ უნდა მოვაშოროთ „ჩეჩმები“ საფუტკრეებს
-გარემოს დაცვის კუთხით შესასრულებელი მუხლები რთულია იმიტომ, რომ სავაჭრო ხელშეკრულებასთან, ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასთანაა კავშირში, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – მაგალითად, სავაჭრო ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გაყიდვა შეგვიძლია.
ვერ ვყიდით, რადგან პირველმა გაგზავნილმა ნიმუშმა აჩვენა, რომ თაფლში დიდი რაოდენობით აზოტნარევებია. მოგვწერეს, რომ „ჩეჩმები“ საფუტკრეებს მოვაშოროთ ან სკები მთაში გავიყვანოთ. ფუტკარი მარილიან წყალს ეძებს და ტუალეტში პოულობს. შემოიტანა სიბინძურე სკაში, დაილექა და თაფლი აღარ ვარგა.
ჰაერის დაბინძურების კუთხით ზესტაფონში მძიმე მდგომარეობაა
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჰაერის ხარისხის კონტროლს გვავალდებულებს. ეს საკითხი ზესტაფონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ზოგიერთი დირექტივა 7-9 წლის შემდეგ უნდა შესრულდეს. საწარმოებმა ფილტრების სისტემა უნდა დაამონტაჟონ, წარმოებაში ახალი ტექნოლოგიები უნდა დანერგონ, რაც მათ ეკონომიკურ დანახარჯებს გაზრდის.
პირველად რომ კოსმოსიდან საქართველოში ქალაქების დაბინძურება შემოწმდა, ზესტაფონში ძალიან მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა. ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში წარმოების იმდენად ძველი სისტემაა, რომ ფილტრის დაყენება შეუძლებელია.
ევროკავშირი მზად არის, რომ ტექნოლოგიების განახლებაში დაგვეხმაროს, მხოლოდ ეს მეწარმეებმა უნდა დაასაბუთონ და გადაიარაღებისკენ ორიენტირებული იყვნენ. კანონით უნდა განვსაზღვროთ გაფრქვევის ლიმიტი, რომელიც 2006-2007 წლებში ეკონომიკური ზრდის მოტივით გავაუქმეთ. შედეგად არანაირი ეკონომიკური ზრდა არ გვქონია, მაგრამ გარემოს დაცვის კუთხით სიტუაცია გაგვიუარესდა.
საქართველოში ჰაერის დაბინძურებაში ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტიდანაა. ეს პრობლემა ეტაპობრივად დაიძლევა, რადგან თანდათან ელექტრომობილებზე გადავდივართ და საწვავის ხარისხზე კონტროლს ვამკაცრებთ.
ხარაგაულის მოსახლეობა ნარჩენებს, რამდენიმე წელია, ახარისხებს
2019 წლიდან საქართველოში ნარჩენების სეპარაცია იწყება. ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ნარჩენებისთვის ცალ-ცალკე ურნები უნდა განთავსდეს. მუნიციპალიტეტები ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით თანხასა და ნარჩენების შემკრებ მანქანებს მიიღებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ეს პროცესი უკვე დაწყებულია. პლასტმასი და ცელოფანი ცალ-ცალკე გროვდება. ხარაგაულის მოსახლეობა ნარჩენების სეპარაციას უკვე შეჩვეულია.
2020 წლიდან ნარჩენების მართვის კუთხით მეწარმეების პასუხისმგებლობა იზრდება. „კოკა-კოლამ,“ „ბორჯომმა“ და სხვებმა, თავისი პლასტიკი თავად უნდა შეაგროვონ. ინდუსტრიული დაბინძურების შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია.
უფრო რთულია ქიმიური ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა. საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობაში პესტიციდებს, ჰერბიციდებსა და შხამ-ქიმიკატებს აქტიურად ვიყენებთ.
სისტემა, რომელსაც გვთხოვს ევროკავშირი, დიდ მოსამზადებელ სამუშაოებს მოითხოვს. ორი მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ – სამთო ნარჩენებისა და აგროქიმიური ნარჩენების რეგულირების კუთხით.
აგროქიმიური ნარჩენები ცალკე უნდა შეგროვდეს და პარალელურად მათი რეესტრი უნდა შევქმნათ. ეს არის დაცვის მექანიზმი როგორც ევროპისთვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული პროდუქტები არ მივიღოთ.
საქართველოს მთავრობამ ბიომრავალფეროვნების კუთხით ახალი გეგმა უნდა შეიმუშაოს. იქ დეტალურად გაიწერება ვადები. მუნიციპალიტეტების განვითარების შემდგომი გეგმები ევროკავშირის მოთხოვნებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დაგეგმვა არ გვიყვარს. თუ სწორად დაგეგმავ, შეასრულებ კიდეც. ევროპაში უმნიშვნელოვანესია დაგეგმვა.
მთავარია, ადამიანური და ფინანსური რესურსები გამოიძებნოს. ქვეყანაში აგრონომები, ვეტერინარები, ქიმიკოსები, ბიოლოგები აღარ გვყავს. გარემოს დაცვა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოითხოვს.
მოვა თუ არა ზღვა ქუთაისამდე
გარემოს დაცვა კლიმატის შენარჩუნებას განაპირობებს. ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს, რომ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის პროგრამები შევიმუშაოთ.
ბოლო წლებია, ზაფხულში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა. ისეთი მიწებია მოსარწყავი, რომელთაც ადრე მორწყვა არ სჭირდებოდა. აუცილებლად უნდა დაინერგოს წვეთოვანი მორწყვის სისტემა. სხვანაირად წყლის რესურსი არ გვეყოფა.
კლიმატის ადაპტაციის პროგრამაში უნდა გაიწეროს, კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის რომელი სახეობა ამოვიღოთ და რომელი დავნერგოთ.
ტემპერატურა დედამიწაზე მაინც შეიცვლება. თუ მოიმატა სამი გრადუსით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კოლხეთი აღარ გვექნება და ზღვა ქუთაისამდე მოვა. ეს არ უნდა დავუშვათ.
ველოსიპედი დიდი ხანია გამოგონებულია
„გამოსავლის გზების ძიებაა საჭირო. გარემოს დაცვა მწვანე ნარგავებთან ასოცირდება. მწვანე ნარგავები საიდან მოვიტანოთ, როგორ აღვკვეთოთ მდინარეებში ფეკალური მასების ჩადინება, როგორ გავმართოთ წყალმომარაგების სისტემა,“ – ეს საკითხები აღელვებს ზესტაფონის საკრებულოს წევრს კობა გოჩელეიშვილს.
ის თვლის, რომ გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს საკითხები უფრო აქტიურად უნდა დააყენონ მთავრობის წინაშე.
– წყლის შესახებ კანონპროექტი საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემის მოწყობასაც ითვალისწინებს, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – კანონპროექტის მიხედვით, წყალმომარაგების კომპანიამ სუფთა წყალი უნდა მოგვაწოდოს, მაგრამ ამავე დროს მან გადასახადი წყალაღებისთვის უნდა გადაიხადოს.
ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, რადგან ის დიდი ხანია გამოგონებულია. სისტემის სწორად ორგანიზება გვჭირდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აზიის განვითარების ბანკიდან კრედიტი აიღო და არ იციან, რაში დახარჯონ, არ იციან, სად აქვთ პრობლემა. ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან კომპანიაში წერილი უნდა გაიგზავნოს, სად რა პრობლემების მოგვარება გვჭირდება. ყველა ინიციატივა თვითმმართველობიდან უნდა მომდინარეობდეს.
– გარემოს დაცვა, პირველ რიგში, მოქალაქის ინტერესებში უნდა შედიოდეს. დამბინძურებლის მიმართ ისეთი ოდენობის გადასახადი უნდა დაწესდეს, რომ მან დაბინძურება ვეღარ გაბედოს, – ამბობს ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი თამარ გველესიანი, – გასულ წელს სილამაზის სალონების მონიტორინგი დავიწყეთ. პრობლემაა იქ წარმოქმნილი ნარჩენების გატანა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ზესტაფონში სილამაზის სალონებს არ ემსახურება და ნარჩენები საერთო ურნაში ხვდება.
ზესტაფონი, დასავლეთ საქართველოში, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, გიგანტია წარმოების, სილამაზის სალონების, სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხრიდან მიდგომა შეიცვალოს და ასოცირების ხელშეკრულების მუხლების აღსრულებას მომზადებული შევხვდეთ.
– ექსპერტებისგან მსმენია, რომ შავ ზღვაში გოგირდწყალბადის რაოდენობა მატულობს. ეს აღმაშფოთებელია და წალეკვით ემუქრება მთელ კავკასიას. ჩვენი დიდი სიმდიდრეა მტკნარი წყალი, რომელიც ნავთობზე ძვირია და მასზე მოთხოვნა იზრდება.
აკადემიკოსი პაატა გიორგაძე აცხადებს, რომ საქართველო წყლით მთელ მსოფლიოს მოამარაგებს. თუ ზრუნავს ვინმე ამ საკითხების მოგვარებაზე, – კითხულობს ზესტაფონის საკრებულოს წევრი შალვა ხეცაძე.
„საქართველოში წარმოებული წყლისთვის გასაღების ბაზრის მოძიებაა საჭირო, – განმარტავს ნინო ჩხობაძე, – საქართველოდან უცხოეთში მხოლოდ მინერალური წყალი – „ბორჯომი“ და „ნაბეღლავი“ გადის.
გვქონდა შანსი, რომ ავღანეთისა და ერაყისთვის წყალი მიგვეწოდებინა. ამას სახელმწიფოს მხრიდან ლობირება სჭირდებოდა. დავაგვიანეთ და წყლის ბაზარი სხვა მწარმოებლებმა დაიკავეს.
წყალი უნდა განვიხილოთ, როგორც ღმერთისგან ნაბოძები სიმდიდრე და არა შემოსავლის წყარო. საფრანგეთის მარკეტებში წყალი არ იყიდება, შეგიძლია უფასოდ დალიო. სამწუხაროდ, წყალი, კლიმატის ცლილებასთან ერთად, თანდათან იკლებს.
ზვარეს მინერალური წყალი, ფაქტობრივად, დავკარგეთ, რადგან, სამწუხაროდ, ჭაბურღილებზე რკინიგზა გავიყვანეთ. ახალი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობით ნუნისის სამკურნალო წყალი, შესაძლოა, დავკარგოთ.
რაც შეეხება ზღვაში გოგირდწყალბადის მატებას, ეს ცოცხალი პროცესია და მდინარეების დაბიძურების ზრდასთან ერთად მატულობს. ამიტომ გამწმენდი სისტემების მოწყობა აუცილებელია.
საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა საქართველოში მხოლოდ თბილისში, საჩხერესა და ბათუმში გვაქვს. ეს ძალიან სერიოზული თემაა და ის ნახევარ მილიარდიანი კრედიტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკიდან აიღო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ამ მიმართულებითაც უნდა გამოვიყენოთ. ჯერჯერობით, კომპანიას კონკრეტული პროექტები არ შეუმუშავებია, თუ რაში გამოიყენებს ამ ფულს.
გარემოსდაცვითი ვალდებულები ევროპაში ძალიან მკაცრია. იმიტომ კი არა, რომ მეწარმე კედელთან მიაყენონ, არამედ იმიტომ, რომ გარემოს დაცვა ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს.
ევროპამ აჩვენა, რომ მწვანე ეკონომიკის დანერგვა ყოველმხრივ სასარგებლოა. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ევროპა ჩვენი მოკავშირე ხდება.
უნდა მოვიწადინოთ და ჩვენი თვითშეგნება შევცვალოთ, რომ სუფთა გარემოში ვიცხოვროთ. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა და ხელშეკრულების კონკრეტული მუხლების ლოკალურ ტერიტორიებზე აღსრულების ხელშეწყობა.“
ზესტაფონში შეხვედრაზე მყოფმა მოქალაქეებმა და საჯარო მოხელეებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან გარემოს დაცვაზე ყველა თანაბრადაა პასუხისმგებელი.
ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
განვითარებული კონკურენცია მეტ არჩევანს ნიშნავს – შეხვედრა ჭიათურაში (ვიდეო)
ვახტანგ კობალაძე – საზოგადოება სურსათის უვნებლობას აქტიურად უნდა ითხოვდეს (ვიდეო)
მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ა/ო „ჩემი იმერეთი“ და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი