ა/ო „ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე), ევროკავშირის დაფინანსებით, ხარაგაულში, ზესტაფონსა და ჭიათურაში პროექტს „ანტრე, ბატონო, ევროკავშირში!“ ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
2 ოქტომბერს პროექტის „ანტრე, ბატონო, ევროკავშირში!“ ფარგლებში შეხვედრა ხარაგაულში გაიმართა.
მცირე მეწარმეებს, ფერმერებს, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღის სამედიცინო პერსონალს, მოქალაქეებსა და საჯარო მოხელეებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე სურსათის უვნებლობის საკითხებზე ესაუბრა.
საქართველოში, სურსათის უვნებლობის კუთხით, რამდენად იცავს კანონმდებლობა მეწარმეებისა და მომხმარებლების უფლებებს, რამდენად ეფექტურია სახელმწიფოსგან გატარებული ღონისძიებები, რა მდგომარეობაა სურსათის უვნებლობის კუთხით ევროკავშირში, რა უნდა გააკეთოს ჩვენმა სახელმწიფომ და რა შეუძლიათ მოქალაქეებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, – შეხვედრაზე ეს საკითხები განვიხილეთ.
სახელმწიფოსგან კონტროლის მნიშვნელობა
ევროკავშირში სურსათის უვნებლობის რეგულირება რისკების შეფასებით იწყებ. ეს კვლევებს, ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას ითვალისწინებს.
საქართველოში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასება, 2014 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პასუხისმგებლობაა. 2017-2018 წლებში მხოლოდ ერთი რისკის შეფასება დასრულდა. რაც გაკეთდა, არადამაკმაყოფილებელია.
ეს მონაცემთა სიმწირითაა გამოწვეული. კონკრეტული რეკომენდაციები მეცნიერულ კვლევებს უნდა ემყარებოდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან აღრიცხული მონაცემები სავარაუდოა. მაგალითად, ზუსტად არ ვიცით, კონკრეტულ შემთხვევაში დიარეა სურსათით იყო გამოწვეული თუ არა. ამიტომ არ არის გამოკვეთილი, კონკრეტულად რას და როგორ ვებრძოლოთ.
სახელმწიფოსგან კონტროლის გარეშე სურსათის უვნებლობა წარმოუდგენელია. თუმცა, ამაზე მთავარი პასუხისმგებლობა მაინც მეწარმეს ეკისრება.
საქართველოში, „მინდვრიდან სუფრამდე“
სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპი არის კონტროლი „მინდვრიდან სუფრამდე“ ან „ფერმიდან ჩანგლამდე“. გარემოს, ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.
მავნებლებთან ბრძოლისა და საქონლის მასობრივი ვაქცინაციის მხრივ, გასულ წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჯილეხის შემთხვევები, 2014 წელთან შედარებით, 76%-ით შემცირდა. საქართველოში 2014 წლის შემდეგ ადამიანებში ცოფი არ დაფიქსირებულა. ინსტიტუციურად განვითარდა სურსათის ეროვნული სააგენტო – ყველა მუნიციპალიტეტში წარმომადგენლობა შეიქმნა.
საკანონმდებლო ბაზა გაუმჯობესდა და 80-მდე ახალი ნორმატიული აქტია მიღებული;
გაიზარდა კონტროლის მასშტაბები – 2012 წელს 504 ინსპექტირება განხორციელდა, 2017 წელს – 10 127.
მიღწევების მიუხედავად, სერიოზული პრობლემაა აღრიცხვიანობა. გლეხური მეურნეობები 2020 წლამდე ინსპექტირებისგან გათავისუფლდნენ. ამით ბევრმა მეწარმემ ბოროტად ისარგებლა, – საწარმოს რეგისტრაცია გააუქმა და საქმიანობას, როგორც გლეხური მეურნეობა, ისე აგრძელებს.
ამით ის სახელმწიფოს გადასახადებს უმალავს, სურსათის უვნებლობას თავს არიდებს და კეთილსინდისიერი მწარმოებლებისთვის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს ქმნის.
მეცხოველეობაში ანტიბიოტიკების გამოყენების კუთხით სრული უკონტროლობაა. დღეს ცხოველისთვის ანტიბიოტიკი თავისუფლად იყიდება. არადა, საამისოდ რეცეპტს აუცილებლად ვეტექიმი უნდა წერდეს.
არასაკმარისია, რომ HACCP სისტემის დანერგვა მხოლოდ რძის საწარმოებს, სასაკლაოებსა და თხილის ექსპორტიორებს ევალება. ჩვენს ქვეყანაში არ კონტროლდება ცხოველის საკვების ხარისხი. ეს რეგულაცია 2019 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
საქართველოში გავრცელებულია სიახლეების დანერგვის ვადების გადაწევის პრაქტიკა. თუ კომპანიებსა და მეწარმეებს მუდმივად გადაუვადდებათ რეგულაციები, პრობლემებს ვერ დავძლევთ.
კვალიფიციური კადრების დეფიციტის კუთხით საქართველოში რთული ვითარებაა. ფაქტობრივად, ვეტერინარები აღარ გვყავს. ვეტერინარის პროფესიას ძალიან ცოტა ახალგაზრდა ირჩევს. აგრარულ უნივერსიტეტში ამ ფაკულტეტზე სწავლა ძალიან ძვირია. სახელმწიფო ამ პრობლემის გადაჭრას ხელს არ უწყობს.
ვერ რეგულირდება გარე ვაჭრობა. ამ საკითხზე თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს. სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარებას ისიც ართულებს, რომ ამ ფორმით გასაყიდად გამოტანილ პროდუქციაზე მომხმარებლისგან მოთხოვნა არსებობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ ადგენს, პროდუქტის დაბინძურებას კონკრეტულ შემთხვევაში რა იწვევს. სააგენტო დაბინძურების წყარომდე ვერ აღწევს. ამიტომ პრევენციას ვერ ახერხებს. მხოლოდ საბოლოო შედეგთან ბრძოლა კი არასაკმარისია.
რა სარგებლობა მოაქვს ევროკავშირს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ბევრ სფეროს მოიცავს. პირველ რიგში, ეს თავისუფალ ვაჭრობას გულისხმობს.
საქართველოში წარმოებული ნებისმიერი მცენარეული სურსათი შეიძლება შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი გადასახადებისა და კვოტების გარეშე.
რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, ნებართვა მხოლოდ თაფლსა და შავი ზღვის ქაფშიაზე გვაქვს.
ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საქართველოს მარეგულირებელი სისტემა ევროკავშირისას დაუახლოვდეს. ამ კუთხით ევროკავშირი ფინანსურად გვეხმარება. შემუშავებულია საკანონმდებლო მიახლოების გეგმა, რომელიც 272 ნორმატიული აქტი შებამისობაში 2027 წლამდე უნდა მოიყვანოს.
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი გაიზარდა – 2017 წელ ევროკავშირში140 მლნ. აშშ დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავიდა.
რას შეცვლის მოქალაქეთა აქტიურობა
დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება მეწარმეთა/გლეხთა გათვითცნობიერება ცხოველების აღრიცხვის, აცრებისა და სასაკლაოებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
სოფლად მცხოვრებ მესაქონლეთა 53%-სთვის უცნობია, რომ 2018 წლის იანვრიდან სასაკლაოებზე მხოლოდ საყურე ნიშნით იდენტიფიცირებული საქონელი დაიშვება. მეცხოველეების დიდი ნაწილი ვერ ხედავს პირდაპირ კავშირს პირუტყვის აღრიცხვასა და საქონლისა თუ ადამიანის ჯანმრთელობას შორის.
მოქალაქეები არ აპროტესტებენ უკონტროლო ვაჭრობასა და სურსათის არაჰიგიენურ მდგომარეობაში გაყიდვას. 2016 წელს გამოკითხულთა 43%-მა არ იცოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს არსებობის შესახებ.
ა/ო „ჩემი იმერეთის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ხარაგაულში სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც დღეს, მოქალაქეთა თქმით, მწვავედ დგას ხარაგაულში და მომავალში, შესაძლოა, უფრო გართულდეს. საქმე ეხება ფაროსანას, რომელმაც წელსაც მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა.
საკრებულოს წევრები ვარლამ ჭიპაშვილი, გივი თხელიძე, დავით კიკნაძე, პაატა გოგოლაძე, მცირე მეწარმე მარინე გოგია, მოქალაქე გიორგი მაქაძე მიიჩნევენ, რომ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფოსგან განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია. მათ მიაჩნიათ, რომ პრევენციული ღონისძიებებით ამ პრობლემის მასშტაბების შემცირება შეიძლებოდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლების, ნინო სახვაძისა და ნათია ბერაძის ინფორმაციით, ისინი მოსახლეობას სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას.
ხარაგაულის საკრებულოს წევრები ეკა შველიძე და ინგა მაღრაძე ამბობენ, რომ საზოგადოება მუდმივად ხელისუფლების დახმარების მოლოდინში არ უნდა იყოს. ყველამ უნდა ვიკისროთ პასუხისმგებლობა, ვითანამშრომლოთ შესაბამის ადგილობრივ სამსახურებთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
„პოლიტიკოსების მხრიდან სურსათის უვნებლობაზე ყურადღება არ მახვილდება იმიტომ, რომ ასეთი დაკვეთა საზოგადოებიდან არ მოდის, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, – არც ერთი პარტიის პროგრამაში არ არის სურსათის უვნებლობის საკითხები.
2012 წელს „ქართულ ოცნებას“ პროგრამაში ეწერა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს. მოქალაქეები სურსათის უვნებლობას ნაკლებად ითხოვენ, ამიტომ პოლიტიკოსები არ ზრუნავენ და ამ მხრივ არაფერი იცვლება.
თუ ექიმისა და მასწავლებლისგან კვალიფიკაციას ვითხოვთ, მეწარმესაც ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება უნდა მოვთხოვოთ“.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აქტიურობით სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა და კონტროლის შედეგები გამჭვირვალე, ოპერატიული და საჯარო გახდა. დაწესდა რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი. თბილისის მასშტაბით სურსათის ნიმუშები ლაბორატორიულად მოწმდება.
სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოჩენისთანავე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 1501-ზე და ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდოს. მოქალაქის სახელსა და გვარს, სააგენტოს გარდა, ვერავინ გაიგებს.
სააგენტო ვალდებულია, სიტუაცია ადგილზე გადაამოწმოს. მოქალაქეთა მხრიდან სააგენტოზე მიმართვიანობა ყოველწლიურად იზრდება. მართალია, ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ უნდა ვიაქტიუროთ. აქტიურობის გარეშე პრობლემები არ მოგვარდება.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ნინო ჩხობაძე – გარემოს დაცვაზე ხელისუფლება, საზოგადოება და ბიზნესი თანაბრად პასუხისმგებელია (ვიდეო)
განვითარებული კონკურენცია მეტ არჩევანს ნიშნავს – შეხვედრა ჭიათურაში (ვიდეო)
ზესტაფონში, ნინო ჩხობაძის მონაწილეობით, გარემოს დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ა/ო „ჩემი იმერეთის“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე) პროექტი „ანტრე ბატონო, ევროპაში!“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
ეს პროექტი ხორციელდება „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ქვეგრანტის ფარგლებში არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ. პროექტს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი“ (EESC, ლიტვა). მონაწილე ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი