„მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის“ ფარგლებში დღეს, პირველ ნოემბერს, ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა.

ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“-სა და ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელებმა (რუსუდან გურგენიძე, ინგა მაღრაძე) ხარაგაულის საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევ მიზეზებსა და ამ მიზეზების დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

რატომ და როგორ ხდებიან არასრულწლოვნები დამნაშავეები. დისკუსიის მონაწილეებმა ამის რამდენიმე მიზეზი დაასახელეს. მათ შორის:

ოჯახში ძალადობა;
სკოლაში მასწავლებლების მხრიდან მოსწავლის უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე არასათანადო ყურადღება;
არაჰუმანური საზოგადოებრივი დამოკიდებულებები;
მშობლების მხრიდან შვილებთან არასაკმარისი კომუნიკაცია;
სკოლისგარეშე წრეებსა (სპორტული, მუსიკალური და სხვ.) და პროფესიულ განათლებაზე ხელმიუწვდომლობა.

ვის ბაძავენ უმეტესად მოზარდები – მას, ვინც „კაი ბიჭია“, სიგარეტს ეწევა და შატალოზე დადის, თუ მას, ვინც სწავლობს, ღონისძიებებში ჩართულია, მშობლებსა და მასწავლებლებს უჯერებს; როგორ დავაინტერესოთ „კაი ბიჭი“ სასკოლო აქტივობებით – ამ საკითხებზე ხარაგაულის #3, წიფის, მოლითის, ზვარეს, ხევის, ლეღვანის, მარელისისა და ვერტყვიჭალის სკოლების მოსწავლეებმა ისაუბრეს.

-როგორ გარემოშიც გავიზრდებით, ისე განვვითარდებით, რა მაგალითსაც მოგვცემთ, ჩვენც იმას გავიმეორებთ, – ასეთია მეთერთმეტეკლასელი მონიკა ბუცხრიკიძის აზრი.

-როდესაც თანაკლასელს პრობლემა აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ისევ თანატოლები დაუდგნენ გვერდით, ესაუბრონ და არ გარიყონ, – მიაჩნია მეთერთმეტეკლასელ ანა კვინიკაძეს.

-ჯანსაღი და სიტუაციის გამოსწორებისკენ მიმართული თანამშრომლობა სკოლას, ოჯახსა და საზოგადოებას შორის, – ამ კუთხით აქტიურობას თვლის ძალიან მნიშვნელოვნად წიფის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლედი ლომსაძე.

დისკუსია შედეგიანად მიაჩნია ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელ ინგა მაღრაძეს.

-მოსწავლეებმა სწორედ ის პრობლემები დაასახლეს, რომლებიც არასრულწლოვნებს დამნაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს, – ამბობს ინგა მაღრაძე, – მათ აქვთ საინტერესო ხედვები პრობლემების დასაძლევად, რაც გასაზიარებელია.

პროექტის „მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში გამოცხადდა ფოტო-ვიდეო და ესეების კონკურსი „არასრულწლოვანი და დანაშაული“.