ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ახალი კორპუსი გაიხსნა. სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი ზვიად როსტომაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სკოლის ახალი შენობა ორ საკლასო ოთახს, სამასწავლებლოს, ბიბლიოთეკას, სპორტულ ოთახსა და გარდერობს აერთიანებს. ამჟამად ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კორპუსში 16 მოსწავლე სწავლობს.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ხიდრის სკოლის დაარსების ისტორია გვიამბეს, ღვაწლმოსილი პედაგოგები გაიხსენეს და ისაუბრეს სკოლის დღევანდელობაზე.
„სკოლის ახალ შენობაში ზამთრის ცივი ქარი ვეღარ შემოაღწევს და ვერ გაგვყინავს, სიცივით გათოშილ ხელებს შეშის პატარა ღუმელზე გათბობისას აღარ დავიწვავთ, ღუმელიდან გამოსული კვამლი თვალებს აღარ აგვიწვამს… “- აღნიშნეს ხიდრის სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ღონისძიებაზე და პირობა დადეს, რომ მეტი ყურადღებითა და მონდომებით ისწავლიან.
ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ცისნარი შველიძე, უკვე 42 წელია, ხიდრელ პატარებს ასწავლის. უკვე პენსიონერი მასწავლებელი ამბობს, რომ ახალი სკოლის გახსნით ახალგაზრდული შემართება დაუბრუნდა და მომავალს კვლავ იმედით შეჰყურებს.
„არ მჯეროდა, რომ ამ ადგილას, სადაც სიძველისაგან დაუძლურებულ სკოლას ვუფრთხილდებოდით, ევროპული დონის სკოლა აშენდებოდა. ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემი კოლეგები ასეთ სკოლაში განვაგრძობთ მომავალი თაობის აღზრდას“, – ამბობს ცისნარი შველიძე.
ხიდრის დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს ნანა ხეცაძესა და ხათუნა ბერაძეს უხარიათ, რომ მათი შვილები ახალ, ულამაზეს სკოლაში ისწავლიან.
„მადლობა სკოლის დირექტორს, ეთერი პაპავას, მუხლჩაუხრელი შრომისათვის და უდიდესი მონდომებისათვის, – აღნიშნეს მათ.
„როდესაც კმაყოფილ ბავშვებს ხედავ, ამაზე დიდ ბედნიერება არ არსებობს. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, – ბავშვებისთვის შევქმნათ ჯანსაღი, სუფთა და დაცული გარემო,“ – აღნიშნა ზვიად როსტომაშვილმა.
„2017 წლის 7 სექტემბერს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მაშინდელი უფროსი დავით კიკნაძე და განათლების სამინისტროს წარმომადგენელი სკოლის ძველი შენობის სანახავად ამოვიდნენ. მათ ვთხოვე, რომ შენობისთვის ფანჯრების გამოცვლაში დამხმარებოდნენ. ისინი კი აქ სკოლის აშენებას დამპირდნენ. ხიდრელებისათვის ეს უდიდესი საჩუქარია. ბედნიერი ვარ, რომ ახალი სკოლა ჩემი დირექტორობის პერიოდში აშენდა,“ – აღნიშნა ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორმა ეთერი პაპავამ.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლის მსგავსი ტიპის ექვსი შენობა აშენდა. თითოეული სკოლის მშენებლობისათვის, დაახლოებით, 443 600 ლარი დაიხარჯა. სკოლების მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი