
ხარაგაულის გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა ნინო ჭიპაშვილმა, ანა ჩხეიძემ, თამარ სხილაძემ და არჩილ მაისურაძემ წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ასპროცენტიანი გრანტებით სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხენ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 80-ზე მეტი ხარაგაულელი ახალგაზრდა გახდა. სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებულ სპეციალობებზე 28 მათგანი ჩაირიცხა.
სკოლის დირექტორებისგან მოპოვებული ინფორმაციით, 70%-იანი გრანტი მოიპოვეს ზურაბ აბაშიძემ (ხარაგაულის გიმნაზია), ნინო მაღრაძემ (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა), ანა კვინიკაძემ (წიფის საჯარო სკოლა). 50% გრანტი მოიპოვეს: იური აბულაძემ (ბორის საჯარო სკოლა), მარი მაღლაფერიძემ (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა), ქეთევან ცხადაძემ (მოლითის საჯარო სკოლა), მარიამ გრიგალაშვილმა (ხევის საჯარო სკოლა), მარიამ ბერაძემ (ხიდრის საჯარო სკოლა), თამარ კიკნაძემ და სალომე ვეფხვაძემ (ხარაგაულის გიმნაზია).
არჩილ მაისურაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. არჩილი მოხარულია, რომ კონკურენციას გაუძლო და ამ ფაკულტეტზე არსებული 60 ადგილიდან ერთ-ერთი მან დაიკავა. ის სასურველ ფაკულტეტზე, სხვა საინტერესო საგნებთან ერთად, ისტორიასა და პოლიტოლოგიას ისწავლის, რაც ძალიან აინტერესებს.
„სტუდენტობა ჩემთვის ახალი, საინტერესო გამოწვევაა. განსხვავებულ გარემოში მომიწევს თავის დამკვიდრებაა. დღემდე ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჩემთვის ნაცნობ, სკოლის გარემოს, ვუბრუნდებოდი,“ – ამბობს არჩილი.
100%-იანი გრანტით შეუდგება სწავლას ანა ჩხეიძე თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე.
ანას შედეგები პირველად მშობლებმა გაიგეს და გახარებულებმა ამცნეს სოფელში მყოფ ანას.
„სტუდენტობა ჩემთვის რაღაც ახლის დასაწყისს ნიშნავს, ახალი ურთიერთობები, ახალი გამოწვევები. მინდა, რომ ცხოვრებაში მიზანი მქონდეს და ამ მიზნისათვის გავაგრძელო მუშაობა,“ – ამბობს ანა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი და 100%-იანი გრანტის მფლობელია ნინო ჭიპაშვილი. ნინომ იცის, რომ კარგი პროფესია აირჩია. თუმცა ასევე აპირებს ხელოვნებათმცოდნეობის შესწავლას. ნინო უნივერსიტეტში საფუძვლიანად სწავლას, ბევრი ახალი მეგობრის შეძენასა და სტუდენტობის საინტერესოდ გატარებას აპირებს. „პირველ კურსზე სწავლის დროს არჩეული სპეციალობა რამდენად მომეწონება, ამაზე იქნება დამოკიდებული, მოვემზადები თუ არა იმისათვის, რომ სწავლა სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელო,“ – ამბობს ნინო ჭიპაშვილი.
100%-იანი გრანტით სწავლის უფლება მოიპოვა თამარ სხილაძემ აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე. „სტუდენტობა ჩემთვის დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს და ვფიქრობ, საინტერესო ოთხი წელი მელოდება,“ – ამბობს თამარი.
„სტუდენტობა ჩემთვის ნიშნავს, მოელოდე რაღაც ახალს, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება,“ – ამბობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი ზურაბ აბაშიძე. მან 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა.
ზურაბი თვლის, რომ სოციალური მეცნიერებები შედარებით ახალი დარგია და ამ პროფესიის ადამიანს დასაქმება არ გაუჭირდება, ამიტომ მიღწეული შედეგით კმაყოფილია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა ნინო მაღრაძე 70%-იანი გრანტით. ნინო მიღწეული შედეგით ძალინ კმაყოფილია.
„ჯერ კიდევ განცდებში ვარ. ამიტომ სრულად ვერ ვაცნობიერებ, რას ნიშნავს იყო სტუდენტი. თუმცა ვიცი, რომ წინ ძალიან საინტერსო და კარგი წლები მელოდება,“ – ამბობს ნინო მაღრაძე.
გიორგი აბაშიძე სამი წლის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. გარკვეული მიზეზების გამო სწავლას თავი დაანება. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და ისევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვდა, – ამჯერად ხელოვნებისა და მეცნიერებების ფაკულტეტზე. გიორგი ამბობს, რომ შეეცდება, კარგი სპეციალისტი გამოვიდეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის, ინფორმაციით, მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, ჩარიცხვების შესახებ მონაცემები თითქმის არ შეცვლილა. თუკი შარშან 28 000 სტუდენტი ჩაირიცხა, წელს ეს მაჩვენებელი 27 782-ია.
თამთა გოგოლაძე
„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში
საყოველთაო ინტერნეტიზაცია საქართველოში 2015 წელს დაიწყო.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ონლაინ ტრენინგი ჩაატარა
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის