
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
გერმანიაში დამკვიდრება – ენის შესწავლა და სამსახურის შოვნა ადვილი არ იყო. ეს მიხეილმა და ნესტანმა გერმანელი მეგობრებისა და იქ მცხოვრები ქართველების მხარდაჭერით შეძლეს.
ნესტანი ევროკავშირის წამყვან ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებას გვიზიარებს. როგორია გერმანიაში განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემები, როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები, – ამ საკითხებზე ნესტან ტალახაძეს ვესაუბრეთ.
გერმანიაში ჩასვლისას ნესტანისა და მიხეილის უფროსი შვილი გიორგი 8 წლის იყო, მეორე ვაჟი – ალექსი – 2 წლის. ემიგრაციაში შეეძინათ მათე. თავშესაფრის მისაღებად მიგრაციის სამსახურში გამოკითხვა წარმატებით დაძლიეს და ქალაქ ქემნიცში ცხოვრება დაიწყეს. შემდეგ ქალაქ მარიემბერგში გადავიდნენ. ერთი წელია, საცხოვრებლად ისევ ქემნიცში დაბრუნდნენ.
„გერმანიაში ჩასვლისთანავე ბავშვებზე ზრუნვა დაიწყეს, – ამბობს ნესტანი, – მაშინვე დაგეგმეს ექიმთან ვიზიტები და აცრები. ძალიან გაგვიმართლა და სამ თვეში გერმანიაში ცხოვრებაზე თანხმობა მივიღეთ. თავშესაფარში ყველაფერი უფასოდ გვეძლეოდა და ყველა ემიგრანტზე თანაბრად ზრუნავდნენ.
ამ წლების განმავლობაში ჩვენთვის არავის მოუთხოვია ეროვნების, რელიგიის, ტრადიციების, იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის დათმობა. გერმანელები მუდმივად გვიჭერენ მხარს, რომ განვვითარდეთ, ვისწავლოთ და მეტს მივაღწიოთ“, – ამბობს ნესტან ტალახაძე.
სამი თვის განმავლობაში ნესტანი ყველაზე მეტად იმას განიცდიდა, რომ გიორგის სკოლა უცდებოდა. უნდოდა, სწავლა, რაც შეიძლება მალე გაეგრძელებინა. ამ თხოვნით მან სოცმუშაკს მიმართა. მეორე დღეს უკვე გიორგი სკოლაში წაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ სკოლის დირექტორი საქართველოში ნამყოფი იყო და ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრი რამ იცოდა.
„გერმანიაში ჩასვლისას მიშამ ტელეფონში ენის შესასწავლი აპლიკაცია გადმოწერა და გიორგის ამეცადინებდა, – გვიამბობს ნესტანი, – სკოლის დირექტორი აღფრთოვანდა, გიორგიმ გასაუბრებაზე ისე კარგად უპასუხა. ძალიან ნიჭიერი ქართველი ბიჭი გვეყოლება სკოლაშიო, – უთქვამს დირექტორს მასწავლებლებისთვის“.
შუათანა და უმცროსი ვაჟები – ალექსი და მათე საბავშვო ბაღში მანამდე არ შეიყვანეს, სანამ ქართულად გამართული საუბარი არ დაიწყეს. მათე ახლა 6 წლისაა და სკოლაში შედის. ბანცაძეები ოჯახში მხოლოდ ქართულად საუბრობენ და ყოველდღე ქართულ წიგნებს კითხულობენ.
მარიემბერგში მიხეილმა და ნესტანმა შონფელდერების ოჯახი გაიცვნეს. ოჯახის უფროსები მათზე, როგორც საკუთარ შვილებზე, ისე ზრუნავდნენ. ცდილობდნენ, რომ მიხეილს სამსახური ეშოვა და ამ მიზნით ქალაქ ჩოფაოს კლინიკაში ექთნის ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა ურჩიეს. მიხეილი გერმანულ ენას უკვე კარგად ფლობდა, – ენის შემსწავლელი კურსები წარმატებით გაიარა. კლინიკაში გასაუბრებაზეც მოეწონათ და ექთნად მიიღეს. გასულ წელს კანონი შეიცვალა და ექთანს სპეციალური პროფესიული განათლების მიღება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გამოუშვებდნენ. დამსაქმებელმა ყველანაირად ხელი შეუწყო, მიხეილს სწავლა და მუშაობა რომ შეეთავსებინა, პროფესიულ სასწავლებელში სწავლაც დაუფინანსა. ახლახან მან პრაქტიკული და თეორიული კურსის გამოცდები წარმატებით დაძლია – გარანტირებული მუდმივი სამსახურიც აქვს და წინსვლის პერსპექტივაც.
ნესტანს თავისი სპეციალობით, ლოგოპედად მუშაობა სურს. ამის მისაღწევად მან გერმანული ენის საუკეთესოდ შესწავლა დაისახა მიზნად. ლოგოპედის კაბინეტში პრაქტიკის გასავლელად უკვე ჩაეწერა. პარალელურად, გერმანული ენის კურსებზე სწავლას აგრძელებს.
„გერმანიაში მშვიდი და სტაბილური ცხოვრებაა, – გვიამბობს ნესტანი, – თუმცა, არ იფიქროთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ოჯახში ფინანსური პრობლემები თუ წარმოიქმნება, სახელმწიფო უწყებებს მიმართავ და გეხმარებიან. შემოსავლები კვებასა და ბინის ქირაში თუ არ გყოფნის, ამის შესახებ დოკუმენტაციას სპეციალურ სამსახურში აგზავნი და დაგაფინანსებენ.
აბსოლუტურად უფასოა ჯანდაცვის ყველა სერვისი და მედიკამენტები. ამას სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს. ჩემი მეუღლე დაზღვევის თანხას იხდის და ნებისმიერი ღირებულების სამედიცინო მომსახურებას უფასოდ ვიღებთ. გერმანიაში ხელფასებიც მაღალია და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადიც. თუმცა, ჩვენგან გადახდილი გადასახადებით სარგებელს ვიღებთ.
ყველა სკოლაში სასკოლო კვებაა დანერგილი. მენიუს ბავშვი და მშობელი არჩევენ. წარმოუდგენელია, რომ გერმანიაში რომელიმე სკოლაში მოსწავლეს შიოდეს. დაწყებით კლასებში ბავშვებს დავალებებს არ აძლევენ. ყველა სკოლაშია სხვადასხვა საგნებისა და სპორტული უფასო წრეები.
საკვები პროდუქტები უმაღლეს დონეზე კონტროლდება. გამორიცხულია, მაღაზიაში ვადაგასული პროდუქტი ნახო. ყველაფერი შეფუთული და ეტიკეტირებულია. არ შეგეშინდება, ნებისმიერი პროდუქტი ეტიკეტის შეუმოწმებლად რომ იყიდო. საკვებით რომ ვინმე მოიწამლოს, იმ საწარმოს პროდუქციის გამოშვებას სამუდამოდ აუკრძალავენ.
პროდუქტებზე ფასები ხელფასების შესაბამისია. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ არის. აქ ყველაფერი ძალიან ძვირია, ხელფასები და პენსია კი – დაბალი.
საქართველოში, პირველ რიგში, გერმანიის მსგავს ჯანდაცვის სისტემას და კვების კონტროლს ვისურვებდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გერმანიაში ნებისმიერ ორგანიზაციაში კეთილგანწყობით გხვდებიან. პრობლემა თუ გაქვს, გაგიღიმებენ და გეტყვიან, – ერთად მოვაგვარებთ. ცდილობენ, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება ნაკლები სტრესი მიიღონ.
სამუშაო ადგილები პრობლემა არ არის. ახალგაზრდების უმრავლესობა პროფესიულ სასწავლებელში იღებს განათლებას და შემდეგ საქმდება.
გერმანიაში ბანკიდან სესხის მიღების აუცილებლობა კარგად უნდა დაასაბუთო. სესხის პროცენტი 2%-ს არ აღემატება.
არავის აინტერესებს შენი პოლიტიკური შეხედულება და წარმოუდგენელია, გერმანიაში სამსახურიდან რომელიმე პარტიის მხარდაჭერის გამო გაგათავისუფლონ. ახლახან არჩევნები ისე მშვიდად ჩატარდა, ქუჩაში გასული ვერც იფიქრებდი, არჩევნების დღე თუ იყო. გერმანელებს მიაჩნიათ, რომ ვისაც აირჩევენ, იმ მთავრობის ვალდებულებაა, მოსახლეობის ცხოვრების დონე და პირობები გააუმჯობესოს.
რვა წელია, გერმანიაში ვცხოვრობთ და სულ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობთ. იქ გზაზე საცობი არასდროს მინახავს.
ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით ბავშვთა და ქალთა უფლებები დაცულია. ჩემი შვილები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. თუმცა, ახლა გერმანიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ბევრი მიგრანტია და მაინც ვფრთხილობთ.
ოჯახში ბავშვის ან ოჯახის რომელიმე წევრის მიმართ ცემა და ყვირილი გამორიცხულია. ბავშვმა თუ რამე დააშავა, მას კი არ ეჩხუბებიან, არამედ ესაუბრებიან და ასე მიანიშნებენ არასწორ საქციელზე. დასჯის მეთოდები ცივილურია – მაგალითად, შესაძლოა, ბავშვმა არ მიიღოს საშობაო, ან სააღდგომო საჩუქარი, არ წაიყვანონ კინოში ოჯახთან ერთად. შრომას პატარაობიდანვე აჩვევენ. ოჯახში საქმეს ყველა თანაბრად ინაწილებს იმის მიხედვით, რისი შესაძლებლობაც აქვს.
გერმანელები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და მუშაობას დილაადრიან იწყებენ. კვირა ყველასთვის დასვენების დღეა. იმ დღეს არც ერთი მაღაზია არ მუშაობს, – შვილები მშობლებს სტუმრობენ და ერთად ვახშმობენ. გერმანიაში მშობლებს, მოხუცებს დიდ პატივს სცემენ.
ძალიან მომწონს, რომ გერმანიაში არასდროს არავინ მოგახვევს თავზე საკუთარ აზრსა და შეხედულებას. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. გერმანელების უმრავლესობას, შესაძლოა, სექსუალური უმცირესობები არ მოსწონდეთ, მაგრამ ამის გამო არავინ არავის ეჩხუბება და მით უმეტეს, არ კლავს.
ჩემს ირგვლივ მცხოვრები გერმანელები შვილებს თავიანთ საკუთრებად არ მიიჩნევენ. ერთმანეთის გადაწყვეტილებას ყველა პატივს სცემს. გაკვირდებიან და ძალიან აფასებენ, როცა ხედავენ, რომ შრომობ, კანონს არ არღვევ და შემდეგ უანგაროდ გეხმარებიან.
საქართველოში წამოსვლისას ყოველთვის ვფიქრობ, რომ აქ დავრჩები, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ჯერჯერობით სამშობლოში მუდმივად ვერ დავბრუნდებით… შემდეგ ვნახოთ, შვილები განათლებას რომ მიიღებენ. გიორგი ეკონომიკისა და ბიზნესის შესწავლით დაინტერესდა. ცხადია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება გერმანიაში უნდა მიიღოს.
საქართველო მთელ სამყაროს მირჩევნია. გერმანელ მეგობრებს სულ ჩვენს ქვეყანაზე, საოცარ ბუნებაზე, უგემრიელეს ქართულ კერძებზე, გულთბილ და სტუმართმოყვარე ქართველებზე ვესაუბრები.
ევროკავშირისგან უნდა მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რასაც გვთავაზობენ, მათი მხარდაჭერით დავძლიოთ პრობლემები. დეზინფორმაციაა, თითქოს ევროპა ტრადიციების დათმობას გვთხოვს ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ. ევროპა თუ ცუდია, წარმატებული და ცნობილი ქართველების, ასევე პარლამენტარების შვილები იქ რატომ ცხოვრობენ და სწავლობენ?! გამოდის, რომ ჩვენზე მეტად ევროპული სიკეთეებით მაღალჩინოსნების ოჯახები სარგებლობენ. მაშინ სხვებს რატომ უკარგავენ ამ შესაძლებლობას?!
ამბობენ, ჩვენ როდის და როგორ მივალთ გერმანიის დონეზეო. როგორ შეძლეს გერმანელებმა – მოინდომეს და გადაწყვიტეს, რომ უკეთ უნდა ეცხოვრათ, განსხვავებული აზრისთვის პატივი ეცათ, კანონმორჩილები ყოფილიყვნენ. ჩვენც უნდა მოვინდომოთ. ქართველები ჭკვიანებიც ვართ, ნიჭიერებიც და მონდომებულებიც. ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებით, ევროკავშირში გაწევრიანებით უფრო ძლიერები ვიქნებით“.
ნინო კაპანაძე
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,