ძვირფასო მკითხველებო!

გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით ამ ორ ანაბეჭდს და იპოვეთ განსხვავება.

პირველი ანაბეჭდის მეორე ფოტოზე სამი ადამიანია გამოსახული;
მეორე ანაბეჭდის იმავე ფოტოზე კი – მხოლოდ ორი (?!).
ფოტოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნის და მათზე 2026 წლის 6 ივლისის სხდომაა აღბეჭდილი.

ფეხზე მდგომი ქალბატონი ნანა კიკნაძე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია, მის გვერდით დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ზის.

სხდომას დაწყებიდან რამდენიმე წუთში შემოუერთდა ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც ჯერ გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა, – „მეც მჭირდება სხდომაზე დასაჯდომი ადგილიო“; სკამი რომ შემოუტანეს, ჟურნალისტის მისამართით იხუმრა, – ფოტოებში მაინც გამოჩნდებითო. მასაც შეუმჩნევია, – სხდომებზე ფოტოებს ისე რომ იღებენ, ჩვენ, ჟურნალისტები კადრებში რომ არსად გამოვჩნდეთ.

ვინაიდან საკრებულოში ყოველთვის მოქალაქეების ინფორმირების მიზნით მივდივართ და არა – ფოტოაპარატების წინ საპოზიოროდ, – ამ დრომდე მათი ასეთი ქცევა-დამოკიდებულებისთვის მნიშვნელობა არასდროს მიგვინიჭებია.

თუმცა, რაც გუშინ მოხდა, განგაშის ზარის შემოსაკვრელია!

არც მეტი, არც ნაკლები, – ხარაგაულის საკრებულომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი, უბრალოდ, არ არის! არადა, არც ერთი წამით არ ამდგარა საკრებულოს თავმჯდომარისგან სახელდახელოდ გამოყოფილი ამ ადგილიდან. ამას სხდომაზე მყოფი ოცდაათზე მეტი ადამიანიც გაიხსენებს და დაადასტურებს.

როგორც კი ეს „ჟურნალისტის გარეშე“ ფოტო ვნახეთ, მომხდარით გაოგნებულებმა და გაოცებულებმა ეს კადრი დაუყოვნებლივ ჩავუგდეთ მესენჯერში ამავე ფოტოზე მყოფ მერის პირველ მოადგილეს, – „ფოტოებზე მაინც გამოჩნდებითო“, – რომ ეგონა (?!).

სავარაუდოდ, მისი ძალისხმევით, მალევე გამოცვალეს და რეალური კადრი დააბრუნეს საკრებულოს ფეისბუქგვერდზე.

ამ ფაქტის დამადასტურებელ მასალებს ვინახავთ.

რატომ ამოჭრეს დამოუკიდებელი გამოცემის ჟურნალისტი ფოტოდან, – ჩვენს ამ შეკითხვაზე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ამ ფაქტისა და ფოტოების შესახებ არაფერი იცის.

მასთან ტელეფონით დაკავშირებამდე იგივე შეკითხვა წერილობითაც გავუგზავნეთ და პასუხს ველოდებით.

ცალკე განხილვის საკითხია, – თუ რატომ იჯდა ჟურნალისტი მერიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ ადგილას.

მას შემდეგ, რაც 2026 წლის არჩევნების შედეგად, ხარაგაულის საკრებულოს წევრთა რაოდენობა ორით გაიზარდა, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ განგვიცხადა, რომ თურმე სხდომათა დარბაზში დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტთა ადგილი „აღარ არის“ (?!).

არადა, „საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისთვის“, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. (!)

ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა და გაშუქების მიუხედავად, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე არა და არ იცავს ამავე საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამოქმედო დოკუმენტის აღნიშნულ პუნქტს.

არც გუშინდელ სხდომაზე დაგვახვედრა ჩვენთვის განკუთვნილი მაგიდა და სკამები ქალბატონმა თავმჯდომარემ.

„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტ ნინო კაპანაძეს მიუთითა, რომ მერიის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ერთ-ერთი ადგილი დაეკავებინა; ხოლო „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორს მომმართა, რომ მისი სამუშაო მაგიდის გვერდით დავმჯდარიყავი.

სანამ ასე „სახელდახელოდ“ გამოყოფილ ადგილებს დავიკავებდით, კიდევ ერთხელ მოვიკითხეთ, თუ როდის დასრულდება ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია-მოწესრიგება, რომ ჟურნალისტებსაც გვქონდეს მუშაობის ნორმალური პირობები და მსურველი მოქალაქეებისთვისაც შეიქმნას სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

წლებია, საკრებულოს სხდომები თავმჯდომარის კაბინეტში იმართება.

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომ დაიცვას მის მიერვე დამტკიცებული დებულება და რეაბილიტირებული დარბაზის ამოქმედებამდეც უზრუნველყოს „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებისთვის საკრებულოს სხდომებზე ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა და რაც ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესია – აღარასოდეს განმეორდეს ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ასეთი შემზარავი ფაქტი.

ლაურა გოგოლაძე
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი

ამავე თემაზე

ხარაგაულის საკრებულო სამუშაო „დარბაზში“ ვეღარ ეტევა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილების მიტაცებას ცდილობს

ხარაგაულის თვითმმართველობა სათანადოდ ვერ აფასებს დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას