

ხარაგაულში მცხოვრები მარინა გოგია, ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, ვინც ქვეყანაში დაგროვებულ პრობლემებს აპროტესტებენ და საკუთარ აზრს თამამად გამოხატავენ.
მარინა მიიჩნევს, რომ ახლა გაჩუმება არ შეიძლება და საზოგადოების თითოეულმა წევრმა ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც არ მოგვწონს, რაც გვაწუხებს და საქართველოს განვითარებას აფერხებს.
„პირველ რიგში, ვარ დედა, რომელსაც უნდა, რომ შვილების ხვალინდელი დღე იყოს ნორმალური. ვთვლი, რომ ვარ კარგი მოქალაქე, რადგან, გარდა ჩემი პირადი საქმეებისა, ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობა და მომავალი ძალიან მაფიქრებს.
სოციალურ ქსელში ჩემი აზრების გამოხატვა რომ დავიწყე, ეს ქვეყნის მტრობად აღიქვეს და ადამიანები დამიპირისპირეს, – რომ თითქოს „პოლიტიკა ჩვენი საქმე არაა“. ყველაზე მეტად ეს ფრაზა მაღიზიანებს.
ხალხო, ყველაფერი პოლიტიკაა, – რომ გათენდება და დილიდან საქმე უნდა დავიწყოთ, გარეთ რომ გავდივართ, შვილი რომ სკოლაში მიგვყავს – პოლიტიკაა. პოლიტიკა მაინც და მაინც ქვეყნის მართვას არ ნიშნავს!
რთულ მდგომარეობაში იმიტომ ვართ ხანგრძლივად, რომ საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება პროტესტს მძაფრად, ადექვატურად არ გამოხატავს. პრობლემების დიდი ნაწილი ხელოვნურია და მათი დაძლევა მთავრობის პასუხისმგებლობაა.
ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს ცვლის. ამიტომ მოსახლეობა, ადამიანები უნდა გააქტიურდნენ და ხელისუფლებას უთხრან, რომ ისინი ხალხის მსახურები არიან.
სამწუხაროდ, მთავრობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას ემსახურება. ერთადერთი, რაც ამ ბოლო 13-14 წელიწადში გაკეთდა, არის ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმე საშვილიშვილოდ მოიწყვეს.
მაინც რა დღეში ვართ? პირველი პრობლემა ეკონომიკური სიდუხჭირეა და ადამიანებს არჩევანის გაკეთება უწევთ,- საჭმელი ჭამონ, ექიმთან მივიდნენ თუ წამალი იყიდონ. თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებში იმედი გაქრა, ადამიანები შეიცვალნენ, რაღაცნაირად ყველა აგრესიული, შეწუხებულია.
გაქრა იმის იმედი, რომ ოდესმე მოვა მთავრობა, რომელიც ხალხისთვის იქნება, ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებს. ადამიანებს უკვე ბრძოლის ძალა აღარ აქვთ.
სოფლის მეურნეობა რომ ავიღოთ, – სახელმწიფოსგან ხელშეწყობა არ ნიშნავს იმას, რომ ფერმერს ფული მისცე. ხელშეწყობა სწორად მართვაა. ქსელური მაღაზიები ირანული საზამთროთი იყო სავსე იმ დროს, როცა კახეთში ფერმერებმა ვალით მოყვანილი საზამთრო ვერ გაყიდეს და გადაყარეს. შემოტანილი პროდუქციით ხელს ხელისუფლების წარმომადგენლები ითბობენ. ჩვენს პატარა ქვეყანაში ეს ხომ ყველამ ვიცით.
მე და ჩემი ოჯახის წევრები ბევრს ვშრომობთ. ხორცისა და ყველის ნახევარფაბრიკატებს ვაწარმოებ, ვყიდი თბილისსა და ხარაგაულში. ამ ეტაპზე უფრო მეტ დროს თბილისში ვსაქმიანობ, რადგან შვილები სტუდენტები არიან და ყურადღება სჭირდებათ.
კვირაში ორი დღე ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში ხატვასა და თექაზე მუშაობას ვასწავლი. ამის მიუხედავად, ოჯახის რჩენა და ყველა საჭიროების დაკმაყოფილება მაინც გვიჭირს.
…უიმედობა არის ამ წუთას საქართველოში, სადაც ქართველზე მეტი არაქართველია. თითქმის ყველა ოჯახი ბანკებზე ვართ დამოკიდებული და ეს ბანკებიც გვატყავებენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ზოგს ცხოვრების ელემენტარული პირობები არ აქვს და ეს ძალიან კარგად იცის მთავრობამაც და ყველა თანამდებობის პირმა. თუმცა, იმის გამო, რომ ხალხის დიდი ნაწილი ამ მდგომარეობას შეეგუა, ხელისუფლებაც არაფერს ცვლის.
გასული საუკუნის 90-იანი წლებში გაჭირვებიდან როგორ ამოვედით, ჩვენთან ხომ დიდი საწარმოები არ ამოქმედებულა?! ფული ევროპიდან და ამერიკიდან წამოვიდა.
90-იან წლებთან შედარებით, ახლა რომ უკეთესი გარემო-პირობები გვაქვს, ეს იმ ფულით გაკეთდა. ჩვენ პასუხისმგებლობები დაგვაკისრეს და ეს ჩვენი კეთილდღეობისთვის იყო მომართული. ევროპისკენ მივისწრაფვოდით. მიკვირს, ახლა ადამიანები რატომ ვერ ხედავენ, რომ ისევ რუსეთისკენ მივდივართ.
2024 წლის ნოემბრიდან აქციებზე დავდიოდით და და ვაპროტესტებდით რუსულ კანონს. ვიღა ჩივის რუსულ კანონს, საერთოდ ხმა არ ამოიღოთო, გვეუბნებიან. მივდივართ დიქტატურისკენ, როგორიც ჩინეთსა და რუსეთშია.
გამოსავალს რაში ვხედავ? ისევ ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების აქტიურობაში. ნაწილი ახალგაზრდებისა, რომლებიც თავიდან აქციებზე იდგნენ, ქვეყნიდან წავიდნენ. ყველას ყოველდღიური პრობლემა აქვს; ერიდებიან, რომ საქმე არ გაირთულონ. ციხეში რისთვის ჩასვეს აქციების მონაწილე ბიჭები?!
შეადარეთ დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლების საქციელი, – მილიონებს რომ გვგლეჯენ და იმ ბიჭების, რომლებმაც, თურმე რუსთაველზე „ნავთის ბოთლები ისროლეს“!
ვნატრობ იმ პერიოდს, როცა ყველაფერი მშვიდად იქნება; ავდგები დილით, გავალ გარეთ, სადაც მოწესრიგებული და სამართლიანი გარემო დამხვდება; არ ვიქნები დაძაბული, უსაფრთხო იქნება მეტროში ჩასვლა, სკოლაში ბავშვის მიყვანა… ადამიანები ერთმანეთს აღარ წაეჩხუბებიან. მშვიდი ცხოვრება გვინდა და გვენატრება. ქვეყნის მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა თითოეული ჩვენგანის აქტიურობაზეა დამოკიდებული“.
ხარაგაულში მცხოვრები მარინა გოგია, ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, ვინც ქვეყანაში დაგროვებულ პრობლემებს აპროტესტებენ და საკუთარ აზრს თამამად გამოხატავენ. მარინა მიიჩნევს, […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ვერტყვიჭალისა და წიფის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ღვერკისა და ხემაღალის მეწყერით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო
იმ მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის, რომლებიც შენობების