18 ნოემბერი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქართველოში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემურ გამოწვევებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რატიფიცირებული აქვს ბავშვთა დაცვის არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ძალადობის დროული გამოვლენა და აღკვეთა, ეფექტიანი მართლმსაჯულება და მსხვერპლი ბავშვების საჭიროებებზე მორგებული სერვისებით უზრუნველყოფა.

ბოლო პერიოდში გამოვლენილი შემთხვევები და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2025-2026 წლებში სექსუალური ხასიათის დანაშაულების მსხვერპლი 300-ზე მეტი არასრულწლოვანი გახდა.

ამასთან, ბავშვები ძალადობას ხშირად სწორედ იმ ადამიანების მხრიდან განიცდიან, ვისაც ენდობიან და ვისგანაც დაცვასა და უსაფრთხოებას უნდა იღებდნენ – ოჯახურ, სოციალურ და საგანმანათლებლო გარემოში.

პრობლემა მხოლოდ დანაშაულის გამოვლენასა და დამნაშავეთა დასჯას არ უკავშირდება. სახელმწიფოს პოლიტიკაში სადამსჯელო კომპონენტის გააქტიურებას არ ახლავს სათანადო ძალისხმევა მსხვერპლი ბავშვების გრძელვადიანი დაცვის, მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის, ასევე ძალადობის პრევენციის მიმართულებით.

დღემდე ქვეყანაში მხოლოდ ერთი ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს და ისიც თბილისში. არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გრძელვადიან რეაბილიტაციასა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე ორიენტირებული სათანადო სერვისები.

გამოწვევად რჩება ბავშვზე მორგებული საგამოძიებო გარემო, სპეციალისტების არასაკმარისი რაოდენობა და სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაეფუძნოს სისტემურ და მრავალშრიან პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ დამნაშავეთა დასჯას, არამედ ძალადობის პრევენციას, მსხვერპლი ბავშვების უფლებების აღდგენას, გრძელვადიან მხარდაჭერასა და რეაბილიტაციას“, – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.

ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.