ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის, ვარძიის, ხევის, ლეღვანის, უბისის, გედსამანიის, ბაზალეთისა და ნადაბურის სკოლების შენობების ნაწილობრივი და სასწავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება.

სასკოლო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულის თვითმმართველობას 1 408 565 ლარი გამოეყო.

ხიდრის საჯარო სკოლის ეზოში მინიმოედანი უნდა გაკეთდეს. სამუშაოებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტენდერში გამარჯვებული შპს „საქსეს გრუფთი“ (დირექტორი დათო მიქელაძე) აწარმოებს. ეს მინიმოედანი 2026 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა მოეწყოს, რისთვისაც 100 669 ლარია განსაზღვრული.

ვარძიის საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე გათბობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს. ამ მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უკვე მიმდინარეობს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „გიო და კომპანია“ (დირექტორი პეტრე გოგსაძე) ვარძიის სკოლაში გათბობის სისტემის მოწყობა 116 999 ლარად ივალდებულა. ვარძიის სკოლაში გათბობის სისტემა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა დასრულდეს.

ხევის საჯარო სკოლაში სპორტდარბაზი უნდა მოეწყოს. ამ მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისია ტენდერში გამარჯვებულ შპს „პროფკონსტრუქშენთან“ (დირექტორი გიორგი მჟავანაძე) ხელშეკრულებას 68 095 ლარზე გააფორმებს. ხევის სკოლაში სპორტდარბაზის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 დღეში უნდა დასრულდეს.

ლეღვანის საჯარო სკოლის შენობის სახურავის გადაღებვის სამუშაოების ჩასატარებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა განმეორებითი ტენდერი 26 913 ლარზე 15 ოქტომბერს გამოაცხადა. ამჟამად ტენდერში მონაწილე კომპანიების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 28 დღეში უნდა დასრულდეს.

უბისის საჯარო სკოლაში საპირფარეშოსა და დრენაჟის მშენებლობა-მოწყობის სამუშაოების შესასყიდად ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა განმეორებითი ტენდერი 65 942 ლარზე გამოაცხადა. დაინტერესებული კომპანიებისგან წინადადებები 17 ნოემბრამდე მიიღება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უბისის სკოლაში საპირფარეშო და დრენაჟი, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 49 დღეში უნდა მოაწყოს.

ხუნევის, (გედსამანიის კორპუსი), ბაზალეთისა და ნადაბურის საჯარო სკოლების ეზოებში მინიმოედნების მოსაწყობად ტენდერები არ შედგა, რადგან მათში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო; არადა, ეს ტენდერები უკვე სამ-სამჯერ გამოცხადდა.

გედსამანიის სკოლის ეზოში მინიმოედნის მოსაწყობად ტენდერი 92 186 ლარზე იყო გამოცხადებული, ბაზალეთის სკოლის მინიმოედნისთვის – 78 807 ლარზე, ნადაბურის სკოლის მინიმოედნისთვის – 88 352 ლარზე.

მუნიციპალიტეტები, საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის მიზნით, მერვე წელია, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივ ტრანსფერს იღებენ. 2026 წელს, საქართველოს მთავრობის #994 განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს 80 მილიონი ლარი გამოეყო; მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 1 408 565 ლარი.

ფოტოზე – ვარძიის საჯარო სკოლის შენობა