ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სახურავის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68 500 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ 18 მაისს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა ისაუბრა.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ეს პრობლემა გასულ კვირაში გააშუქა.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სახურავის შესაცვლელად თანხას მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის  მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოვყოფთ. ეს საკითხი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ გააშუქა.

პრობლემა ნამდვილად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა ბიუროს სხდომაზე, – მხოლოდ სახურავის შეცვლა ვერ იქნება ეფექტური. ასევე გასარემონტებელია სახურავიდან ჩამოჟონილი წყლისგან დაზიანებული ოთახები. თუმცა, ამ ეტაპზე ოთახებს ვერ გავარემონტებთ“.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისგან მომზადებული საბიუჯეტო ცვლილების მოხსენებითი ბარათში აღნიშნულია, რომ შენობას ესაჭიროება სახურავის რებილიტაცია (უნდა მოხდეს დაზიანებული ცხაურების და არხების რეაბილიტაცია, სახურავის ჩატეხილი მონაკვეთის აღდგენა, დაზიანებული ნივნივების შეცვლა, სახურავის ხის ელემენტების ანტისეპტიკურ-ცეცხლდამცავი ხსნარით დამუშავება და სახურავის დაფარვა მეტალოკრამიტით).

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სახურავის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა – 68 513 ლარი – სპორტის განვითარების პროგრამიდან ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაში უნდა გადმოიტანონ.

ეს საბიუჯეტო ცვლილება საკრებულომ 2026 წლის პირველი ივნისის სხდომაზე უნდა განიხილოს.