დღეს, 4 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

  • დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში;
  • დადებითად შეაფასეს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების გასული ერთი წლის საქმიანობა;
  • დაამტკიცეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესი.

ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვას დეპუტატების დაპირისპირება მოჰყვა.

მიხეილ ჭიპაშვილმა, დეპუტატმა პარტიიდან „ლელო-ძლიერი საქართველო“ სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის მოსვლა მოითხოვა.

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ მას უთხრა, რომ თავად წყვეტს, სხდომაზე მომხსენებლად ვინ მოიწვიოს და ვინ არა. გარდა ამისა, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხები მერის პირველ მოადგილეს ევალება და შეკითხვებზე პასუხებს ის გასცემს.

მიხეილ ჭიპაშვილმა 2026 წლის ბიუჯეტს „არარეალურად დაგეგმილი“ უწოდა, რადგან პირველ კვარტალში შემოსულობების გეგმა 66%-ით არის შესრულებული. მისი შეფასებით, არაეფექტურ დაგეგმვაზე მიუთითებს ისიც, როცა ზოგიერთი სახეობის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით სრულდება.

მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, პირველ კვარტალში გეგმის შეუსრულებლობა გამოწვეულია გადასახადებიდან და გრანტებიდან მიღებული შემოსავლების კლებით. თუმცა, შემოსავლების ნაკლებობის მიუხედავად, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პროგრამა დაფინანსდა. 2026 წლის პირველი კვარტლის ხარჯების დასაფარავად თანხა ნაშთიდან მიიმართა.

ეს განმარტება მიხეილ ჭიპაშვილისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და შეკითხვები ისევ გააგრძელა, რასაც დეპუტატებისგან აგრესია მოჰყვა. საბოლოოდ, მიხეილ ჭიპაშვილმა სხდომა პირველი საკითხის დასრულების შემდეგ დატოვა.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ გაერთიანების დირექტორს მიმართა, რომ აქტიურად დაინტერესდეს ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებითა და ამოქმედებით.

„ხუთი წელი და ექვსი თვეა, ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა ვერ დასრულდა. ახლა შენობაში დენია შესაყვანი. მკაცრად მოითხოვეთ ამ საკითხის მოგვარება“, – მიმართა მანანა ბარბაქაძემ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, თამარ ლაცაბიძეს.

შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის მიხედვით, შინაური კატისა და ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაციას/კასტრაცია, მოვლა-პატრონობა მის მეპატრონეს ევალება, ხოლო მოუსაფარი ცხოველების – მუნიციპალურ სამსახურს – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას.

ეს მუნიციპალური სამსახურია პასუხისმგებელი შეამოწმოს, უვლის თუ არა მეპატრონე საკუთარ შინაურ ცხოველს სათანადოდ. ძაღლებსა და კატებზე არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევაში მეპატრონის მიმართ ფულადი ჯარიმებია განსაზღვრული.

მანანა ბარბაქაძემ დეპუტატებს დაავალა, რომ შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესი მოსახლეობას კარგად გააცნონ.