14 აპრილი ქართული ენის დღეა. ამ დღის აღნიშვნას საფუძვლად 1978 წელს მომხდარი მოვლენები უდევს.

მაშინ საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

ამ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ სტუდენტები და ინტელიგენციის წარმომადგენლები დაიძრნენ. მათ გზადაგზა მოქალაქეები შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

აქციის მონაწილეთა შორის იყო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი ზეინაბ ბუაჩიძე. ის ახლა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის პედგოგია.

„იმ დროს საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოსვლა დიდი რისკი იყო, – გვიამბობს ზეინაბ ბუაჩიძე, – თუმცა, სტუდენტები ისეთი აღტკინებულები ვიყავით, შიშს ვერ ვგრძნობდით.

14 აპრილი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 1978 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ვიყავი და სხვა სტუდენტებთან ერთად ვიცავდი ქართულ ენას. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაგვეშვა სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადება.

მახსოვს, სტუდენტებს უნივერსიტეტის კარი ჩაგვიკეტეს, რომ აქციას არ შევერთებოდით. ჩვენ საიდუმლო გასასვლელი ვიცოდით და მაინც მოვახერხეთ გასვლა. უნივერსიტეტის რექტორი გარიცხვით დაგვემუქრა.

მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ენაში დღეს უცხო სიტყვათა კორიანტელია. ის, რაც მტერმა ვერ შეძლო, ჩვენივე ხელით ვაკეთებთ. რამდენიმე დღის წინ ტრენინგი მქონდა და ძალიან ბევრი გაურკვეველი სიტყვა ითქვა, მაშინ როდესაც ჩვენ ქართულ ენაში ბევრი შესატყვისი გვაქვს. ეს ხომ განათლების სამინისტროდან მოდის. სწორედ ისინი უნდა ზრუნავდნენ ენის სიწმინდის დაცვაზე, სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებთან ერთად. სახელმწიფო თუ არ ფიქრობს ამ საკითხზე, ინიციატივა საზოგადოებიდან მაინც უნდა წამოვიდეს“.

1978 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობდა – სისხლისღვრა ან დათმობა. ისინი იძულებული გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ.

14 აპრილი ქართული ენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება.

ლიკა ხიჯაკაძე

ამავე თემაზე

ზეინაბ ბუაჩიძე – ქართული ენა სტუდენტებმა დაიცვეს (ვიდეო)