1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და მნიშვნელოვანი თარიღია. საბჭოთა არმიისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 ადამიანი შეეწირა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. დაღუპულ 21 ადამიანს შორის იყო ხარაგაულელი, ბაზალეთის მკვიდრი, ელისო ჭიპაშვილი. ელისო 5 თვის ფეხმძიმე იყო და 9 აპრილის ღამეს მომწამვლელმა გაზმა იმსხვერპლა.
ქართველი ერის ამ დიდი ტრაგედიიდან 27 წლის შემდეგ შეხვდით და ვესაუბრეთ ელისოს ძმას ვახტანგ ჭიპაშვილს.
-ბატონო ვახტანგ, გვიამბეთ ელისოს შესახებ, როგორი ბავშვი იყო?
-ელისო 1964 წელს დაიბადა… 9 აპრილის ტრაგედიისას 25 წლის იყო. იცით, როგორი ბავშვი იყო? – ვერცხლისწყალივით. საოცარი, უსაზღვრო ენერგიის პატრონი, თბილი, ტკბილი, პატიოსანი… მიჭირს საუბარი…
-მოგვიყევით 9 აპრილის ღამის შესახებ.
-იმ ღამეს ელისოსთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს გეტყვით. არ ვფიქრობდი, თუ იქ წავიდოდა, რადგან ფეხმძიმედ იყო. მე და ჩემი ამხანაგები იმ ღამით რუსთაველზე ვიყავით. ერთმა ბიჭმა გვითხრა, ტელევიზიასთან ცოტა ხალხიაო და ჩვენც ტელევიზიისკენ წავედით. იმ ღამით რომ მომიტინგეები დაარბიეს, ვიცოდი, რადგან ტელევიზიასთან ჩვენც დაგვარბიეს.
იქედან წამოსულებს უნივერსიტეტის პროფკომი შეგვხვდა და ამბები რომ ვკითხეთ, გვითხრა „კოხტად დაგვშალესო“, – არავინ იცოდა ზუსტად, რა მოხდა. ჯარისკაცებმა წრე შეკრეს, ხალხის ნაწილი გამოყარეს და რაც იქ მოხდა, გვიან გავიგეთ.
ელისოს შესახებ 9 აპრილს დილით გავიგე, – 8-9 საათი იქნებოდა. შემატყობინეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოშიაო. არ მითხრეს, რომ გარდაიცვალა. სასწრაფოდ გავიქეცი. უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. არ ვფიქრობდი, რომ გარდაიცვალა, რადგან ძალიან ენერგიული იყო. ფეხმძიმედ რომ არ ყოფილიყო, ვფიქრობ, გადარჩებოდა, ფიზიკურად ძლიერი, ვაჟკაცური ბუნების იყო. სამ სამსახურში მუშაობდა, სამ საქმეს აკეთებდა, დაღლას ვერც შეატყობდით.
მის იქ ყოფნას რაც შეეხება, – ფსიქოლოგიურად იმოქმედა მასზე დღის 12 საათზე რომ ტანკები გაატარეს. ეს იყო ნიშანი, რომ რაღაც მოხდებოდა და ყველა ინსტინქტურად მოშიმშილეებისკენ მივდიოდით. იმ ღამით ელისო სამსახურში იყო და მისი ბრიგადა იმყოფებოდა მოშიმშილეების დასახმარებლად…
9 აპრილის ღამით დაიღუპა… დილით რომ რესპუბლიკურში მივედი, გავიგონე „ვაიმე, ჩვენი ელისოო…“ ელისო რესპუბლიკურში მუშაობდა. ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი და ყველა შემომეფანტა.. მოგვიანებით გავიგე, რომ გარდაიცვალა. საშინელება ის იყო, რომ არაფერს გვეუბნებოდნენ. ვკითხულობ, – სად არის, მპასუხობენ – არ ვიცით. არადა, იცოდნენ. რატომ მალავდნენ, ვერ გავიგე… მერე მითხრეს, რომ მორგში იყო „არამიანცში“.
საღამოს სახლში წამოვედი, რომ ოჯახის წევრებისთვის მეთქვა. მამაჩემი ხარაგაულში იყო. დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს, – მოვატყუე მძიმედ არის, ალბათ ვერც გადარჩება-მეთქი. დედას მოგვიანებით უთხრეს სხვებმა…
-როგორ განვითარდა მოვლენები?
-მოგვიანებით „არამიანცში“ მივედი. არავინ დამხვდა, – არც მიცვალებულები და არც ცოცხალი ადამიანი ვინმე. მე და ჩემმა მეგობრებმა შემთხვევით ერთი კაცი დავიჭირეთ და ვეკითხებით: „სად არის“, მაგრამ აქაც იგივე, – იცის და არ უნდათ გვითხრან. ბოლოს გვიპასუხა, ან ქაშუეთშია ან სიონში, მოულოდნელად შემოცვივდნენ და გაიტაცეს მიცვალებულებიო.
მივხვდით, ქაშუეთში ვერ იქნებოდა და სიონში წავედით. ზღვა ხალხი დაგვხვდა, საშინელი პანიკა იყო. ხალხში ხმა გავარდა, მოდიანო და საშინელი მღელვარება იყო. როგორც იქნა, შევაღწიეთ და ვიპოვე ჩემი და. ელისოს მოგრძო სახე ჰქონდა და მთლიანად დასიებოდა, დამრგვალებოდა. მცირე დალურჯებები ჰქონდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გაზით მოიწამლა.
იქ ერთი ღვთისნიერი გოგო იყო, მთელი ცხოვრება მადლობას გადავუხდი, ის უვლიდა გვამებს და სწორედ მან მაპოვნინა. მერე პატრიარქი მოვიდა და პანაშვიდი გადაუხადა. შემდეგ მოვიდნენ სასწრაფოს მანქანები, რომლებშიც მილიციელები ისხდნენ და გვამები მიჰქონდათ. მითხრეს, რომ როგორც 56-ში ვერ დაიბრუნეს ჭირისუფლებმა მიცვალებულები, შესაძლოა, ანალოგიური სცენარი განვითარდესო. ბიძაჩემი რომან ჭიპაშვილი დამეხმარა, – ოპერაციის უფროსი მისი ნაცნობი აღმოჩნდა და თხოვა მილიციონერი მანქანიდან გადმოესვა. მოვატყუეთ და ამასობაში გვამი სახლში მოვასვენეთ.
ბალზამირების გასაკეთებლად რომ კაცი მოვიყვანე, უარი თქვა, არ შეიძლება, ფეხმძიმედ ყოფილა და დამიჭერენო. შემდეგ „არამიანცში“ გადავიყვანეთ. ჩემი ბიძაშვილის მეგობარი დაგხვდა და გაკვეთა დაიწყო. დასკვნას რომ წერდა, უცებ შემოვიდნენ მაიორი, პოდპოლკოვნიკი, პოლკოვნიკი, – რუსები იყვნენ. „რა მოუვიდაო“, – იკითხეს. „ჭყლეტაშია მოყოლილიო“,- თავადვე კარნახობდნენ. 5 წუთში მესმის, – „შეწყვიტეთ გვამების გაცემა“. მე ჩემს ბიძაშვილ ლაშას ვუთხარი, – ამას აქ არ დავტოვებ, ბრძოლა მოგვიწევს-მეთქი. საბოლოოდ, გვამი მაინც გამოვასვენეთ და იმ დღეს მეტი ნებართვა აღარ გაცემულა.
ქუჩაში, ყოველ 100-200 მეტრში, ტანკები იდგნენ. გადმოდის რუსი და მეუბნება, – შენი მინდობილობის საბუთებს ვადა გაუვიდაო… ბევრი ვიტანჯეთ, ვიწვალეთ და ბოლოს მივასვენეთ. დედაჩემი აირია… მეოთხე დღეს, პარასკევს, ინფარქტით გარდაიცვალა, ვერ გაუძლო ამხელა ტრაგედიას. შაბათს ორი მიცვალებული ერთად გავასვენეთ.
პანაშვიდზე შევამჩნიეთ, რომ მოვიდა ერთი ბიჭი, რომელიც ხმას არ იღებს. როგორც კი დაცარიელდა იქაურობა, დაიწყო, – „მაპატიე, დაო“, „როგორ ვერ გაგიფრთხილდი“. „ვინ ხარ“ – ვეკითხები. „მე იქ ვიყავი, ელისო ჭყლეტაში მოყვა, ხელი მოვკიდე, მაგრამ ხალხის ნაკადმა წამართვაო“. ასე მოვიდა ვიღაც მეორედ, მესამედ, მეოთხედ. ყველა სხვადასხვა ვერსიას გვიყვებოდა, მერე მივხვდით, „კაგებეშნიკები“ იყვნენ.
გასვენების დღეს 5000 კაცი მაინც იქნებოდა. მაშინდელმა მთავრობამ გასვენების მარშრუტი გვთხოვა და გზიდან ტანკები გაიყვანეს. ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ პანაშვიდზე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, – ჩემთვის ყველა ერთია, სტატუსის განურჩევლად.
-თუ გამოუხატავს ხელისუფლებას მას შემდეგ რაიმე ტიპის ყურადღება?
-ერთადერთი შემთხვევა, რისთვისაც მადლობას ვიხდი, გიორგი მარგველაშვილისაგან გამოჩენილი ყურადღებაა – 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წლისთავზე ჩემი და დააჯილდოვეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს ორდენი ინახება ჩვენს ოჯახში. ასევე გადმოგვცეს 6000 ლარი.
მეტს ვერაფერს გეტყვით. 20 წლისთავზე ჩემთვის სიტყვაც კი არავის უთქვამს. არ ვიცოდით ელისოს ძმა თუ ჰყავდაო. შემდეგ ამის დასადასტურებლად ცნობა მიმატანინეს.
-მაინტერესებს, რას ნიშნავს თქვენთვის 9 აპრილი. თქვენი აზრით, რა შედეგები მოგვიტანა იმ პერიოდის ბრძოლამ?
-დღევანდელი დღის გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, რა გითხრათ, მაგრამ თუ იმ პათოსით შევხედავთ, რაც მაშინ იყო, მას შემდეგ მსგავსი არაფერი მინახავს. ასეთი შეკრული ერი მე არ მახსოვს. ათიათასი კაცი ერთად იდგა და არანაირი ჩხუბი, ოდნავი ყვირილი ან შეკამათებაც კი. კომენდანტის საათის შემდეგაც ასეთი ერთსულოვნება გაგრძელდა, – ოღონდაც ვინმეს როგორმე პატივი ეცა. დღევანდელი და მაშინდელი ვითარება რომ შეადარო, – ცა და დედამიწასავითაა.
დღეს მიტინგებზე იკრიბება ხალხი, მაგრამ არ იგრძნობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სიყვარული. დღეს გამოხატავენ მხოლოდ პოლიტიკასთან, მმართველთან, პარტიასთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას, რადგან ვერ ცხოვრობ ისე, როგორც საჭიროა. მაშინ მაგაზე არავინ ფიქრობდა. 1989 წლის 9 აპრილს ერთად შეიკრა ერი. მაშინ „ენა, მამული, სარწმუნოება“ იყო ყველასთვის უმთავრესი. ალბათ, რაღაც წვლილი შეიტანა 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანის სიკვდილმა საქართველოს ისტორიაში.
-რას ნიშნავს თქვენთვის, რომ ხართ გმირულად დაღუპული ელისო ჭიპაშვილის ძმა?
-ელისო ჩემი უმცროსი და იყო, 5 წლით ვარ მასზე უფროსი. უდიდესი სიამაყის გრძნობაა, როცა შენი პატარა დის გმირობის აღსანიშნავად ოჯახში წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ინახება. ამაზე მეტი რა უნდა დაეტოვებინა, გარდა იმისა, რომ შვილები დარჩენოდა. ეს დიდი სიამაყის გრძნობაა.
-რას იტყვით ხარაგაულზე?
-მაინტერესებს, სად იყვნენ 26 წლის განმავლობაში ხარაგაულელები, მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთ ადამიანსაც კი არ უკითხავს არაფერი…
ხარაგაულში სახლ-კარი მიტოვებულია. ჩვენს სახლს ზოგი საქეიფოდ იყენებს და ცუდ მდგომარეობაშია. სულ ვაპირებ ხარაგაულში წასვლას. ხვალაც რომ მომეცეს შესაძლებლობა, წამოვიდოდი, ძალიან მიყვარს იქაურობა. ბაზალეთიდან მხოლოდ სითბო და სიკეთე მახსოვს. ბავშვობაში ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდით. ახლაც მახსოვს ბავშვების შეძახილები – „ჩამოვიდნენ, ჩამოვიდნენ“. ცუდი შედარებაა, მაგრამ დედა მყავს ქართლელი, იქ მხოლოდ ერთი კვირით ჩავდიოდით და სანამ „გამარჯობას“ მეტყოდნენ, საჭიდაოდ მივყავდი ბიჭებს. ვატკენდი რაღაცას და მთელი გვარი მიჩიოდა მერე… ბაზალეთი იყო და იქნება ჩემი სიხარული.
თამარ ჩხიკვაძე
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი