1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სახლის წინ ტრაგედია დატრიალდა.მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია. აქციის 21 მონაწილე დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანეს ხარაგაულელებმა. პაატა გოგოლაძე, გოჩა კოპაძე და ლელა გრიგალაშვილი იმ დროს სტუდენტები იყვნენ. 4 აპრილიდან, მეგობრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე აქციებში ყოველდღიურად ერთვებოდნენ.
„მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა იყო, – იხსენებს პაატა გოგოლაძე, – მას შემდეგ ბევრ მიტინგსა და აქციაზე ვყოფილვარ, მაგრამ ისე ერთ მუშტად შეკრული, ხალისიანი, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით განმსჭვალული ხალხი აღარ მინახავს. სიახლის მოლოდინი გვქონდა.
აქციის ასე სასტიკად დარბევას ვერც კი წარმოვიდგენდი. 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე ბევრი ხარაგაულელი იმყოფებოდა. მე, დათო სილაგაძე, ნოდარ ვეფხვაძე და გია ნათაძე მიტინგზე ერთად მივედით. ტანკებმა ჩაიარეს და ჯარისკაცებმა ყველა მხრიდან ალყა შემოგვარტყეს. კაცები ვცდილობდით, ქალები ჩვენს შუაში მოგვეხვედრებინა, რომ როგორმე დაგვეცვა.
ხელკეტებითა და ნიჩბებით შეიარაღებულმა ჩაფხუტიანებმა მომიტინგეების დარბევა-დასახიჩრება დაიწყეს. აურზაურში ნოდარი და დათო დავკარგეთ. დავრჩით მე და გია ანთაძე. კავშირგაბმულობის შენობის გვერდით ერთი თაღიანი შენობის ჭიშკარზე გადავძვერით. ეზოში შესულებს იქ მაცხოვრებლები დაგვეხმარენ. გვესმოდა, რომ ალექსანდროვის პარკის მხარეს ადამიანებს არბევდნენ. ჩვენ კი ვერაფრით ვშველოდით. ეს იყო საშინელება…
სამწუხაროდ, მერე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. სისხლის ფასად მოპოვებულ დამოუკიდებლობას მეტად უნდა მოვფრთხილებოდით“.
„სამშობლოს სიყვარულით გულანთებულები, ერთი იდეით გაერთიანებულები მივდიოდით აქციებზე, – გვიამბობს ლელა გრიგალაშვილი, – 8 აპრილს საღამოს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა, რომ ტელევიზია მოსალოდნელი პროვოკაციისგან უნდა დაგვეცვა.
მე და ჩემმა ჯგუფელებმა ტელევიზიასთან გადავინაცვლეთ. მალე ყველა მხრიდან ჯარისკაცებმა ალყაში მოგვაქციეს. ზოოპარკის მხარეს ან კედელზე უნდა გადამხტარიყავი, ან ჯარისკაცები მოგკლავდნენ. კედლიდან ინსტიქტურად გადავვარდი. ორივე ხელი მოვიტეხე.
ამ დროს მხუთავი გაზი გაუშვეს და გონება დავკარგე. გონზე საავადმყოფოში მოვედი. ტრავმატოლოგიურში ვიწექი. ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა ლიდერმა გვინახულა. 9 აპრილის გახსენება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ამავე დროს – საამაყო. მე სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლე და ეს განცდა დღემდე მომყვება.
მაშინდელი ერთსულოვნება, პატრიოტიზმი, სამშობლოსა და ერთმანეთისადმი სიყვარული სად გაქრა, არ ვიცი. რისთვის ვიბრძოდით?! თითქოს აღარ მაქვს ამაზე პასუხი. რას ვერ ვარკვევთ ქართველები ერთმანეთში?! 9 აპრილს დაღუპული გმირები იმსახურებენ, რომ ჩვენ უკეთესი ქვეყანა შევქმნათ“.
„1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა, – იხსენებს გოჩა კოპაძე, – 8 აპრილს დილით მომიტინგეებთან მოვიდა ინფორმაცია, დინამოს სტადიონზე ჯარისკაცები მიიყვანეს და ჩვენს დასარბევად ავარჯიშებენო. გაგვიკვირდა, რადგან არაფერს ვაშავებდით.
შემდეგ რაც მოხდა, ენით ვერ აღვწერ. ჯარისკაცებმა მთავრობის სახლში ჩვენი შეყვანა მოინდომეს. ავღანეთში ჯარგამოვლილმა ბიჭებმა წინააღმდეგობა გავუწიეთ. მერე ხალხი უმისამართოდ გარბოდა. მე ლესელიძის ქუჩაზე მოვხვდი. იქ მილიციელები დაგვეხმარენ.
ახლა რომ ისევე გავერთიანდეთ ქართველები, როგორც 32 წლის წინ, მსოფლიოში ჩვენზე უკეთესად ვერავინ იცხოვრებს. უცხოელებს მივბაძოთ იმაში, თუ როგორ თანამშრომლობენ განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსები, საერთო მიზნის მისაღწევად“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე წაიკითხეთ
მსხვერპლის მიუხედავად, 9 აპრილი ჩემთვის ამაღლებული დღეა – ლელა ვეფხვაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი