18 ოქტომბერს, გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.

თითოეული კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელებთან და მშობლებთან ერთად, გიმნაზიის ეზოში შემოდგომის მოსავლით გაფორმებული სუფრები მოაწყვეს, იქვე იწურებოდა ყურძენი, ირჩეოდა სიმინდი, ცხვებოდა თონის პური, იხდებოდა არაყი და ივლებოდა ჩურჩხელა.

თითოეული კლასი საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს წარმოადგენდა და სუფრებზე ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები ელაგა.

შემოდგომის ზეიმის მონაწილეებს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) სასულიერო პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ლოცავდა.

საქართველოს ყველა კუთხის „მონახულებისა“ და დალოცვის შემდეგ, გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრების წინაშე ცეკვებითა და სიმღერებით წარსდგნენ.

სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მეხუთე კლასის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და დამრიგებლის, მარინა მუმლაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „საუცხოო არის ჩემი იმერეთი“;

მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ლომსაძემ მუსიკის პედაგოგთან მზია კუპრაძესთან ერთად ვაჟა აზარაშვილის „სენტიმენტალური ტანგო“ შეასრულა;

ხოლო მასწავლებლების ტრიო (მზია კუპრაძე, თორნიკე ბაკურაძე, მაკა გელაშვილი) მაყურებლის წინაშე სიმღერით „საპოვნელა“ წარსდგნენ.

ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე) მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს, მეუფე მელქისედეკს (ხაჩიძე) ახლახან მიღებული თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიულოცა. ასევე სტუმრებს მეუფის მოკლე ბიოგრაფია გააცნო და ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რომელიც ეპარქიაში მეუფე მელქისედეკის მოსვლის შემდეგ გაკეთდა.

დეკანოზმა პავლემ მეუფე მელქისედეკს გიმნაზიის სახელით სპეციალურად მისთვის დამზადებული საჩუქარი გადასცა.

მეუფე მელქისედეკმა გიმნაზიის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს გრიგოლ ხანძთელის სხენების დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის.

„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, ვიაზრებთ თუ რა დიდი ღვაწლი ჰქონდა ამ უდიდეს წმინდანს როგორც ეკლესიაში, ასევე ერში. მადლობა უფალს, რომ  ჩვენს ეპარქიაში არის უბისის მამათა მონასტერი, რომელიც გრიგოლ ხანძთელის მიერაა დაარსებული.

მადლობა თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებული მადლობა დეკანოზ პავლეს და გიმნაზიის სულიერ მოძღვარს დეკანოზ თომას (ლაცაბიძე); ჩვენს გმირ პედაგოგებს, რომლებიც მთელს თავის შესაძლებლობებს, სულსა და გულს დებენ ბავშვების განვითარებაში“.

მეუფე მელქისედეკმა „55 წლიანი პედაგოგიური საქმიანობისათვის და თაობების სამაგალითო აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ საპატიო მედლით დააჯილდოვა სკოლა-გიმნაზიის სასწავლო ნაწილის გამგე და მათემატიკის პედაგოგი მანანა კიკნაძე  და ქიმია- ბიოლოგიის პედაგოგი ლია რამინიშვილი.

ღონისძიების ბოლოს გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრების წინაშე ცეკვა „პოპურით“ წარსდგნენ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები), ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკითა და „მრავალჟამიერით” დაგვირგვინდა.