10-11 ოქტომბერს ქალაქ კიშინიოვში სპორტული სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.

საქართველოდან ამ ტურნირში სპორტული და სამეჯლისო ცეკვების კლუბ „არაბესკის“ (ხელმძღვანელი ნ. ქავზინაძე) მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.

სოლო ლათინურ ცეკვებში „არაბესკის“ მოცეკვავე ქეთევან ინასარიძემ პირველი ადგილი მოიპოვა (მწვრთნელები – ნ. ქავზინაძე, ქ. მალაყმაძე). ამ კატეგორიაში სულ 39 პირი მონაწილეობდა.

ქეთევან ინსარიძე ხარაგაულელების – მირზა ინასარიძისა და თიკა ჯანიაშვილის ქალიშვილია. ოჯახი ბათუმში ცხოვრობს. სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებით ქეთევანი ხუთი წლის ასაკიდან დაინტერესდა და მშობლებს სულ სთხოვდა, ცეკვაზე მიეყვანათ.

„ყველა დედას თავისი შვილისთვის საუკეთესო უნდა და ჩვენც საუკეთესო ანსამბლი „არაბესკი“ მოვიძიეთ, – გვიამბობს ქეთის დედა თიკა ჯანიაშვილი, – ამ ანსამბლის დამფუძნებელი ნინო ქავზინაძე სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია.

ქეთევანი ამ დრომდეც წარმატებით ასპარეზობდა სხვადასხვა შეჯიბრებებში. თუმცა, წელს, მას შემდეგ, რაც ათი წლის გახდა, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიიღო. 2026 წლის ივნისში ტაშკენტში, ხოლო ივლისში ბათუმში საერთაშორისო ტურნირებზე საპრიზო ადგილები მოიპოვა.

შედეგებს ქეთევანი დაუღალავი შრომითა და ყოველდღიური ხანგრძლივი ვარჯიშებით აღწევს. დიდი მადლობა ყველას, ვისაც მისი წარმატება უხარია. გამარჯვევებით, იმედია, მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებს“.

ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას ქეთევან ინასარიძეს და შემდგომშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ!