გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელეს.

კვლევის მიზანია გლაციალური საფრთხეების (მყინვარებთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფების რისკი, რომელიც ძირითადად კლიმატის გლობალური დათბობითა და მყინვარების დნობითაა გამოწვეული) შეფასება, პოტენციური რისკის ზონების გამოვლენა და მყინვარულ ხეობებში მიმდინარე პროცესების დინამიკის შესწავლა.

მონიტორინგის ფარგლებში, სპეციალისტებმა მყინვარული ხეობები ვერტმფრენით დაათვალიერეს, საველე-ექსპედიციური გზით მათი ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის ანალიზის მიზნით, დრონებით გადაღება განახორციელეს.

მონიტორინგის ფარგლებში, წელს პირველად გამოიყენეს თანამედროვე ბათიმეტრიული წყლის დრონი, რომლის საშუალებითაც მყინვარულ ხეობებში არსებული ტბების მორფომეტრიული პარამეტრები შეფასდა.

კლიმატური ცვლილებების ფონზე, კავკასიონის პერიგლაციალურ ზონებში მყინვარების დეგრადაციის პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის, შეინიშნება მყინვარული ტბების წარმოქმნა და მათი ფართობის ცვლილება, ასევე მორენული მასივების მდგომარეობისა და ხეობებში აკუმულირებული მასალის დინამიკა.

მიღებული მონაცემების საფუძველზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყნის მასშტაბით გლაციალური საფრთხეები შეფასდება და დადგინდება პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი ტერიტორიები.

მიმდინარე პროცესების მდგომარეობისა და დროში ცვლილებების შესაფასებლად, გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესაბამისი ტერიტორიების მიზნობრივ მონიტორინგს ყოველწლიურად ახორციელებს.

წყარო