

მსოფლიოსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბოლო დროს მეწყრული პროცესები და სტიქიური მოვლენები გააქტიურდა. ამის ერთ-ერთი მძიმე მაგალითია ხარაგაულის სოფლები – ღვერკი და ხემაღალი. ერთი წლის წინ ამ სოფლებში 68 ჰა-ზე განვითარებული მეწყერის შედეგად 112 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
„ჩხერიმელას ხეობაში ნეპალზე დიდი მასშტაბის კატასტროფაა მოსალოდნელი“
ინჟინერ-გეოდეზისტი კახა კიკნაძე ამბობს, რომ სავალალო შედეგებია მოსალოდნელი ჩხერიმელას ხეობაში. ის წლებია საუბრობს, რომ ახალი რკინიგზის მშენებლობისას გვირაბებიდან გამოტანილი 5 მლნ კბმ მიწით, სოფელ ნუნისში, მდინარე ფიჭვნარისწყლის ხეობა ამოავსეს. მისი მტკიცებით, ნებისმიერ დროს მოსალოდნელია მიწის ეს მასა დაიძრას.
„ეს მიწა თუ დაიძრა, 50 მეტრში მდებარე მთას დაეჯახება, ჩაკეტავს მეორე მდინარეს და 70 მეტრამდე სიმაღლის კაშხალის მსგავს ღვარცოფს წარმოქმნის, – ამბობს კახა კიკნაძე, – ეს იმას ნიშნავს, რომ ღვარცოფის დაწყებიდან 7-8 საათში, მთლიანად განადგურდება ჩხერიმელას ხეობის სოფლები, ხარაგაული და ეს მასა ზესტაფონამდე ჩააღწევს.
ჩხერიმელას ხეობაში ნეპალზე დიდი მასშტაბის გარდაუვალი კატასტროფაა მოსალოდნელი.
წლებია, ამ საშიშროებაზე ვსაუბრობ და არც ერთი სპეციალისტი არ გამოსულა და საწინააღმდეგო არ უთქვამს. ვერავინ ამბობს, რომ მიწის ეს მასა არ დაიძვრება და მე არასწორად ვმსჯელობ.
რკინიგზის ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი მონაკვეთი დარღვევებით აშენდა და პირდაპირი მნიშვნელობით, ხარაგაულში სასაკლაო მოგვიწყვეს.
გვირაბებიდან გამოტანილი მიწა ხეობიდან 60 კმ-ის სიახლოვეს არ უნდა დაყრილიყო. აქ კი გვირაბიდან ერთ კილომეტრში, მდინარის ხეობა 5 მლნ კბმ მიწის მასით ამოავსეს.
გარემოს დაცვის სამინისტრომ 2013 წელს ორჯერ დააჯარიმა რკინიგზის მშენებელი ჩინური კომპანია ხეობაში 50 ათ. კბმ მიწის ჩაყრისა და გარემოზე მიყენებული ზიანის გამო. შემდგომში არავითარი რეაგირება აღარ მომხდარა. 2016 წელს, როცა ამ საკითხზე საუბარი დავიწყე, ხეობაში ჩაყრილი მიწის მასის წინ 10 მეტრი სიმაღლის ბეტონის საყრდენი კედელი ააშენეს. ეს სასაცილოა. გამორიცხულია, 5 მლნ კბმ მიწის მასა ბეტონის იმ კედელმა შეაჩეროს.
ასევე სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის შედეგად დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოსაშვებად. ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი სარკინიგზო გვირაბების არასწორი მშენებლობის გამო განვითარდა.
ამ ორი სოფლის მიმდებარედ, 750 მეტრ სიგრძეზე, 30 მეტრ სიგანესა და 20 მეტრ სიმაღლეზე მდინარე ყარნებაა დაგუბებული. ეს წყალი აუცილებლად უნდა გამოუშვან.
მუნიციპალიტეტსაც შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ როცა საფრთხე ემუქრება რკინიგზასა და ავტობანს, სწორედ „საქართველოს რკინიგზისა“ და ცენტრალური ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ პრობლემა მოაგვაროს და საფრთხე გაანეიტრალოს“, – ამბობს ინჟინერ-გეოდეზისტი კახა კიკნაძე.
უსაფრთხოების რა გარანტიები არსებობს, რომ ნუნისში, მდინარის ხეობაში განთავსებული მიწა არ დაიძვრება, ჩხერიმელას ხეობის სოფლებისა და ხარაგაულის მოსახლეობას არ წაგვლეკავს, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს საფრთხის თავიდან ასაცილებლად, – ამ შეკითხვებით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძესა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.

„ყველა მუნიციპალიტეტს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა უნდა ჰქონდეს“
„ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობას ვერ მივცემ იმის გარანტიას, რომ არაფერი მოხდება იმიტომ, რომ ძლიერი წვიმის შემთხვევაში, შესაძლოა, ნუნისის სანაყაროსთან მთის მდინარე უეცრად ადიდდეს, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – ჯერ კიდევ 2012-13 წლებში ჩვენ ვამბობდით, რომ მდინარეში მიწის ჩაყრა არ შეიძლებოდა და არ დაგვიჯერეს.
გამოსავალია ის, რომ მდინარის ხეობაში შეტანილი მასა უკან გაიტანონ. ხარაგაულში დამეწყრილ ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში, დაგუბებული მდინარედან წყალი უნდა გამოუშვან.
ამ საკითხების მოგვარება სწრაფად უნდა დაიწყოს. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა. ეს გეგმა თვითმმართველობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად უნდა შეიმუშაოს. ამ გეგმაში გაიწერება, რა რის შემდეგ უნდა განხორციელდეს და როგორ; რა თანხაა საჭირო, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს და სხვ“.

„ჩხერიმელას ხეობაში მოსალოდნელი მეწყერის შესახებ ნეიტრალურმა და პასუხისმგებლიანმა სპეციალისტმა უნდა ისაუბროს“
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. საევაკუაციო გეგმა, რომლითაც რისკების დროს უნდა ვიმოქმედოთ, არსებობს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – უსაფრთხოების გარანტიებს რაც შეეხება, არ ვარ ამ მიმართულების სპეციალისტი. ამ მიმართულებით რისკები გეოლოგიის დეპარტამენტის ჩართულობით უნდა განისაზღვროს. ჩხერიმელას ხეობაში მოსალოდნელი მეწყერის შესახებ, ერთხელ და სამუდამოდ, ნეიტრალურმა და პასუხისმგებლიანმა სპეციალისტმა უნდა ისაუბროს და არა ისეთმა პიროვნებებმა, რომლებიც მხარეს წარმოადგენენ, მოსახლეობაში პანიკის დათესვა სურთ, ყველა მიმართულებით აზრს გამოხატავენ და წინასწარმეტყველებად გვევლინებიან.
ხემაღალისა და ღვერკის სტიქიას რაც შეეხება, მდინარე ყარნებაზე სპეციალური სისტემით მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. ყველა მონაცემის შესახებ ინფორმაციას მყისიერად ვიღებთ. ამჟამად მდინარეში დაგუბებული წყალი სტაბილურად დგას და ცუდი ამინდების დროსაც კი, რაიმე არსებითი სხვაობა არ გამოკვეთილა.
მიგვაჩნია, რომ ეს არის პრობლემა, თუმცა 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება გეოლოგიის დეპარტამენტთან და სხვა უწყებებთან ერთად.
ღვერკისა და ხემაღალის დაზარალებულ ოჯახებს, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 50-50 ათასი ლარი გამოეყო. 112 ოჯახიდან 40-მდე ოჯახმა მიიღო კომპენსაცია. დანარჩენებმა გაასაჩივრეს, რადგან მიაჩნიათ, რომ რკინიგზის მშენებლობამ დააზარალა და არ არიან ეკომიგრანტები. მერია აგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში ღვერკსა და ხემაღალში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასა და მხარდაჭერას. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ნამდვილად არ მეწყინება, თუ ამ მოქალაქეებს გაცილებით უკეთესი პირობები შეექმნებათ და მეტი საკომპენსაციო თანხა მიეცემათ“.
ნინო კაპანაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
2023 წლის სექტემბრიდან საღანძილის სკოლის მოსწავლეები ამავე
მეექვსე წელია, წყალაფორეთის სკოლა საკუთარ შენობას ელის. ახალ
მსოფლიოსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბოლო დროს მეწყრული პროცესები და სტიქიური მოვლენები გააქტიურდა. ამის ერთ-ერთი მძიმე მაგალითია ხარაგაულის სოფლები – […]
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს