თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად რჩება აცდენა სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსსა და ერთიანი ეროვნული გამოცდების რეალურ მოთხოვნებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დებულებით საგამოცდო პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეყრდნობა, პრაქტიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ მხოლოდ სტანდარტული სასკოლო წიგნებითა და გაკვეთილებით გამოცდების მაღალი ქულებით ჩაბარება თითქმის შეუძლებელია.

სკოლის სახელმძღვანელოები ხშირად ორიენტირებულია თეორიული მასალის ზედაპირულ მიწოდებაზე, მაშინ როდესაც ეროვნული გამოცდების ტესტები აბიტურიენტებისგან კომპლექსურ, ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს.

საგამოცდო ამოცანები, განსაკუთრებით მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, ხშირად რამდენიმე სხვადასხვა თემის კომბინაციას წარმოადგენს, რომელთა ანალოგებსაც მოსწავლეები სასკოლო კურიკულუმში ვერ ხვდებიან.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მიღებული საბაზისო განათლება აბიტურიენტისთვის მხოლოდ საძირკველია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გაღრმავებას. ამ რეალობაში რეპეტიტორთან მომზადება ხდება არა უბრალოდ არჩევანი, არამედ აუცილებლობა, რადგან კერძო მომზადების პროცესი ორიენტირებულია არა მასალის ზედაპირულ ცოდნაზე, არამედ საგამოცდო ტესტების სპეციფიკასთან შეგუებაზე, კომპლექსური ამოცანების ამოხსნის სტრატეგიების ათვისებასა და იმ უნარების განვითარებაზე, რაც აბიტურიენტს მაღალი კონკურენციის პირობებში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ამ საკითხზე სრულ სურათს სამი სხვადასხვა რაკურსით – მასწავლებლის, მოსწავლისა და სტუდენტის პოზიციიდან განვიხილავთ. აღნიშნული თემის ირგვლივ ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მანანა სახვაძე გვესაუბრა.

– მანანა მასწავლებელო, არის თუ არა გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაცია იმდენად განახლებული, რამდენადაც ამას საგამოცდო ტესტები მოითხოვს?
– ნაწილობრივ. გეოგრაფიის სახელმძღვანელოები ძირითად ცოდნას კარგად მოიცავს, მაგრამ ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი, დემოგრაფიული მაჩვენებელი ან ეკონომიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დროთა განმავლობაში იცვლება. ამიტომ, საგამოცდოდ მომზადებისას, სასურველია დამატებითი, უფრო თანამედროვე წყაროების გამოყენებაც.

– რამდენად ახერხებს სკოლა მოსწავლეებში განავითაროს დიაგრამების, გრაფიკებისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზის უნარი, რაც საგამოცდო ტესტის დიდ ნაწილს უკავია?
– ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სკოლაზე, მასწავლებელსა და სწავლების მეთოდებზე. ზოგ სკოლაში ამ უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. თუმცა, ხშირად მოსწავლეებს დამატებითი პრაქტიკა სჭირდებათ, რადგან საგამოცდო ტესტებში მონაცემთა ანალიზი საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

– გარანტირებულია თუ არა მაღალი საგამოცდო ქულა იმ მოსწავლისთვის, რომელსაც სკოლაში გეოგრაფიაში უმაღლესი ნიშანი აქვს?
– არა. მაღალი სასკოლო ნიშანი, როგორც წესი, კარგ საფუძველზე მიუთითებს, მაგრამ საგამოცდო წარმატება ასევე დამოკიდებულია ტესტური დავალებების სპეციფიკის ცოდნაზე, ანალიტიკურ უნარებზე, დროის მართვასა და დამოუკიდებელ მომზადებაზე. ამიტომ უმაღლესი ნიშანი მაღალი ქულის მიღების შანსს ზრდის, მაგრამ მას არ უზრუნველყოფს.

ასევე ვესაუბრეთ ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს, მომავალ აბიტურიენტს, შოთი წიქარიშვილს:

– შენი აზრით, მხოლოდ სკოლის პროგრამით მომზადებული მოსწავლე, რეპეტიტორების გარეშე, მაღალი ქულებით ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს?

– ჩემი აზრით, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან რთულია. სკოლის პროგრამა ხშირად არ არის საკმარისად ორიენტირებული ეროვნული გამოცდების სპეციფიკურ მოთხოვნებზე. ეროვნული გამოცდები უფრო ანალიზს, ლოგიკურ აზროვნებასა და გამოცდის სტრუქტურის ცოდნას მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ სასკოლო მასალის დამახსოვრებას. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, რეპეტიტორის დახმარება მაინც საჭიროდ მიმაჩნია, რადგან ის უკეთ ამზადებს მოსწავლეს კონკრეტული ტიპის დავალებებისთვის და გამოცდის ტექნიკაზე მუშაობს.

– გეგმავ თუ არა რეპეტიტორთან მომზადებას?

– დიახ, ვთვლი, რომ რეპეტიტორთან მომზადება სასარგებლოა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მიზანი მაღალი ქულების მიღებაა. რეპეტიტორი დაგეხმარება სუსტი მხარეების გამოვლენაში, დროის სწორად განაწილებასა და გამოცდის სტრატეგიების სწავლაში, რაც დამოუკიდებლად უფრო რთულად მისაღწევია.

– როგორია შენი მოლოდინი, რეპეტიტორი სკოლის წიგნებით გამეცადინებს, თუ სრულიად სხვა, ალტერნატიულ მასალებსა და კრებულებს გამოიყენებს?

– ვფიქრობ, რეპეტიტორი გამოიყენებს ორივეს – როგორც სკოლის პროგრამას, ასევე დამატებით, ალტერნატიულ მასალებსა და საგამოცდო კრებულებს. სკოლის წიგნები იძლევა საფუძველს, მაგრამ ეროვნული გამოცდებისთვის საჭიროა უფრო მრავალფეროვანი სავარჯიშოები, წინა წლების ტესტები და სპეციფიკური ამოცანები. კარგი რეპეტიტორი სწორედ ამ კომბინაციას იყენებს, რათა მოსწავლე მაქსიმალურად მოამზადოს.

 

არსებული რეალობის უკეთ შესაფასებლად, გთავაზობთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, მარიამ ბერაძის მოსაზრებას:

მარიამ, არის თუ არა ისეთი საკითხები, რომლებიც სკოლაში ზედაპირულად ისწავლე, გამოცდაზე კი ამ თემის ღრმა ცოდნა მოითხოვეს?

– გამოცდებზე წარმატების მისაღწევად ნებისმიერ საგანში, გარდა თეორიული ცოდნისა, აუცილებელია, რომ ფლობდე სააზროვნო უნარებს, დროის მართვას, იყო სხარტი და მოქნილი. სასკოლო გარემოში ხშირად ყურადღება მხოლოდ ფაქტობრივ მასალებს ეთმობა და სხვა უნარების განვითარება უშუალოდ წინასაგამოცდო პერიოდში გიწევს.

კონკრეტული სასკოლო მასალის შესწავლის შემდეგ მუდმივად ახალ თემებზე გადავდივართ; არადა, ხშირი გამეორება მოსწავლეებს უკვე მიღებულ ცოდნას გაუღრმავებდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სკოლაში მრავალი საგნის ერთდროული სწავლა ამცირებს ათვისების ხარისხს იმ საგნებისას, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე ვაბარებთ და გადამწყვეტი როლი აქვს როგორც წარმატებულ სტუდენტობაში, ისე სამომავლო კარიერაშიც.

როგორ ფიქრობ, რეპეტიტორის გარეშე, მხოლოდ სკოლისგან მიღებული ცოდნით, შეძლებდი თუ არა იმავე შედეგის მიღებას?

– რთული სათქმელია. ჩემი – ბორის საჯარო სკოლა ნამდვილად უმაღლესი ხარისხის განათლებას იძლევა, რაც განპირობებულია პროფესიონალი პედაგოგებით. ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ გამოცდებისთვის დამატებით მოვმზადებულიყავი.

აღსანიშნავია, რომ მე-11 კლასშიც მოვახერხე ეროვნულ გამოცდებთან გამკლავება, სკოლაში შესწავლილი მასალით. ვთვლი, რომ დამოუკიდებლადაც შეიძლება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება, მაგრამ ეს დღევანდელ რეალობაში მაინც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. თავის დაზღვევის მიზნით რეპეტიტორებთან მომზადება საგამოცდო სტრესსაც ამცირებს და ეს ასევე დადებითად აისახება საბოლოო შედეგებზე.

რამდენად სამართლიანია სისტემა, სადაც სასკოლო განათლება ვერ უზრუნველყოფს ეროვნული გამოცდების უმაღლესი ქულებით ჩაბარებას?

– ცხადია, უმჯობესი იქნებოდა, რომ მოსწავლეები ასეთი გამოწვევის წინაშე არ დგებოდნენ. მომზადება სხვადასხვა საგნებში დაკავშირებულია დამატებით ფინანსურ ხარჯებთან, ენერგიასთან, დროსთან. 12 წლის განმავლობაში შესწავლილი საგნები, დაგროვილი ცოდნა და მიღებული გამოცდილება უნდა იყოს საკმარისი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.

მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო სისტემა მეტად მოერგოს მოსწავლეთა და აბიტურიენტთა საჭიროებებს; უზრუნველყოს სრულფასოვანი საჯარო განათლება, სტუდენტობა და აკადემიური წინსვლა.

ლიზი კურტანიძე