

1 ივნისს ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის აფხაზეთის ომში გმირულად დაცემიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღეს გიას საფლავთან ლურსმანაშვილთა საგვარეულო კავშირის წევრები, მისი მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები და ახლობლები შევიკრიბეთ.
ომში დაღუპული საამაყო გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა არჩილმა (ლურსმანაშვილი) აღავლინა. ლურსმანაშვილთა საგვარეულო კავშირის წევრებმა გვირგვინით შევამკეთ გიას საფლავი, გავიხსენეთ მისი ხანმოკლე ცხოვრება, მივუძღვენით ლექსები, მისი ხსოვნის საპატივცემლოდ შევასრულეთ სახელმწიფო ჰიმნი და პატრიოტული სიმღერები.
გია ლურსმანაშვილი იყო სიცოცხლითა და მომავლის იმედებით სავსე 22 წლის ვაჟკაცი, რომელმაც სამშობლოს ტკივილი გაითავისა. საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ერის ღირსება და თავისუფლება. მასზე დაწერილ საგმირო ისტორიაში აღწერილია, თუ როგორ გადაარჩინა მან სხვისი სიცოცხლე, როგორ მიიღო მტრის ტყვიის წვიმა საკუთარ სხეულზე და როგორ იმღერა სიკვდილის წინ „შავლეგო“.
„ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი დიდი მამულიშვილის დავიწყებას, – მოგვმართა გიას საფლავთან შეკრებილებს ლურსმანაშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე რამაზ ლურსმანაშვილმა, – გმირები არ კვდებიან. ისინი ჩვენს ფესვებად იქცევიან, ახალ ვარსკვლავებად იბადებიან, ლოცვითა და სინდისით მომავალ საქართველოს აძლიერებენ.
გია ლურსმანაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის მედლით. გასაოცარი ფაქტია, რომ ამ პატარა და ულამაზეს სოფელ ჩხერში, ორი გმირი გვყავს, – ვლადიმერ და გია ლურსმანაშვილები. მადლობა გმირობისა და თავგანწირვისათვის. მადლობა დიდი სახელისათვის. დიდება თქვენს უკვდავ სულებს“.
მე კი ლექსი მივუძღვენი გია ლურსმანაშვილის ხსოვნას:
ერთმა უბრალო ჩხერელმა ბიჭმა,
შეისისხლხორცე ტკივილი ერის,
დროშას შეჰფიცე – გიერთგულებო,
გადასარჩენად ჩაჰკიდე ხელი.
სამშობლოს დაჭრილ სისხლიან მკერდზე,
წამლად ადებდი სიცოცხლეს წმინდას,
ზეცას აჰქონდა სურნელი დენთის,
სატკივარს ვეღარ იტევდა მიწა.
ტყვიების წვიმას დაუდექ ფეხზე,
სიმღერით სძლიე მტრის ვერაგ მიზანს,
„შავლეგო“ ისევ ისმის აფხაზეთს,
სიკვდილის წინ რომ იმღერე გმირმა.
შენი სახელი ანათებს წარსულს,
შენი არყოფნა კი ყველას გვტკივა,
მარადიული დიდება შენს სულს,
თვით უკვდავებას ებარე გმირად.
მაკა ლურსმანაშვილი
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
1 ივნისს ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის აფხაზეთის ომში გმირულად დაცემიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღეს გიას საფლავთან ლურსმანაშვილთა საგვარეულო კავშირის […]
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 30 ივნისს გაიხსნა.