ამ დარბაზის ასამოქმედებლად, ახლა ინვენტარისა და აპარატურის შეძენაა საჭირო. ამისათვის ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს.

12 წლის განმავლობაში უფუნქციოდ მიტოვებული ამ დარბაზის რეაბილიტაციისა და გამოყენების საჭიროებაზე ონლაინგამოცემა „ჩემი ხარაგაული“ რამდენიმე თვის წინ წერდა.

ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს დარბაზის ამოქმედების შემდეგ საკრებულოს სხდომაზე დასწრებისა და მონაწილეობის სათანადო პირობები გვექნება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშილი ამბობს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ საკრებულოს სხდომათა დარბაზი, ეს იქნება სივრცე საჯარო შეხვედრებისთვის, კონფერენციებისთვის და სხვ.

„ხარაგაულის მინიციპალიტეტმა, შესაბამისი შეფასების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროსგან 2025 და 2026 წლებში მიიღო გრანტი, – პირველად 550 ათასი ლარი, მეორედ – 300 ათასი ლარი. ცხადია, ეს თანხა მთლიანად დარბაზის აღჭურვას არ მოხმარდება, მაგრამ ამ თანხიდან ვფიქრობთ, დარბაზისთვის საჭირო ინვენტარისა და აპარატურის შეძენას,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

წლებია, ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის დარბაზი უმოქმედოა; საკრებულოს სხდომები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ტარდება და მოქალაქეები, სურვილის შემთხვევაში, სხდომაზე დასწრებას, უადგილობის გამო, ვერ ახერხებდნენ.  ხარაგაულის თვითმმართველობას ტენდერი დარბაზისა და სახურავის რეაბილიტაციისთვის 120 928 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.