კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ალტერნატიული ენერგიის გამოყენებაა.

საქართველოში ამის წარმატებული მაგალითია გორის ქარის ელექტროსადგური. ეს ელექტროსადგური პირველია სამხრეთ კავკასიაში. გორის ქარის ელექტროსადგური 6 ტურბინისგან შედგება. თითოეულის სიმძლავრე 3,45 მეგავატია. საერთო ჯამში, ქარის ეს ელექტროსადგური წელიწადში, საშუალოდ, 80-90 მლნ კვტსთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

გორის ქარის ელექტროსადგური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ენერგეტიკის სამინისტრომ 2016 წელს ააშენა. 2019 წელს ის სახელწიფომ გაყიდა და ახლა მისი მფლობელი „განახლებადი ენერგიების ჰოლდინგია“.

„ეს ახალი, ტექნოლოგიურად მზარდი სისტემაა, – ამბობს „განახლებადი ენერგიების ჰოლდინგის“ წარმომადგენელი ლუკა ჯანიაშვილი, – საქართველოს ენერგეტიკისთვის ქარის ელექტროსადგურის აშენება წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ეს სფერო უნდა განვითარდეს, რადგან უსაფრთხო და სტაბილურია. თანამედროვე ევროპული ქვეყნები ქარის ენერგიის მოხმარებაზე გადადიან.

თუმცა, ქარის სიმძლავრე მაინც ბუნებაზეა დამოკიდებული, ცვალებადია და ამ სისტემას მუდმივი კონტროლი სჭირდება. ელექტროსადგური მუშაობას იწყებს, როცა ქარის სიჩქარე 4-დან 25 მ/წმ-მდეა. წელს, მაგალითად, აპრილში, გასულ წელთან შედარებით, კარგი ქარიანი სეზონი იყო. ყველაზე მეტი, – 92 მლნ კვტ ელექტროენერგია გორის ქარის ელექტროსადგურმა 2023 წელს გამოიმუშავა.

ქარის ელექტროსადგურზე გამომუშავებულ ელექტროენერგიას ღია ბაზარზე ვყიდით.

გასულ, 2024 წელს ქარის ელექტროსადგურმა დაახლოებით 88 მლნ კვტსთ ენერგია გამოიმუშავა და პროგნოზირებულ მაჩვენებელს, ფაქტობრივად, 3.8 მლნ კვსთ-ით გადააჭარბა, ხოლო მისი გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 14.7 მლნ ლარი შეადგინა.

გორის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიით 25 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა.

ქარის ელექტროსადგური და ზოგადად, ალტერნატიული ენერგიის წყაროები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის აუცილებელია. ზოგადად, ქვეყანაში განახლებადი ენერგეტიკული წყაროების ათვისების პოტენციალი საკმაოდ დიდია. ეს მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, – ამბობს ლუკა ჯანიაშვილი.

„განახლებადი ენერგიების ჰოლდინგი“ უახლოეს პერიოდში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას კასპში გეგმავს. სამომავლოდ, ქარის ელექტროსადგურის აშენების საკითხს ტყიბულსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევშიც განიხილავენ.

ნინო კაპანაძე

გორის ქარის ელექტროსადგურზე ჟურნალისტების ვიზიტი საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სემინარის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

ამავე თემაზე

ევროკავშირის ინიციატივა – „მერების შეთანხმება“ – კლიმატის ცვლილების შესარბილებლად