„ერთ დღეს ვიღაც კაცმა თოჯინები წამართვა და ქვაბი დამაჭერინა ხელში. მე იმ კაცს ვერ გავუძელი და თავი მოვიკალი. მე 13 წლის ზეინაბი ვარ“.

„30 წლის რომ ვიყავი, სოფელში კაცებმა ჩამქოლეს იმიტომ, რომ ვიღაცამ თქვა, – ცხვარში წასულ ქმარს ღალატობსო. მეორე დღეს სახლში ჩამომხრჩვალი მიპოვეს. მე 30 წლის ხანუმი ვარ“.

„ჩემი შეყვარებულის ფოტო ფეისბუქზე დავდე. იმას კი შერცხვა, რომ ტრანსგენდერი ქალი უყვარდა და 27 ჭრილობა მომაყენა დანით. მე 37 წლის კესარია ვარ“.

„მე და დედა ბავშვს ვასეირნებდით, როცა ჩემმა ყოფილმა ქმარმა სანადირო თოფიდან გვესროლა და ორივე ადგილზე მოგვკლა. მე 21 წლის მარიამი ვარ“.

ეს მოგონილი ამბები არ არის. ეს ნამდვილი ქალების ნამდვილი ისტორიებია, ბევრად უფრო შემზარავი, ვიდრე რომელიმე მწერალი აღწერდა საკუთარ ტექსტში. ეს ბრუტალური ისტორიები მოწმენდილ ცაზე არ ჩნდება. ეს იმ პატრიარქალური საზოგადოების შედეგია, რომელშიც დღეს ჩვენ ცხოვრება გვიწევს და რომელიც ვერა და ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ქალი შეიძლება იყოს თავისუფალი.

რას ვერ გვპატიობს საზოგადოება; რატომ გვკარნახობს, როგორები უნდა ვიყოთ; რა უნდა გვეცვას, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა ვაკეთოთ ცხოვრებაში. რატომ ვერ ეგუება ქალის წარმატებას და რატომ ცდილობს წარმატებული ქალის დაკნინებას. რატომ არ გვისმენს, რატომ არ ესმის ჩვენი ხმა. ჩვენ ხომ უკვე დიდი ხანია ვყვირით.

დღეს, XXI საუკუნეში, ქალებმა თითქოს ბევრს მივაღწიეთ ჩვენი წინაპრების თავგანწირული ბრძოლის შედეგად. ისინი ისეთი ფუნდამენტური უფლებებისთვის იბრძოდნენ, როგორიც განათლების მიღება ან ხმის მიცემის უფლებაა.

ქალებს ბევრ სფეროში გაგვეხსნა კარი, – დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკაში, აკადემიაში, ბიზნესში, მედიცინაში და საკმაოდ წარმატებულებიც ვართ. ბევრ ევროპულ სახელმწიფოს ქალები უდგანან სათავეში, არაერთი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ქალი ვიცით დღეს – სენატის სპიკერი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე ქალები.

ისეთი მამაკაცური სფეროც კი, როგორიც თავდაცვაა, იქაც ვართ. ყველაზე დიდი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ყოფილან ქალები, მაგრამ რის ხარჯზე ვაღწევთ ამ წარმატებას, რა გზის გავლა გვიწევს, რამდენ დამცირებას და შეურაცხყოფას ვიტანთ საზოგადოებრივად აქტიური ქალები. არ აქვს მნიშვნელობა, პარლამენტარი ქალი ხარ საქართველოში, თუ კონგრესვუმენი ამერიკაში, მინისტრი საქართველოში, თუ პრემიერ-მინისტრი ავსტრალიაში.

რამდენიმე მაგალითს მოვიყვან ახლახან მომხდარი ამბებიდან: გავიხსენოთ, როგორ მოიხსენია პარლამენტარმა ბექა ოდიშარიამ თავისი კოლეგა ქალი, ანა ნაცვლიშვილი. ამ ციტატას აქ ვერ გავიმეორებ; ან როგორ მოექცა პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი პარლამენტარ ქალ თინა ბოკუჩავას, – ქალი ხელში აიტაცა და გადადგა.

გავიხსენოთ, რა გაუბედა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბერაიამ პარლამენტარ ქალ თეონა აქუბარდიას. იმ ციტატას აქ ვერ  მოვიყვან, იმდენად ამაზრზენია. აღარ მოვყვები, როგორ უდიერად მოიხსენიებენ მმართველი პარტიის წევრები, განსაკუთრებით კაცები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოს ქალებს ასე მხოლოდ საქართველოში არ ექცევიან.

გავიხსენოთ, რა მიაძახა კონგრესმენმა ტედ იოჰომ კაპიტოლიუმში კონგრესვუმენ ალექსანდრია ოკასიო-კორტესს. ან როგორ მოუწია საკუთარი თავის დაცვა ოპოზიციის ლიდერისგან ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ჯულია გილარდს; როგორ სექსისტურ შეკითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდერნს. მას ისიც კი წამოაძახეს, რომ ფეხმძიმედ იყო, ქორწინებაში კი – არა; როგორ წნეხში მოაქციეს ფინეთის პრემიერი სანა მარინი მეგობრებთან ერთად ცეკვის გამო.

დიახ, ძალიან აქტიურ ქალებს ყველგან ერჩიან.

ჩვენ არა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიმუშაოთ, არამედ იმაზეც, როგორ გამოვიყურებით, – ცოტა დიდი საყურე ხომ არ გვიკეთია, ან ცოტა მოკლე კაბა ხომ არ გვაცვია, ხომ არ გავსუქდით, ჭაღარა ხომ არ გამოგვიჩნდა… საზოგადოება, პირველ რიგში, ამას აკვირდება და  უფრო ხშირად იმით გვაფასებს, თუ როგორ გამოვიყურებით და არა იმით, თუ რას ვამბობთ.

ჩვენ უფრო უნდა ვუფრთხოდეთ ჩონჩხებს ჩვენს კარადაში, ვიდრე კაცები. ქალს ხომ არ აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი ცხოვრება და თუკი ასეთი გააჩნია, ამას უმალ გაამჟღავნებს სპეციალური სამსახური, თუ ხელისუფალის მორჩილი არ ხარ. ამის მაგალითებიც ბევრი გვაქვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მას შემდეგ, რაც ჩვენს საძინებლებში ტექნოლოგიების შემოღწევა მარტივი გახდა.

ამ მაგალითებს აქ აღარ ჩამოვთვლი. ეს მაგალითები ძალიან მტკივნეულია თითოეული ჩვენთაგანისთვის იმიტომ, რომ შესაძლოა, ჩვენზე ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ ეჭვი იმისა, რომ რაღაც იციან და როდესაც მოუნდებათ ჩვენი განადგურება ამას იტყვიან, ბევრ ქალს უკარგავს ძილსა და სიმშვიდეს.

„აქციის დროს ტროტუარზე ვიდექი და დავინახე, როგორ მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს. მივუახლოვდი და ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, პირდაპირ გინებაზე გადმოვიდა და მაშინვე ჩამსვა დაკავების მანქანაში.

მუხლებზე დამაყენეს და ისე გადამიყვანეს პოლიციაში“, – ჰყვება ნათია ძიძიგური, ახალგაზრდა ქალი, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა და რომელიც 19 ნოემბერს სამართალდამცავებმა დააკავეს, – მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

„წამოდი შენი ნებით, თორე არ მინდა უშნო რაღაცების გაკეთება“, – უთხრა პოლიციელმა აქტივისტ ნენსი ვოლანდს, როდესაც მის სახლში შეიჭრნენ და ჩხრეკა მოაწყვეს. მანამდე პოლიციელმა საკუთარ სახლში მას ტანისამოსის გახდა და გარკვეული მოძრაობების გაკეთება აიძულა, რაც, წამებასთანაა გათანაბრებული და რასაც დიდი სიამოვნებით იყენებს „ქართული ოცნება“.

ამ კაცების სახელებიც ვიცით და გვარებიც, პასუხს არც ისინი აგებენ. პარლამენტარი კაცების მსგავსად, სისტემა მათ იცავს. პირიქით, მსგავსი რამ შეიძლება წახალისებულიც იყოს კრებსითი მორალისტების მიერ. „იციან, ვინ დააყენონ მუხლებზე. აბა, ჩემს შვილს კი არ გაუბედავენ მაგას“, – ესეც პასუხი აქტიურ ქალს, რომელმაც პროტესტი გაბედა.

ეს კრებსითი მორალისტი იმ კაცსაც გაამართლებს, რომელმაც ცოლი მოკლა. „აეჭვიანა და წყობიდან გამოიყვანა“, „ისეთ ფოტოებს დებდა ფეისბუქზე, გააგიჟა ბიჭი“, „დაშორებულები არ იყვნენ, უკვე ვიღაც გაიჩინა“, „მესიჯები უპოვნა და შემოაკვდა, კარგი ბიჭი იყო“… ფემიციდის გამომწვევი მიზეზები არ ილევა, ისევე როგორც არ ილევა მცდელობები მკვლელობის გამართლებისა: „ქალია, ჭკუით მოქცეულიყო“, „კაცს ასე არ უნდა მოექცე“…

და ვინ არის ეს კაცი, რომელსაც „ასე“ არ უნდა მოვექცეთ. შეიძლება ზეინაბივით, ხანუმივით, მაკასავით ან კესარიასავით დავასრულოთ ცხოვრება. როგორი საზოგადოების პირმშოა ეს კაცი, როგორ ზრდიან ამ კაცებს პატრიარქალური საზოგადოების დედები.

„არ იტირო, შენ ხომ კაცი ხარ“, „რისი გეშინია, შენ ხომ კაცი ხარ“, „ცოლი თავზე არ დაისვა, შენ ხომ კაცი ხარ“ და აი, ეს კაცი ხდება მოძალადე და ამასთანავე მსხვერპლი ფალოცენტრისტული საზოგადოებისა იმიტომ, რომ თავად პატრიარქალური საზოგადოების კულტურაა ძალადობრივი.

XX საუკუნის ბოლოს ლიბერალურმა ღირებულებებმა, ფემინიზმის მზარდმა ტალღამ, ქალთა ემანსიპაციამ, რასაც შედეგად ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოჰყვა, მართლაც გაგვათავისუფლა მრავალი წნეხისგან. ჩვენ თავად გავხდით საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის პატრონები და განმკარგველები, ყოველ შემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებში.

ცოტა ხნის წინ ისიც კი გავბედეთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ვამხილეთ მოძალადე კაცები და ხმამაღლა დავიწყეთ ამაზე საუბარი. თითქოს ყველაფერი ლოგიკურად იქით მიდიოდა, რომ მართლაც თანასწორები ვხდებოდით, მაგრამ უცებ რაღაც შეიცვალა.

უცებ ვიღაცას მოუნდა, გადაეწყვიტა ჩემი  რეპროდუქციული უფლებები. ვიღაც კაცმა ამიკრძალა აბორტის გაკეთება, ვიღაც სხვა კაცმა იმაზეც დაიწყო ლაპარაკი, შემიძლია თუ არა კონტრაცეპტივების მიღება, უშვილო ქალებს კი დაგვცინა და თქვა, რომ ხმის უფლება არ უნდა გვქონდეს.

ვიღაც უწიგნურმა სიტყვა გენდერი ამოიღო  ხმარებიდან და გენდერული საბჭო გააუქმა. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? იქნებ ქალების სამზარეულოში დაბრუნება.

რა უნდა გავაკეთოთ ქალებმა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ იმ აგრესიას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს გააქტიურებასთან ერთად აქტიურდება. მაშ როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალები? გულწრფელად გეტყვით, ვერანაირი რეკომენდაციები პარტიებისადმი ამას ვერ უშველის.

მე თავად ვწერე ქალთა გაძლიერების სტრატეგია და მოქმედების გეგმა ერთი პარტიისთვის, მაგრამ ჩემი რეკომენდაციები ფურცელზე დარჩა, არც კი განუხილავს არავის. ვერც ე.წ. გენდერული საბჭო გახდება რამეს. ყველაზე მთავარი მონაპოვარი – ქვოტების სისტემა დაგვახიეს თავზე.

ამიტომ, ქალებო, როგორ პათეტიკურადაც უნდა ჟღერდეს, მხოლოდ ჩვენ და მარტო ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით, ერთმანეთის გამხნევებით, ერთმანეთის დაცვით და გვერდზე დგომით. როგორც საქართველოს გერბზე წერია, „ძალა ერთობაშია“. ქალთა ერთობა კი უდიდესი ძალაა.

სოფიო შამანიდი
ფილოლოგიის ასოცირებული პროფესორი

ეს სტატია მომზადებულია საქართველოში ქალთა პირველ კონგრესზე სოფიო შამანიდის სიტყვის მიხედვით. ამ კონგრესის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიის მშენებლობაში, ქალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მიღწევა.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

„უნდა ვიბრძოლოთ მავნე სოციალური ნორმების წინააღმდეგ“

ძალადობა გამოვლილი ქალების საჭიროებები სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს