ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის სათბობი შეშის შეძენა ოჯახებს 1200-დან 1500 ლარამდე უჯდებათ.
ამის მიზეზი ისაა, რომ საშეშე მერქანი მათი საცხოვრებელი ადგილიდან დიდი მანძილით დაშორებულ ტყეკაფშია მობეჭდილი. ინდმეწარმეები, რომლებსაც ხე-ტყის კანონიერად მოპოვების უფლება აქვთ, ამაზე იაფად შეშას ვერ ყიდიან. საწვავი, მაღალგამავლიანი ავტომანქანა, მუშახელი, რომელიც მოჭრილ ხეს შესაბამის ზომაზე დაჭრის, მათაც ძვირი უჯდებათ.
ზვარეში მცხოვრები დალი გოგნაძე ამბობს, რომ იძულებული გახდა, წელს ძროხა გაეყიდა და შეშა ისე შეეძინა. „1 200 ლარი დამიჯდა შეშის ყიდვა, – ამბობს დალი გოგნაძე, – ძროხა გავყიდე, პირიდან ლუკმა გამოვიცალე და ახლა მთელი წელი მშიერი დავრჩი, მაგრამ რა ვქნა, სახლში ფეხმოკვეთილი მეუღლე მყავს. ის აფხაზეთის ომის ვეტერანია, ვერ გადაადგილდება, დიაბეტი აქვს, არითმია აწუხებს. მე ზვარეს სკოლაში დამლაგებლად ვმუშაობ და ჩემი ხელფასით შეშას როგორ ვიყიდი?! ძალიან გვიჭირს. შეშა შორს არის მობეჭდილიო და ამიტომ დაჯდა ასე ძვირი“.
„ტყე ჩვენს საცხოვრებელ სახლებთანაც არის, – ამბობს ზვარელი ზურაბ ტალახაძე, – თუმცა, მისი მოჭრის უფლება არ გვაქვს. მოგვცენ ახლოსმდებარე ტყეში შეშის მოპოვების ნებართვა და ხალხი კმაყოფილი დარჩება. „საქმიან ეზოებს“ რომ იძახიან, ზვარედან თეთრაწყაროში როგორ უნდა წავიდე, მოლითის ტყეში მოჭრილი შეშის საყიდლად?! ვერ ვხვდები, ეს უფრო იაფი როგორ დამიჯდება. მარტო ვცხოვრობ, საღამომდე სახლში არ მივდივარ და ამიტომ 600 ლარის შეშა ვიყიდე“.
რატომ ვერ ხერხდება სოფლებთან ახლოსმდებარე ტყეებში საშეშე მერქნის გამოყოფა, როდის ამოქმედდება „საქმიანი ეზო“, – ამ შეკითხვებზე ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი გიორგი ბახტიძე გვპასუხობს.
– ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის წუხილი, რომ საშეშე ტყეკაფი შორსაა გამოყოფილი, – ამბობს გიორგი ბახტიძე, – ამჟამად ვმოქმედებთ 2014 წელს დამტკიცებული „ტყის მოწყობის პროექტით“, რომლის თანახმადაც ტყეკაფები გამოიყო.
მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა უბანზე ტყეკაფები ახლოს ყოფილიყო, რის შესაძლებლობასაც კანონი და ტყის მოწყობის პროექტი მოგვცემდა, მაგრამ სამწუხაროდ, სოფლებთან უფრო ახლოს ტყეკაფის გამოყოფა ვერ შევძელით. 100 კბმ მერქანი რომ არის ასათვისებელი, არარენტაბელურია ჩვენთვის იქ ტყეკაფის გამოყოფა.
გაისად საშეშედ ახალი ტყეები უნდა შეირჩეს და ვფიქრობ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
ორი კვირის წინ საატყეო სააგენტომ ჩხერიდან სოფელ ჭარტალის ტყემდე 20-კილომეტრიანი გზა გავიყვანეთ. იმ ტყეში 700 კბმ ტყეკაფია ასათვისებელი. მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში, ამ გზით სარგებლობა შეუძლია. აქ ვაპირებთ ტყეკაფის ათვისებას თეთრაწყაროს „საქმიანი ეზოსთვის“, სადაც სამასალე მერქანიც უნდა შევიტანოთ და შეშაც. თეთრაწყაროში „საქმიანი ეზო“ ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. ამინდებიდან გამომდინარე, როგორც კი ტყეკაფში სამასალე მორსა და შეშას დავამზადებთ, თეთრაწყაროში მაშინვე დავასაწყობებთ.
მეორე „საქმიანი ეზოს“ მოწყობა ხევში უკვე დაიწყო. კარგი ამინდების შემთხვევაში, ხევში ეს პროცესი სამ-ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.
თეთრაწყაროს „საქმიანი ეზოდან“ სამასალე მერქანი აუქციონით გაიყიდება, ხოლო ღუმელის ზომაზე დაჭრილი საშეშე მერქანი, პირდაპირი მიყიდვის წესით. ერთი კბმ შეშა 100 ლარი ეღირება. სატყეო სააგენტო სამომავლოდ გეგმავს, რომ მოსახლეობას დაჩეხილი შეშა მიჰყიდოს. თუმცა, წელს ეს ვერ ხერხდება.
ამ ზამთრისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ორგანიზაციები, სკოლები და საბავშვო ბაღები სამყოფი შეშით მომარაგებულია. არ შეცვლილა შეშის მოპოვების პროცედურები და ტარიფები.
ერთ ოჯახს 7 კბმ შეშის მოპოვების უფლება აქვს. ერთი კბმ რცხილისა და წიფელის საშეშე მერქნის ბარათისთვის 6 ლარია გადასახდელი, მუხის საშეშე მერქნისთვის – 7 ლარი, ხოლო რთხმელის საშეშე მერქნისთვის – 5 ლარი. ხე-ტყის დამზადების ბარათზე, რომელსაც პირი ბანკში მიიღებს, მეტყევის ნომერია მითითებული.
იმედი მაქვს, 2025 წლიდან ტყის მოწყობის გეგმა უკეთესი იქნება და საშეშე ტყეკაფის გამოყოფას მოსახლეობისთვის უფრო ხელისაწვდომ ადგილებში შევძლებთ“, – ამბობს ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი გიორგი ბახტიძე.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: „საქმიანი ეზო“ თეთრაწყაროში
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულიდან ოჯახების მიგრაციის უმთავრესი მიზეზი ხე-ტყის რესურსებზე ხელმიუწვდომლობაა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი