მეთვრამეტე წელია, მოსახლეობას და მცირე მეწარმეებს სამასალე მერქნის მოპოვება აეკრძალა. სამასალე მორის მოპოვებისთვის გარემოს დაცვის სამინისტრომ ტყის იჯარით გაცემა დაიწყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად მაშინ ტყის რესურსების დაცვა დასახელდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ სატყეო რეფორმას აკრიტიკებდა, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრომ პრობლემის მოგვარება არა ტყეში კონტროლისა და დაცვის გაძლიერებით, არამედ გასაღების ბაზრის, ტრანსპორტირებისა და სახერხების კონტროლის გამკაცრებით დაიწყო.
სამასალე ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ავეჯის დამამზადებელი მცირე მეწარმეები ძალიან დააზარალა.
ოჯახები სოფლებში ღობის, იატაკის, სახურავის გამოცვლას ვეღარ ახერხებენ, რადგან ბაზარსა და აუქციონზე სამასალე მერქანი ძვირია. ადამიანები იძულებულები არიან, სოფელში საარსებოდ საჭირო მცირე რაოდენობის ხის მასალა ტყიდან უკანონოდ მოიპოვონ.
„სახელმწიფომ მაიძულა, უკანონობა ჩამედინა“…
მეორე წელია, სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების გამო პირობით მსჯავრს იხდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეში მცხოვრები ნოდარ ბაბლიძე. მას სახერხი დანადგარი ტყეში ჰქონდა განთავსებული, იქვე კი – წიფლის მორები.
„არც მორის და მითუმეტეს, ფიცრის გაყიდვას არ ვაპირებდი, – ამბობს ნოდარ ბაბლიძე, – მასალა ოჯახში მჭირდებოდა. ტყეში ვცხოვრობ და როგორ ვიყიდო ეზოს, ბოსტნის, ყანის შემოსაღობი ფიცარი?! არ მაქვს ამის შესაძლებლობა. სახელმწიფომ მაიძულა, ხე უკანონოდ მომეჭრა.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაკისრებული ფულადი ჯარიმის, 50 ათასი ლარის, გადახდას ვერ შევძლებდი და პირობითი სასჯელი დამაკისრა.
მესმის, რომ ტყეში ყველა არ უნდა შეუშვან, მაგრამ მეტყევეების ზედამხედველობით მოგვცენ სამასალე მერქნის მოპოვების უფლება და როგორც ადრე კანონიერად ვიხდიდით ფულს, ისე გადავიხდით.
წლების წინ მორების გაყიდვით ოჯახებს ვარჩენდით. ახლა ღობე ვეღარ შეგვიკეთებია. სოფლის მეურნეობის პროდუქტები სამყოფი არ მოდის. ყანა და ბაღჩა თუ არ შევღობე, ან იმ მცირე მოსავალს როგორ მოვიყვან?! იძულებულს გვხდიან, სოფელი დავტოვოთ“.
დაგვიანებული „საქმიანი ეზოები“
2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ სატყეო რეფორმის განხორციელება დაიწყო. 2013 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია“ დაამტკიცა.
ამ დოკუმენტის თანახმად, უნდა ჩამოყალიბებულიყო ტყის მართვაზე პასუხისმგებელი ახალი ორგანოები, რომელთაც ხე-ტყის დამზადება-წარმოება დაევალებოდათ.
„ტყეში უნდა შევუშვათ მცოდნე კაცი, რომელმაც იცის, რომელი ხე მობეჭდოს, როგორ მოჭრას და გამოიტანოს, – ამბობდა ბიძინა გიორგობიანი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი.
სატყეო რეფორმის თანახმად, 2021 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ უნდა ამოქმედებულიყო, საიდანაც საშეშე და სამასალე მერქანი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდებოდა.
ეს პირობა ამ დრომდე შეუსრულებელია.
ოცდათერთმეტი წელია, საღანძილეში მცხოვრები მალხაზ ყრუაშვილი ავეჯს აწარმოებს. წლების განმავლობაში ის ხარაგაულში შეშით საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამარაგებდა. დღეს კი მხოლოდ სკამებს ამზადებს. მასალას ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყიდულობს.
„უკეთესი იქნება, მასალის შეძენა ადგილზე რომ შემეძლოს, – ამბობს მალხაზ ყრუაშვილი, – დამეზოგება დრო და ფინანსები. სამასალე მერქანს მისი მომპოვებელი კერძო პირი ძვირად ყიდის – ერთი კბმ მასალის ფასი 950 ლარიდან იწყება. სახელმწიფო უფრო ხელმისაწვდომ ფასად გაყიდის. ამიტომ „საქმიანი ეზოები“ ადგილზე უნდა მოეწყოს“.
მალხაზ ყრუაშვილი იმ წლებს იხსენებს, როცა მასალის დასამზადებლად ტყეში ინდმეწარმეები კანონიერად შედიოდნენ.
„ტყეს ჩვენ არავითარ ზიანს არ ვაყენებდით. ყველაფერი ხდებოდა კანონიერად – მეტყევისგან მობეჭდილ ხეებს მათი ზედამხედველობით ვჭრიდით. ეს გაცილებით იაფი გვიჯდებოდა და შემდეგ მერქანსაც თავად ვამუშავებდით. 15 კაცი მყავდა დასაქმებული.
ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა ავეჯს ამზადებდა. ზოგს ხარი ჰყავდა და ტყიდან კანონიერად მოჭრილი მორები გამოჰქონდა, ზოგი ამ მორებს ხერხავდა. ჯაჭვი იყო შეკრული და ადამიანებს შემოსავალი ჰქონდათ.
სოფლის მეურნეობაშიც კარგად ვერკვევი და ხის მოჭრა-დამზადებაშიც. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობის მიგრაციის უმთავრესი მიზეზი ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობაა.
ვახანიდან, სხლითიდან, საღანძილიდან ოჯახები ავეჯის წარმოებით თავს რომ ირჩენდნენ, აკრძალვის შემდეგ სოფლებიდან წავიდნენ. მეც ბანკის ვალები მაქვს და წარმოებას ძლივს ვამუშავებ. ამჟამად ექვსი ადგილობრივი მყავს დასაქმებული“.
ხარაგაულში ავეჯის საწარმო აქვს ლევან ყრუაშვილს. მას სამასალე მერქანი ხან რაჭიდან, ხან სვანეთიდან მოაქვს. დიდი მანძილიდან ფიცრის მოტანა მისთვის რთულია და ამბობს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს აწყობილი სისტემა, სადაც ხარისხიანი სამასალე მერქანი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე გაიყიდება.
ხარაგაულის სატყეო უბნის ყოფილი უფროსი ალი მურადოვი ამბობს, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა როცა შეშას და სამასალე მერქანს კანონიერად მოიპოვებდა, ტყეს არავითარ ზიანს არ აყენებდა.
„ტყეს დიდი მეწარმეები და ბრაკონიერები აზიანებენ, – ამბობს ალი მურადოვი, – სატყეო მეურნეობა ყოველთვის მზად იყო, რომ მოსახლეობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებია და სახლისთვის რომ სჭირდებოდა გლეხს, 2 კბმ მერქანი გამოეყო.
ტყეში მრავლადაა ისეთი ხეები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოიჭრას, რომ ტყე გაჯანსაღდეს“.
როდის ამოქმედდება „საქმიანი ეზოები“ ხარაგაულში და რამდენად ხელმისაწვდომ ფასებში შესთავაზებს სახელმწიფო მოსახლეობას სამასალე და საშეშე მერქანს, – ამის გასარკვევად ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსს, გიორგი ბახტიძეს დავუკავშირდით.
„საქმიანი ეზო“ სოფელ თეთრაწყაროში ეწყობა, – ამბობს გიორგი ბახტიძე, – მშენებელი კომპანია ჩვენგან მიცემულ ხარვეზებს ასწორებს. დამპირდნენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის მზად იქნება.
უახლოეს ხანში სატყეო სააგენტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში „საქმიანი ეზოს“ მოსაწყობად ტენდერს გამოაცხადებს, ეს პროცესები თუ ნორმალური ტემპით განვითარდა, 2024 წლის ბოლომდე ხარაგაულში ორი „საქმიანი ეზო“ გვექნება.
„საქმიანი ეზოებიდან“ შემდგომი წლისთვის იგეგმება სამასალე და საშეშე მერქნის გაყიდვა. შეშა მოსახლეობას პირდაპირი წესით მიეყიდება, ხოლო სამასალე მერქანი – აუქციონით.
წელს „საქმიანი ეზოდან“ შეშით მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მოვამარაგებთ, რადგან ამ მომენტისთვის სატყეო სააგენტოს არ აქვს იმ რაოდენობით საშეშე მერქანი, რომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ამ ზამთრისთვის მოსახლეობას კვლავ ძველებურად, გასული წლების მსგავსად, საკუთარი ძალებით, მოუწევს შეშის ყიდვა.
საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ერთი კბმ საშეშე მერქანი 100 ლარი ეღირება. ადგილზე მიტანის ღირებულება 15 ლარი ეღირება, თუ კონკრეტული დაწესებულება „საქმიანი ეზოდან“ 30 კილომეტრითაა დაშორებული. შემდეგ თითოეულ კილომეტრზე ფასი 50 თეთრით იზრდება.
მოსახლეობისთვის არ ვიცით რა ეღირება „საქმიანი ეზოდან“ შეშის მიწოდება, რადგან ფასებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს შეშის ჯიშისა და საბაზრო ფასის გათვალისწინებით. სამასალე მერქანს რაც შეეხება, ის საქმიანი ეზოდან აუქციონის წესით გაიყიდება. გადავდივართ ახალ ეტაპზე, როცა ტყის რესურსი „საქმიან ეზოში“ დასაწყობდება და ადვილად ხელმისაწვდომი გახდება“.
„წარუმატებელ რეფორმას საქართველოს ტყეები ვეღარ გადაიტანს“
2021 წელს ეროვნული სატყეო სააგნეტოს სტრატეგია დამტკიცდა, რომლის განხორციელება 2026 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. სატყეო რეფორმის შეფასება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორ რეზო გეთიაშვილს ვთხოვეთ.
„ყველა რეფორმას დრო და რესურსი სჭირდება, – ამბობს რეზო გეთიაშვილი, – რისკები დიდია. „საქმიანი ეზოების“ ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო და ახლა 2026 წლისთვის გადაინაცვლა.
სამწუხაროდ, საქართველოს ტყეებში შეშისა და სამასალე მერქანი ვეღარ არის ისე ხელმისაწვდომი, რომ მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური რეფორმები.
პარალელურად, ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა იფიქროს შეშის ჩანაცვლებაზე. სამასალე მერქნის ჭრა კი მთლიანად სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. სწორი მიდგომებით სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას და სატყეო რეფორმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.
ხე-ტყის მოსაჭრელად ადგილობრივი მოსახლეობა უნდა გადამზადდეს და დასაქმდეს, ვისაც ამის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სახელმწიფომ მათთან უნდა ითანამშრომლოს.
კიდევ ერთ წარუმატებელ რეფორმას საქართველოს ტყეები ვეღარ გადაიტანს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, ამ რეფორმის ეკონომიკურ, სოციალურ, ფინანსურ და ეკოლოგიურ სარგებელზე სწორი ინფორმაცია გაავრცელონ, მოსახლეობამ და ბიზნესმა ამ პროცესის მიმართ ნდობა რომ არ დაკარგონ.
სატყეო სააგენტომ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს ენერგეტიკის სამინისტროსთან და მთავრობის წინაშე დააყენოს თავისი პირობები, მათ შორის მოსახლეობისთვის ალტერნატიული ენერგორესურსებით უზრუნველყოფის შესახებ – ბუნებრივი აირი იქნება ეს, ბიომასა თუ განახლებადი ენერგიები. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს; ტყეების კატასტროფაა მოსალოდნელი, ეს რეფორმა რომ ჩავარდეს“.
საქართველოს მთავრობა კი ხე-ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის დაჩქარების ნაცვლად ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე ჯარიმებს ამკაცრებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, საქართველოში დღეს 54-მდე საქმიანი ეზო ფუნქციონირებს.
მისივე თქმით, ხე-ტყის უკანონო მოპოვება მაინც რჩება გამოწვევად. აქედან გამომდინარე, გეგმავენ ჯარიმების გამკაცრებას დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევის, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული ხე-ტყის აღმოჩენისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებზე.
ნინო კაპანაძე
მკითხველთა კომენტარებს შეგიძლიათ გაეცნოთ სოციალურ ქსელში.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი