როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებზე მისვლას და მოქალაქეების აქტიურობას, – ამ შეკითხვებით ხარაგაულელებს მივმართეთ.
ეკა მესხი, გეოგრაფიის მასწავლებელი: – ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რადგან როგორ პარლამენტსაც ავირჩევთ, ისეთ სახელმწიფო სტრუქტურებს მივიღებთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ღირსეული პარლამენტარები, თავისი საქმის სპეციალისტები, რომლებმაც იციან პოლიტიკა, დიპლომატია, წაკითხულის გააზრება, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია, კარგად ერკვევიან ჩემნაირი უბრალო ადამაინების პრობლემებში.
ცხოვრების ნორმალური პირობები გვინდა. მე კი არ უნდა ვეყო ჯამაგირს, ჯამაგირი უნდა მეყოს მე. არ უნდა მჭირდებოდეს ბანკში სესხის ასაღებად გაქცევა, როცა რამე საქმეს დავიწყებ. არ უნდა მეშინოდეს ექიმთან მისვლის, ჯანდაცვის ისეთი პაკეტი უნდა იყოს თითოეული ადამიანისთვის, როგორც ევროპის ყველა სახელმწიფოშია. იქ, ჩვენგან განსხვავებით, ავად გახდომის არ ეშინიათ.
ისეთ საქართველოში მინდა ვიცხოვრო, რომ ვინ არის მინისტრი და როგორი ცხოვრების სტილი აქვს, არ დავინტერესდე.
ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული ყველაფერი. პირადი ინტერესები ყველამ გვერდზე გადავდოთ და ადამიანურ ურთიერთობებს მოვუფრთხილდეთ. ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. აღარ გვინდა ამდენი აგრესიის მოსმენა პოლიტიკოსებისგან, ისედაც დაძაბული ცხოვრება გვაქვს.
ნიკო მაჭავარიანი, ისტორიკოსი: – საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტზე დიდი ინსტიტუტი საქართველოში არ არსებობს. ამიტომ ყველაზე მთავარია, რომ პარლამენტში ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომელთა მუშაობა პროდუქტიული იქნება. პარლამენტარები განვითარებული და მცოდნე ადამიანები უნდა იყვნენ.
ახლანდელი არჩევნები განსაკუთრებულია. პოზიცია და ოპოზიცია ამბობს, რომ არიან დასავლური ხედვის. ვინ როგორ ასრულებდა ამას აქამდე და შეასრულებს მომავალში, ამ არჩევნებით გამოჩნდება.
ჩემი ოცნებაა, რომ ის უბედურება, რაც 1991-92 წლებში მოხდა საქართველოში, როდესაც კანონიერად არჩეული ხელისუფლება დაამხეს პუტჩისტებმა, გამოიძიოს პარლამენტმა. სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია.
ვფიქრობ, რომ ეროვნული ხელისუფლების გაძევებაში უდიდესი როლი რუსეთს მიუძღვის. 223 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა პირველად დაიპყრო ქართლ-კახეთის სამეფო. მას შემდეგ სულ არის რუსეთ-საქართველოს ომი. საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ და ამოიძირკვოს საქართველოდან რუსეთის ფეხი და აგენტურა. უნდა დავიბრუნოთ რუსეთისგან დაპყრობილი აფხაზეთი და სამაჩაბლო.
თამარ მაქაძე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: – პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული იმიტომ, რომ ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა ქვეყნის მოწყობასა და ქვეყნის მომავალზე. მრავალპარტიული პარლამენტი უფრო მეტი საქმის გაკეთებას შეძლებს, უფრო მეტად ღირებულ კანონებს შექმნის.
კანონმდებლებს ძალიან დიდი პასუხისმგებელობა აქვთ იმ პუბლიკის წინაშე, ვისთვისაც კანონებს ქმნიან. კანონი უნდა მოერგოს ცხოვრების წესს, ადამიანებს და არა ადამიანები მოერგონ კანონს. თუ ვერ გავიგე, რა წერია იმ კანონში, როგორ დავექვემდებარები?!
საქართველოს ისტორიაში პარლამენტის ჩანასახი ადრეული საუკუნეებიდან გვქონდა. პარლამენტზე და კანონის შექმნაზე როცა ვსაუბრობთ, სულ გიორგი V ბრწყინვალე მახსენდება.
მთის მოსახლოებისთვის სამართლის წიგნის – ძეგლისდების შექმნისას, გიორგი ბრწყინვალემ სასახლეში მყოფი კანონმდებლები მთაში გააგზავნა, რამდენიმე წელი იქ აცხოვრა, რომ მათ შეესწავლათ იქაურების ხასიათი, ბუნება, წესი. მოგეხსენებათ, მთა ყოველთვის თავისუფალი აზროვნებითა და თავისუფლებისადმი დიდი წყურვილით გამოირჩეოდა. ამ ყველაფერზე დაყრდონით შეიქმნა ძეგლისდება, რომელიც მთის მოსახლეობამ მიიღო.
ასე უნდა იყოს დღესაც – კანონმდებელი უნდა იცნობდეს თავის ხალხს, ვისთვისაც კანონებს ქმნის.
უნდა მივიდეთ თუ არა არჩევნებზე? რა თქმა უნდა, უნდა მივიდეთ! საზოგადოებაში გაიგონებთ, – მე არ ვერევი პოლიტიკაში, აპოლიტიკური ვარო. არა ჩემო კარგებო, ჩვენ ვინც ვცხოვრობთ, ვინც ვსუნთქავთ, ყველა ამ საზოგადოების წევრები ვართ და საკუთარი მომავალი თავად უნდა გადავწყვიტოთ. ამის საშუალებას დემოკრატიული მმართველობა იძლევა. ჩვენს ქვეყანაში იყო ისეთი პერიოდი, როცა ერთი პარტია არსებობდა და იმ ერთი პარტიისთვის უნდა დაგვეკრა ტაში, განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალება არ იყო.
არჩევნები არის ფარული, არავინ აკონტროლებს, შენი აზრი რა მიმართულებით წარმართე და როგორ დააფიქსირე. ჩვენს მიერ არჩეულმა ადამიანებმა უნდა განახორციელონ ჩვენი სურვილები, თუ როგორი საქართველო გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის.
თაობებს, რომელთაც ვუშვებთ ყოველ წელს სკოლიდან, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა დახვდეთ. ამიტომ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვირჩევთ ხვალინდელ დღეს და სწორად განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი