„ჩვენ არ გვაქვს უფლება, ლექსი ვათქმევინოთ ბავშვს, რომელსაც მამა დაჭერილი ჰყავს. შენ კი დედაც დაჭერილი გყავს და მამაც, – ეს არის სულისშემძვრელი ფრაზა რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმიდან „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“.

ეს სიტყვები 7 წლის ლანას სკოლაში უთხრეს ერთ-ერთი ღონისძიების წინ, სადაც მას ვიქტორ ჰიუგოს ლექსი „ბარიკადებზე“ უნდა წაეკითხა.

93 წლის ასაკში ლანა ღოღობერიძემ გადაიღო ფილმი დედაზე, პირველ ქართველ კინორეჟისორ ქალზე – როგორც თავად ამბობს, ერთი დავიწყებული ქალის ცხოვრებაზე და მისი ასევე დავიწყებული ფილმების შესახებ.

ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი ადამიანი, ვისაც გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიები პირდაპირ თუ ირიბად შეეხო, საკუთარ ბიოგრაფიას დაუკავშირებს.

ფილმში დედის ცხოვრებას თავად რეჟისორი გვიყვება. დედასთან გატარებულ ბედნიერ წლებს ფოტოსურათებით აცოცხლებს. ფილმში გამოყენებულია ნაწყვეტები ლანა ღოღობერიძის ფილმებიდან – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ვალსი პეჩორაზე“, „დღეს ღამე უთენებია“.

ლანა ღოღობერიძის დედა ნუცა ხუციშვილი 1902 წელს საინგილოში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამამისს, მათემატიკის მასწავლებელს, ცხრა შვილი ჰყავდა, – სამი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი. მამამ ყველა მათგანს უმაღლესი განათლება მიაღებინა.

ნუცა ხუციშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. ის ფლობდა რუსულ, გერმანულ, ფრანგულ ენებს. 1923-25 წლებში გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1930 წელს მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ბუბა“, ოთხი წლის შემდეგ მხატვრული ფილმი – „უჟმური“. ეს ფილმები ცენზურამ მაშინვე აკრძალა. „უჟმური“ ასახავს იმდროინდელ ჭაობს, რომელშიც საბჭოთა ხელისუფლების რეჟიმი ყველასა და ყველაფერს ახრჩობდა.

იმის მიუხედავად, რომ ნუცა ხუციშვილის მეუღლე ლევან ღოღობერიძე, პარტიული მუშაკი და კომუნისტური იდეოლოგიის გამტარებელი იყო, 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ამის შემდეგ დაიწყო დედა-შვილის მძიმე ცხოვრება. ლანა ღოღობერიძე იხსენებს, თუ როგორ გაექცა მას, – 8 წლის პატარა გოგონას, –  ოჯახის მეგობარი ქუჩაში შეხვედრისას; უსახსროდ დარჩენილები კი როგორ გადაარჩინა გერონტი ქიქოძემ. მან შარლ პეროს ზღაპრების სათარგმნად ხელშეკრულება დადო გამომცემლობასთან, ტექსტი ნუცა ღოღობერიძეს ათარგმნინა და ჰონორარიც მას მისცა. „ასეთი ადამიანები ქმნიან ცხოვრებას“, – ამბობს ფილმში ლანა ღოღობერიძე.

1937 წლის ბოლოს დააპატიმრეს ნუცა ღოღობერიძე, როგორც „ხალხის მტრის ოჯახის წევრი“ და ათი წლით ციმბირში, ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს. წლები, რომლებიც ლანამ დედის გარეშე გაატარა, სავსე იყო ტკივილით, უსამართლობით, დედის უსაშველო მონატრებითა და დედასთან შეხვედრის შიშით.

ფილმში რეჟისორი გვიყვება დედის განსაცდელს გაუსაძლის ყინვაში. ყინულოვან ტრამალებში რომ არ გაყინულიყო, ის ლანას თავის თავგადასავალს „უყვება“ ბოროტი ჯადოქრების ყინულის სამეფოში მოგზაურობაზე და სთხოვს, რომ შვილმა ხელი არ გაუშვას.

ნუცა ღოღობერიძემ, საკონცენტრაციო ბანაკში შვილის მონატრებას რომ ვეღარ უძლებდა, ქსოვა დაიწყო. ის და მასთან ერთად მყოფი ქალები შვილებისთვის ქსოვდნენ.

ლანას თითქმის გაუხდელად ეცვა დედისგან საკონცენტრაციო ბანაკში მოქსოვილი და შვილისთვის გამოგზავნილი კაბა იმის ნიშნად, რომ მასაც ჰყავს დედა, რომელიც შვილს ასაჩუქრებს.

თბილისში დაბრუნებულ ნუცა ღოღობერიძეს მუშაობის უფლება არ ჰქონდა. თუმცა, არნოლდ ჩიქობავამ მას ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობა დააწყებინა.

გულაგის ბანაკში გადახდენილ ამბებზე ნუცა ღოღობერიძე არასდროს ლაპარაკობდა. თუმცა, დაწერა მოთხრობები, რომლებიც 2011 წელს წიგნად გამოიცა. მას არასდროს უსაუბრია თავის ფილმებზეც. სიცოცხლის ბოლო წლები მან ლანასა და მის შვილებზე ზრუნვაში გაატარა. გარდაიცვალა 1966 წელს, 63 წლის ასაკში.

დედის გარდაცვალების შემდეგ ლანა ღოღობერიძეს არ ასვენებდა ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორი ფილმები გადაიღო ნუცამ. „ბუბასა“ და „უჟმურის“ ფირებს მან მოსკოვის ერთ-ერთ კინოსაცავში მიაკვლია. ამ ფილმებს, რომელიც საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს, კინოკრიტიკოსებმა შედევრები უწოდეს. ეს იყო ნუცა ღოღობერიძის მეორედ დაბადება და აღიარება.

დედის ცხოვრებისა და შემოქმედებისგან შთაგონებული ლანა ღოღობერიძე ყოველთვის იღებდა ფილმებს ძლიერ ქალებზე, რომლებიც ბედისწერას ებრძოდნენ.

სიცოცხლე გრძელდება და დღეს უკვე ლანა ღოღობერიძის ქალიშვილი – ნუცა ალექსი-მესხიშვილი იღებს ფილმებს, რომლებიც დედისა და ბებიის ფილმებთან ერთად საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია.

  • „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ ჩვენება 16 აგვისტოს KineDok Georgia-სა და მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ თანამშრომლობით, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში შედგა. ფილმი 50-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. ფართის სიმცირის გამო ჩვენება ორ სეანსად გაიმართა. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა „კინოდოკ საქართველოს“ წარმომადგენელ ნატალია ჩხარტიშვილის ჩართულობით.

„შეძრული ვარ იმით, თუ როგორ შეიწირა რეპრესიებმა და არაადამიანურმა რეჟიმმა მსოფლიო დონის რეჟისორი ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძე, რომელიც თავის სიტყვას იტყოდა კინომატოგრაფიის განვითარებაში, – ამბობს ისტორიკოსი ეკა შველიძე, – მისნაირი დიდი ადამიანები ყოველთვის ხედავენ, რომელი გზაა ბედნიერების მომტანი და რომელი – დამღუპველი.

ლანა ღოღობერიძე, როგორც რეჟისორი, უნიკალური მოვლენაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ოჯახის სამი თაობა კინოხელოვნებას ემსახურება“.

„ჩემი თაობისთვის ცნობილია ფაქტები, თუ როგორ აწიოკებდნენ ოჯახებს 1937 წელში, როგორ აობლებდნენ ბავშვებს, როგორ ეძახდნენ მათ „მტრის შვილებს“, – ამბობს პოეტი ლინა ბარათაშვილი, – მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლებისთვის უპატიებელია, იმის მიუხედავად, რომ მეც იმ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ვიმყოფებოდი.

ლანა ღოღობერიძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულია. დიდი ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად, ის და დედამისი არ გაბოროტდნენ, ფარ-ხმალი არ დაყარეს, ყველაფერს ადამიანებისადმი სიყვარულით აკეთებდნენ. ფილმი „დედა-შვილი“ ბევრი დედა-შვილის ტკივილს ასახავს. მსგავსი რამ ღმერთმა არასდროს არავის განაცდევინოს“.

„სოფელ ღორეშაში ცხოვრობდა რეპრესირებული ლეკო კიკნაძე, რომელიც სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა, – იხსენებს პედაგოგი ლია რამინიშვილი, – ის მთელი ოჯახით გადასახლებული იყო. არ უყვარდა იმ პერიოდის გახსენება და ამბობდა, შემარცხვენელი წლები იყოო. მას არ ჰქონდა უფლება, გამოცდების დროს კომისიის წევრი ყოფილიყო იმის მიუხედავად, რომ საუკეთესო მათემატიკოსი გახლდათ, წინსვლის შესაძლებლობას არც წლების შემდეგ აძლევდნენ“.

„რეპრესირებული იყო დედაჩემის ბაბუა, – ამბობს იურისტი ინგა მაღრაძე, – დასახვრეტად რომ უნდა წაეყვანათ, უმცროსი შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს. ვიღაც შინაურს შეცოდებია და შვილის დასატირებლად გამოუგზავნია. ერთ-ერთ ჩინოვნიკს უთქვამს, მიუსამძიმრეთ და უთხარით, სოფელი ამაღამვე უნდა დატოვოსო.

იმ ღამეს, ბაბუას, ეზოში ქვის სკამზე მჯდომს, დარდისგან გული გაუსკდა და გარდაიცვალა… ამის შესახებ ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში არავინ საუბრობდა. მთავარია, მომავალში ეს აღარასდროს განმეორდეს“.

„აღფრთოვანებული ვარ ლანა ღოღობერიძისა და დედამისის ბრძოლით რეჟიმის წინააღმდეგ, – ამბობს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ქრისტინე ლაცაბიძე, – ასე უნდა ვიქცეოდეთ ყოველთვის და დღეს მითუმეტეს, როდესაც თავისუფლებაზე შეტევას ცდილობენ“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი გაცხადებულია – ჩვენ ევროკავშირს ვირჩევთ