„კინედოკ საქართველოს“ ინიციატივით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში დოკუმენტური ფილმის – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ კინოჩვენება გაიმართა.
ფილმი ასახავს პოლიტიკური და პირადი დილემის წინაშე მყოფი რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მდგომარეობას, რაშიც ისინი „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის ამოქმედების გამო აღმოჩნდნენ. ეს კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს.
ფილმში აღწერილია, თუ როგორ მძიმდებოდა რუსეთში გამომცემლობების „ნოვაია გაზეტას“, „დოჟდის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ სამუშაო პირობები. უკრაინაში რუსეთის მხრიდან ომის დაწყების შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
რუსეთის საკანონმდებლო ორგანო კრიტიკული და ობიექტური მედიის წინააღმდეგ ყოველდღიურად ახალ-ახალ შემზღუდავ კანონებს იღებდა. კანონით აიკრძალა სიტყვა „ომისა“ და „ოკუპაციის“ გამოყენება. ომთან დაკავშირებით ნებისმიერი კრიტიკული მასალა რუსეთისა და რუსულ ჯართან დაკავშირებით თვითცენზურას გადიოდა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მედიას მხოლოდ მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა გაერცელებია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალი“, რომელიც 1937-38 წლებში რეპრესიების შესახებ უნიკალურ მასალებს ფლობდა, სასამართლომ 2021 წლის ბოლოს ლიკვიდირებულად გამოაცხადა.
რუსეთში, ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა ამბობდნენ და წერდნენ, – „არა ომს“, მხოლოდ ამ ორი სიტყვის გამო იდევნებოდნენ. ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ვერ ხვდებოდნენ, რატომ უწოდებდა ხელისუფლება მათ „არაკეთილსაიმედოს“.
ფილმში აშკარაა რუსეთის ხელისუფლების მიზანი – საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე უკრაინაში რუსეთისგან გაჩაღებული სასტიკი ომის შესახებ. ეს კი ამძაფრებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში შესაჭრელად რუსეთი წლების განმავლობაში ემზადებოდა.
მოქალაქეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც „აგენტების კანონს“, მედიის თავისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების შეზღუდვას აპროტესტებდნენ, პოლიცია იჭერდა და აჯარიმებდა.
მუშაობაში ხელშეშლისა და აკრძალვების გამო, 1500-მა ჟურნალისტმა 2023 წელს რუსეთი დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. 300-ზე მეტი ჟურნალისტი „აგენტად“ გამოაცხადეს, 70 ორგანიზაციაზე მეტი კი – „არასასურველად“.
საათნახევრიანი დოკუმენტური ფილმის – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ ნახვა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში 23-მა მოქალაქემ შეძლო. ფილმის ჩვენების შემდეგ რედაქციაში დისკუსია გაიმართა შეკრებილი ხარაგაულელების, „მედიის ადვოკატორების კოალიციის“ თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძისა და „კინოდოკ საქართველოს“ კოორდინატორ ნატალია ჩხარტიშვილის ჩართულობით.
ფილმი საფესტივალო ჩვენებისთვის ემზადება. ამიტომ, ჯერჯერობით, ტელევიზიით ამ ფილმის ჩვენება ვერ ხერხდება, რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამ რომ იხილოს.
„ჩვენი მიზანია, ადამიანებს ვუთხრათ და ვაჩვენოთ, რა მოხდება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, – ამბობს მამუკა ანდღულაძე, – თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დეპრესიაში უნდა ჩავვარდეთ. ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ – ევროკავშირი თუ რუსეთი.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი გაცხადებულია – ჩვენ ევროკავშირს ვირჩევთ. ამისთვის კი ხელისუფლებამ უნდა გაატაროს რეფორმები, რითაც თავადაც დარჩება მოგებული.
მედია თუ არ იქნება დამოუკიდებელი, საზოგადოება ვერ მიიღებს ობიექტურ ინფორმაციას. ევროკავშირის ქვეყნებში რომ ჩავდივართ, სიმშვიდე გვეუფლება, რადგან იქ არის გარანტირებული უსაფრთხოება, სოციალური სერვისები და სხვ. განა იქ არ ხდება დანაშაული, მაგრამ პოლიციაში რომ მიხვალ, არ გეშინია, მოგისმენენ, დაგეხმარებიან.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავიდანვე წესებზე შეთანხმდნენ და განსხვავებული ტრადიციებით ერთად, ჰარმონიულად თანაარსებობენ. 2020 წელს ინგლისმა ევროკავშირი დატოვა. კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყანა ამ ნაბიჯით დაზარალდა.
ევროკავშირში მოქმედებს საერთო წესები და ეს ასეც უნდა იყოს. წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ფეხბურთის ჩემპიონატის მონაწილე რომელიმე გუნდმა რომ თქვას, ჩვენ ბურთს ხელით გავიტანთო, ხომ არ დავუშვებთ. ევროპული მომავლისთვის ყველა უნდა მობილიზდეს, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
„რუსული კანონის“ მთავარი მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლა, რაც გულისხმობს ევროპულ თვითორგანიზებასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე უარის თქმას. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ იყოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული და უპირისპირდება იმ ინსტიტუტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გამჭვირვალობასა და მოსახლეობის ინფორმირებას.
ევროკავშირმა გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იცის საქართველოს მოქალაქეების აზრი და ამიტომ გვეუბნებიან, გაატარეთ რეფორმები, რომ გახდეთ ჩვენი წევრი. სასწორზე დევს – ევროპული თუ რუსული მომავალი.
რუსეთის მიზნები სხვაგვარია – ის იმპერიულ ინტერესებს ახორციელებს და ამას სახელმწიფო ინტერესებს ეძახის. ევროკავშირის ინტერესს კი, – გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი მედია, – მეგობრობა ჰქვია“.
„იმედია, ამ ფილმს როცა ნახავს ფართო საზოგადოება, ბევრს აეხილება თვალი, რატომ არის „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ რუსული და რა შედეგებს მოგვიტანს, – ამბობს ხარაგაულელი ფერმერი საშიკო ხიჯაკაძე, – სოფლის მეურნეობის მიმართულებით თუ რამე კარგი გაკეთდა, ყველაფერში ევროკავშირის ფულია დახარჯული. ევროკავშირი თუ ცუდი იყო, ეს ხელისუფლებამ რატომ აქამდე არ გვითხრა?!
შვეიცარიაში ვნახე, რომ 70 წელს გადაცილებული ადამიანები თავიანთ დანაზოგს ტყით მოწყობაში, მწვანე ეკონომიკის განვითარებაში დებდნენ, რომ სიცოცხლე გაიხანგრძლივონ. ამ მიზნით საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შვეიცარიიდან თანხა რომ მიიღონ, ეს „უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება“ კი არა, საუკეთესო საერთო საქმეა, – იმ ქვეყნის მოქალაქეების პირადი დანაზოგიდან დაფინანსებული.
კანონის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირი ნებისმიერ დროს ორგანიზაციას „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე“ შეამოწმებს. წინა ხელისუფლების დროს, როცა ვაზაგაშვილი და გირგვლიანი ჩაცხრილეს, სახელმწიფომ გვითხრა, „ოპერატიული ინფორმაცია გვქონდაო“. მათ ყოველთვის ექნებათ ასეთი „ოპერატიული ინფორმაცია“ და შეამოწმებენ არა მხოლოდ ორგანიზაციის ფინანსებს, არამედ პერსონალურ ინფორმაციას.
რუსეთს მოვეფერებით თუ არა, მას როცა მოუნდება, ბომბებს მაშინ დაგვიშენს. ნატოს წევრობა კი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა“.
„ეს ფილმი უნდა ნახოს ყველა იმ ამომრჩეველმა, რომელიც ინერტულია და სახელისუფლებო პროპაგანდის გამო საშიშროებას ვერ აღიქვამს“, – ამბობს ინგა მაღრაძე, – პარტია „ლელოს“ ოფისის ხელმძღვანელი ხარაგაულში.
შეხვედრის მონაწილე ისტორიის მასწავლებლის, რაგული კალანდაძის თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უკრაინაში ომს და ქვეყნის შიგნით რეპრესიებს უჭერს. მისი შეფასებით, რუსეთი ამ დრომდე რჩება სახელმწიფოდ, რომლის მმართველებსა და მოსახლეობას მიაჩნია, რომ მათ მსოფლიო უნდა მართონ.
„ევროპისა და დასავლეთისკენ სწრაფვა ჩვენს გენეტიკურ კოდშია, – ამბობს ისტორიკოსი ნიკოლოზ მაჭავარიანი, – ჩვენი ქვეყნის მმართველები მეხუთე საუკუნიდან ევროპასთან ურთიერთობას ცდილობდნენ. სიკვდილის წინ ვახტანგ გორგასალმა ორი რამ დაგვიტოვა ანდერძად: პირველი – „ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესათვის“ და მეორე – „არა დაუტეოთ სიყვარული ბერძენთა, ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“.
ჩვენი, იბერიული მოდგმის ხალხის ყველაზე ახლო ნათესავები ირლანდილები არიან. ჩვენ იქ გვინდა, სადაც თავისუფლებაა“.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მენეჯერი და ა/ო „წიფლარის“ ხელმძღვანელი მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში უცხოელი დონორების დაფინანსებითა და მხარდაჭერით მხოლოდ ქართულ საქმეს აკეთებს.
„ხუთი წელია, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოქმედებს, -ამბობს მანანა ტაბაშიძე, – ამ წლების განმავლობაში ათეულობით ადამიანი სხვადასხვა პროფესიას დაეუფლა. იმ წლებში, როცა ხარაგაულის ბიუჯეტში ფული ფაქტობრივად არ იყო, გაეროს დაფინანსებით მოვაწყვეთ რამდენიმე სკოლისა და სოფლის წყალმომარაგება, რომელიც ამ დრომდე მწყობრშია. ამის გამო როგორ შეიძლება მე „უცხო ქვეყნის აგენტი“ დამიძახონ?!“
ნინო კაპანაძე
რედაქციისაგან: ეს შეხვედრა ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაიგეგმა და დარბაზი ერთი კვირით ადრე დავჯავშნეთ.
ჩვენგან დაჯავშნილი დარბაზი მერიამ დაიკავა. ამიტომ ფილმის ჩვენება „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში გადმოვიტანეთ.
40-ზე მეტმა ხარაგაულელმა გამოხატა ფილმის ნახვისა და დისკუსიაში ჩართვის სურვილი. თუმცა, მათ ნაწილს ვაცნობეთ, რომ რედაქციაში ფილმის ჩვენებაზე მხოლოდ 25-მდე ადამიანის მიღებას შევძლებდით.
ამავე თემაზე
ფილმი „დედა-შვილი“ – პირველი ქართველი კინორეჟისორი ქალის ახალი სიცოცხლე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი