სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირი 2013 წლიდან საქართველოს მხარდამჭერი და პარტნიორია.
ევროკავშირის დაფინანსებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში, კოოპერატივი „მეღვინეობა კიცხი“ შეიქმნა. ცხრა წელია, კოოპერატივი ღვინოს აწარმოებს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჰყიდის. კოოპერატივი მოსახლეობას შეღავათიან ფასებში ყურძნის დაწურვას სთავაზობს.
რა სარგებელი მოუტანა ევროკავშირისგან მხარდაჭერამ და რა გეგმები აქვთ მომავალში, – ამის შესახებ „მეღვინეობა კიცხის“ თანათავმჯდომარე ჰამლეტ ბერაძე გვესაუბრება.
ამ კოოპერატივს კიდევ ორი თანათავმჯდომარე ჰყავს – ჯამბულ ხიჯაკაძე და გია ოკრიბელაშვილი. კოოპერატივში სულ 11 მეპაიეა.
„შევიკრიბეთ თანამოაზრეები და ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობა გადავწყვიტეთ, – ამბობს ჰამლეტი ბერაძე, – მეღვინეობა ავირჩიეთ იმიტომ, რომ სოფელ კიცხში ეს ტრადიციული დარგია – აქ ღვინის ქარხანა ფუნქციონირებდა.
ევროკავშირის მხარდაჭერით ჩვენი იდეა სრულყოფილად განვახორციელეთ. საკუთარი სახსრებით შენობა ავაშენეთ, ENPARD-ის პროგრამით კი ჩვენი მარანი ღვინის დასამზადებლად საჭირო ტექნიკით აღვჭურვეთ.
კოოპერატივის წევრებს სპეციალისტები ადგილზე გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებია. ტრენინგებზე გვასწავლეს პროექტების წერა და ჩვენი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოგვაწოდეს“.
ჰამლეტ ბერაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა გასწია. მისი თქმით, კოოპერატივის ამოქმედების შემდეგ სპეციალისტები მაქსიმალურად ხელს უწყობდნენ, რომ პროექტი მდგრადი ყოფილიყო. კოოპერატივ „მეღვინეობა-კიცხის“ წევრებმა საუკეთესო უცხოური წარმატებული გამოცდილების გაზიარება შეძლეს, ევროკავსირის დაფინანსებით.
„ევროკავშირმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, – ამბობს ჰამლეტი ბერაძე, – ადამიანებს მიზნების მიღწევაში დაგვეხმარა. კოოპერატივში დაყენებული ღვინის რეალიზაციიდან ფინანსური სარგებელი მივიღეთ.
ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ძალიან გვიყვარს. კოოპერატივი საერთო მიზნის მქონე ადამიანთა ერთობლიობაა, მეგობრობაა, გვერდში დგომაა. ამ კოოპერატივმა მეგობრები და დადებითი ურთიერთობები შეგვძინა და ჩვენთვის ესეც სასიხარულოა“.
„მეღვინეობა კიცხი“ ამჟამად გამოწვევების წინაშეა. საწარმოში ახალი რეგულაციების დასანერგად გარკვეული ფინანსები ისევ სჭირდებათ. ამავე დროს ადგილწარმოშობის ყურძენი – ციცქა და ცოლიკაური, იმდენი რაოდენობის არ აქვთ, რომ ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
სამომავლოდ წარმოების ისე გაფართოებას და გაძლიერებას გეგმავენ, რომ „მეღვინეობა კიცხის“ ღვინო ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანონ.
„ევროკავშირისგან სურსათის უვნებლობის, მათ შორის ღვინის წარმოების მიმართულებით რეგულაციების შესრულება სასარგებლო იქნება იმ კუთხით, რომ მომხმარებელთან ფალსიფიცირებული ღვინო აღარ აღმოჩნდება, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – ყველა მეღვინე, სამწუხაროდ, პატიოსნად არ შრომობს. კარგად ვიცით, რა რაოდენობის ყურძენი მოდის საქართველოში და სამჯერ მეტი ღვინო რომ გაჩნდება ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ფალსიფიცირებაა.
ევროკავშირში სურსათის წარმოების დროს სტანდარტების დაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ. სხვანაირად არც უნდა მოიქცეს ქართველი ადამიანი, რადგან ევროკავშირში საქართველოდან გასული ღვინო, ეს საქართველოს სახელია. ფალსიფიცირებული ღვინო მეზობელს არ უნდა მიაწოდო. ყველაფერი ფულზე არ იყიდება.
ევროკავშირი რომ არა, ფაქტობრივად, ჩვენი და სხვა კოოპერატივები არ იარსებებდა. ბევრი კოოპერატივი საკმაოდ წარმატებით მუშაობს. რაც მეტი მიზანმიმართული დაფინანსება იქნება ევროკავშირიდან, მით მეტად ძლიერი მოსახლეობა გვეყოლება და შევძლებთ, წინ წავიდეთ, ეკონომიკურად გავძლიერდეთ; დღეს თუ დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის იმპორტირებულ პროდუქციას მოვიხმართ, შემდეგ ეს აღარ დაგვჭირდება.
ევროკავშირი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდეს, მოსახლეობა დავაკმაყოფილოთ სოფლის მეურნეობის იმ პროდუქციით, რომელიც საქართველოში, ამ მშვენიერ მიწებზე მოდის“.
ნინო კაპანაძე
„ძალა ევროკავშირშია!“ – ამავე თემაზე:
ევროკავშირის გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა – ნინო ჭყოიძე
ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი ისტორიული და თაობათაშორისი ამოცანა – ლიზა ბარბაქაძე
„ძალა ევროკავშირშია“ ნიშნავს, რომ ძალა რის მრავალფეროვნებაში, ერთიანობაში, თანასწორობაში
„ევროკავშირისგან მხარდაჭერილი პროექტებით შშმ პირების საჭიროებები უკეთ დავინახეთ“
ევროკავშირში ყველანაირი საჭიროების ადამიანზე მორგებული გარემოპირობებია
ევროკავშირი ნიშნავს ხარისხიან განათლებას, დაფასებულ შრომას და ღირსეულ სიბერეს
ქართული კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია – ირინე ჩხეიძე
ხარაგაულში ეროვნული პარკი და ზრდასრულთა განათლების ცენტრი გერმანიის დაფინანსებით გაკეთდა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი