ლიზა ბარბაქაძე – მიზანდასახული და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდაა. ის საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიღებულ ცოდნას ევროკავშირის ქვეყნების საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობით იღრმავებს.
2024 წლის მარტში ლიზამ ბრიტანეთის საელჩოს კონკურსში გაიმარჯვა და ერთი დღით ბრიტანეთის ელჩის მოვალეობას ასრულდებდა.
ახლახან მან პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში TFAS-ის პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკური ეკონომიის, ფილოსოფიისა და კონფლიქტის მენეჯმენტის აკადემიური კურსი გაიარა.
უახლოეს დღეებში ლიზა სტრასბურგში მიემგზავრება დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნების კვლევებს უკავშირდება.
ლიზა ბარბაქაძე ევროპული დემოკრატიული ახალგაზრდული ქსელის წევრია. ამიტომ ის ხშირად მონაწილეობს ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებთან დისკუსიებში, ასევე საერთაშორისო ტრენინგებში, სადაც უცხოელი პროფესიონალები ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.
„ჩემი პროფესია პირდაპირ კავშირშია ევროპასთან და ამ რეგიონის კვლევებთან, – ამბობს ლიზა, – გარდა აკადემიური ინტერესისა, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალიან დიდი ამოცანა და გამოწვევაა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია.
საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, სახლში გვქონდა ევროკავშირის დროშა. დედამ მისი ინსპირაციით ლურჯი კაბა შემიკერა გულზე ყვითელი ვარსკვლავებით. ეს ამბავი ჩემთვის სიმბოლირებს ჩემი მშობლების და ზოგადად თაობათა კოლექტიურ ნებასთან, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიული და პროგრესული სამყაროს ნაწილი“.
– ლიზა, როგორ ფიქრობ, რას მოუტანს ქართველ ახალგაზრდებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია?
– ევროკავშირი ხელს უწყობს ახალგაზრდების უნარების განვითარებას და მათი დასაქმების პოტენციალის ზრდას, რასაც ცხადყოფს სტატისტიკები, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში ახალგაზრდებში დასაქმების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
ევროკავშირში ინტეგრაციით შესაძლებლობა გვექნება, რომ შევქმნათ ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა და ადამიანების უფლებები იქნება დაცული. ამასთანავე, ის შესაძლებლობები, რაც დღეს ჩვენთვის ამ ქვეყნების ნებიდან გამომდინარე არსებობს, გაორმაგდება და გვექნება გამარტივებული გზები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლისათვის.
ამ თემებზე მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვსაუბრობთ. ბევრ ახალგაზრდასთან მაქვს კომუნიკაცია, თუ სად ვაპირებთ სწავლის გაგრძელებას. ჩემს გარშემო ერთი ადამიანიც კი არ არსებობს, რომელიც ისწავლიდა რუსეთში და არა ევროკავშირში. განათლების მიღება ყველას დასავლეთში სურს.
– რა გამოცდილება მიიღე ევროპის ქვეყნებში ისეთი, რასაც დაუყოვნებლივ ისურვებდი ჩვენს სამშობლოში?
– ცოტა ხნის წინ პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში აკადემიური კურსი გავიარე და 70-მდე ლიდერს გავეცანი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი დაკვირვება და გულისწყვეტა ის იყო, რომ ადამიანებს, საქართველოსგან განსხვავებით, არ უწევდათ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გადაიხადონ კომუნალური გადასახადები.
ტრაგედიები, რომლებიც ასეთი ყოფითი პრობლემების გამო ჩვენს ქვეყანაში რუტინად იქცა, გვაჩვენებს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა.
ევროკავშირის ქვეყნებში ადამიანებს არ ეშინიათ, რომ ფინანსური სიდუხჭირის გამო ელექტროენერგიასთან, წყალთან, გაზთან არ ექნებათ წვდომა. მათთვის ეს არა კომფორტი, არამედ საბაზისო მოთხოვნილებებია, რომელსაც განვითარებული სახელმწიფო ყოველთვის აკმაყოფილებს.
ვისურვებდი, ჩვენი სახელმწიფო უფრო ეფექტურად ზრუნავდეს ადამიანებისათვის ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ისინი თავიანთი პოტენციალის რეალიზებისთვის იზრუნებენ.
– ლიზა, როგორია შენი სამომავლო გეგმები? როგორ აპირებ მიღებული ცოდნა საქართველოს მოახმარო?
– ოთხი წლის წინ თავისუფალ უნივერსიტეტში რომ 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე, ჩემთან ინტერვიუ ჩაწერეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ ფაკულტეტზე ვისწავლიდი, ბევრ ჭკვიან და განათლებულ ადამიანს შევხვდებოდი.
ეს ასეც მოხდა – ბევრად მეტი მივიღე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან და მივხვდი, რომ მეც შემიძლია ცვლილებები განვახორციელო. ჩემი სამომავლო აკადემიური საქმიანობა ყოველთვის ევროკავშირთან ინტეგრაციას დაუკავშირდება.
ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მარტივი პროცესი. ამ შანს ახლა თუ ვერ გამოვიყენებთ, შეიძლება მერე ათწლეულები დაგჭირდეს და დიდი იმპერიების – რუსეთისა და ჩინეთის პირისპირ დავრჩეთ.
ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ ვგეგმავ. აქამდე პროფესიულ არჩევანს თუ მისი პრესტიჟულობა და ჩემი აკადემიური ინტერესი განსაზღვრავდა, ახლა უფრო მეტად გააზრებული ეროვნული მოტივაცია აძლიერებს.
საქართველო ჩვენმა თაობამ უნდა დააბრუნოს ევროპულ ოჯახში, სხვა შემთხვევაში ეს შანსი შეიძლება ათწლეულობით დაიკარგოს. ასეთი შესაძლებლობების გაჩენა გეოპოლიტიკაში იშვიათი მოვლენაა ხოლმე.
ჩემთვის ფასდაუდებელია ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლო პროგრამებით მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
ევროკაშირი ჩემთვის არის პროგრესი, შესაძლებლობები და დემოკრატია. ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს.
ევროკავშირის წევრობა ეს არის ჩვენი ისტორიული და თაობათაშორისი ამოცანა, რომელიც უახლოეს მომავალში აუცილებლად განხორციელდება.
ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, რომ ერთმანეთს ევროკავშირის შესახებ სწორი ინფორმაცია გავუზიაროთ.
ყველა პოზიტიური მოვლენა, რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩენილა, – ინფორმატიულობითა და პროდუქტიულობით გამორჩეული – ევროკავშირისგან დაფინანსებული პროექტების შედეგია. ჩემს მსგავსად, არც ერთ ჩემს მეგობარს არ გადაუხდია თანხა უცხოეთში სწავლისა და ცხოვრებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა დავაფასოთ.
საბედნიეროდ მაქვს შესაძლებლობა, რომ კომუნიკაცია მქონდეს ევროპისა და ამერიკის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათი განწყობა საქართველოს ახალგაზრდობისა და მოქალეების მიმართ ყოველთვის არის პოზიტიური, ყოველთვის გამოხატავენ მზადყოფნას, რომ ღია კარის პოლიტიკა განხორციელდეს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია.
იმედი მაქვს, ის ბუნდოვანება, რაც არსებობს დღეს ქართულ პოლიტიკაში ევროკავშირის მისამართით, შეიცვლება და გახდება ისეთი, როგორიც იყო ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ლიზა ბარბაქაძე; ლიზა ბარბაქაძე ერთი დღით ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შესრულებისას; ლიზა ბარბაქაძე პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში TFAS-ის პროგრამის კურსდამთავრებულებთან ერთად.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი