ხარაგაულელი ახალგაზრდა ნინო ჭყოიძე ოქტომბრიდან ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების ერთწლიან კვლევით ტრენინგპროგრამაზე ისწავლის და სადოქტორო საფეხურისთვის მოემზადება.
ნინოს კვლევითი პროექტი დემოკრატიულ პროცესებზე მედიის გავლენას ეხება. ის ამბობს, რომ პროექტის გეგმამ გასაუბრებაზე შესარჩევი კომისიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ნინო ჭყოიძემ ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გააგრძელა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით. ის ამავე უნივერსიტეტის მედიაფსიქოლოგიის ინგლისურენოვანი ფაკულტეტის მაგისტრია.
უნივერსიტეტის ორივე საფეხურზე სწავლისას ნინო ჭყოიძე გაცვლითი პროგრამით ევროპის სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობდა – ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტში, პოლონეთში ვარშავის უნივერსიტეტში და გერმანიაში ფრანკფურტ ოდერის ვიადრინას უნივერსიტეტში.
რას იღებენ ქართული უნივერსიტეტებისგან განსხვავებულს ევროპულ უნივერსიტეტებში ახალგაზრდები; რას ნიშნავს ევროპული განათლება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის; როგორ აპირებს ევროპაში მიღებული ცოდნის სამშობლოში, საქართველოში გამოყენებას და რა მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციას საქართველოსთვის, – ამ შეკითხვებზე ნინო ჭყოიძე გვპასუხობს.
ნინო გვიამბობს, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, გამორჩეულია ლექტორებსა და სტუდენტებს შორის ურთიერთობები. საქართველოში ლექტორები სტუდენტების ინდივიდუალური განვითარებით ნაკლებად ინტერესდებიან.
ევროპულ უნივერსიტეტებში კი ლექტორია ინიციატორი, რომ სტუდენტის ინდივიდუალურ განვითარებაზე იზრუნოს და მასთან რაც შეიძლება მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა დაამყაროს.
ევროპულ უნივერსიტეტებში სტუდენტები კვლევით პროგრამებში ერთვებიან და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძლიერებენ.
ნინო ჭყოიძე მიიჩნევს, რომ ევროპული განათლება საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რადგან ჩვენი სამომავლო გეზი ევროკავშირის წევრობაა. შესაბამისად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განათლება მიღებული თაობა გადაწყვეტს ქვეყნის მომავალს.
„გაცვლითი პროგრამებით, ბაკალავრის და მაგისტრატურის საფეხურებზე ევროპის სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში ვისწავლე, – ამბობს ნინო ჭყოიძე, – ჩემთვის ეს გამოცდილება იყო ძალიან განსხვავებული, ქართული უნივერსიტეტისგან.
ტარტუს უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ეთმობა სწავლის მიღმა აქტივობების შეთავაზებას, რაც ჩემი გამოცდილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერჯერობით, დანერგილი არ არის.
ერთია, როცა შენს პროფესიაში ვითარდები პრაქტიკულად და თეორიულად, და მეორეა, როცა კულტურულ აქტივობებში ერთვები, უცხო ენის ცოდნას იღრმავებ, არაფორმალურ გარემოში ხვდები სტუდენტებსა და ლექტორებს“.
ნინო ამბობს, რომ დემოკრატიულ პროცესებზე მედიის გავლენის შესახებ მისი კვლევა დაიწყო მაშინ, როცა მედიაფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლა გადაწყვიტა. მედიისა და პოლიტიკის მეცნიერების შერწყმა ნინოსთვის ყოველთვის საინტერესო იყო. აქ განსაკუთრებული როლი ითამაშა მისმა ლექტორმა მარიამ გერსამიამ, რომელიც სტუდენტებთან ყურადღებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ამახვილებდა.
„თეორიულად საქართველო ევროინტეგრაციის გზას ადგას, – ამბობს ნინო ჭყოიძე, – ჩვენი ქვეყნის მიზანია, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი. პროდასავლური კურსი არ უნდა შეიცვალოს და კონსტიტუციის 78-ე მუხლი უნდა შესრულდეს.
ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში დადებითი შედეგის მომტანი ბევრი პროექტი განხორციელდა. ევროკავშირის პროგრამების დამსახურებაა გაცვლითი სტუდენტური პროგრამები“.
ნინო ჭყოიძის დიდი სურვილია, რომ ევროპაში მიღებული განათლება საქართველოს მოახმაროს. თუმცა, ამას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ დამსაქმებლები დამოკიდებულებებს შეცვლიან და ანაზღაურება პროპორციული გახდება იმ შრომის, რაც ადამიანმა კონკრეტული პროფესიის დაუფლებისთვის დახარჯა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი