დღეს, 13 აგვისტოს, ხარაგაულში პოლიტიკური გაერთიანების, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მხარდამჭერებს შეხვდა და რაიონული ოფისი გახსნა.

ეს კოალიცია აერთიანებს პარტიებს –  „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ხარაგაულის ოფისს გურამ ანდრეიჩუკი უხელმძღვანელებს.

ოფისის გახსნის შემდეგ ნიკა მელიას რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

– ბატონო ნიკა, ხარაგაული ძლიერად მიგრაციული, დაბერებული მოსახლეობის მუნიციპალიტეტია. აქ ნორმალური ანაზღაურებით დასაქმების შესაძლებლობა მცირეა; მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების ადგილზე მიღებაც კი შეუძლებელია და ამისთვის მეზობელ მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში წასვლა გვჭირდება.
პოლიტიკოსები ყველა არჩევნებზე გულუხვ დაპირებებს იძლევით. ათეული წლების განმავლობაში ვითარება არ იცვლება.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თქვენ რა გეგმა გაქვთ ხარაგაულის მსგავსი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის?
რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, თქვენც არ მოგვატყუებთ;
რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი?

– გიპასუხებთ გულწრფელად. ბევრი გვაქვს ნაფიქრი, გვაქვს კონკრეტული ხედვა. ყველაზე რთულ კომპლექსურ პრობლემას ხშირად აქვს მარტივი გამოსავალი. ძლიერი თვითმმართველობის გარეშე, დეცენტრალიზაციის ხარისხის ზრდის გარეშე, პრობლემები ხარაგაულს ვერასდროს მოუგვარდება.

ხარაგაულის მოსახლეობამ უნდა ირწმუნოს, რომ ხარაგაულის ბედს თავად წყვეტს. ხარაგაულში უნდა გაჩნდეს პოლიტიკური კლასის თვითმყოფადი წარმომადგენელი, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებზე იქნება პასუხისმგებელი.

დეცენტრალიზაციის ხარისხის გაზრდა ძლიერი თვითმმართველობის წინაპირობაა. ამ საკითხს დეტალურად ავსახავთ ჩვენს პროგრამაში, რომლის გაცნობის შესაძლებლობა სექტემბრის დასაწყისში გექნებათ.

წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებით, პირველად ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ჩნდება იმის შანსი, რომ ქვეყანას კოალიციური მთავრობა მართავდეს.

ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მართვის სადავეები ხელში ვერ უნდა ჩაიგდოს და ამის გარანტი კოალიციური მმართველობა იქნება.

– აპირებთ თუ არა საარჩევნოდ გაერთიანებას სხვა პარტიებთანაც. თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია ამ საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი?

– პარტია „ახალის“ შექმნის პირველივე წუთიდან მქონდა მოსაზრება, რომ ოპოზიცია ერთი სიით და ერთი ნომრით არ უნდა გამოსულიყო, თუმცა, აუცილებლად უნდა გამსხვილებულიყო სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე და ეს ასეც მოხდა.

ჩვენ საზოგადოების დაკვეთა შევასრულეთ. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნებზე არც ერთი ხმა არ დაიკარგოს.

ერთი-ორი პარტია დარჩა, რომელმაც ნავსაყუდელი ვერც ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვერ იპოვა. ასეთმა პარტიებმა უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი ოპოზიციური პარტიისთვის მიცემული ხმა, რომელიც ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს, შესაძლოა, ან დაიკარგოს ან „ქართული ოცნების“ ყულაბაში აღმოჩნდეს.

სექტემბრიდან კიდევ უფრო გავფართოვდებით. ჩვენს პლატფორმაზე საზოგადოება საინტერესო ადამიანებს იხილავს.

არ არის აუცილებელი, ჩვენთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ. საზოგადოებრივად აქტიური და მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებს ველოდებით.

ჩვენი პლატფორმა გავლენებისგან თავისუფალია. იცით ჩემი ძალიან გრძელვადიანი დაპირისპირება ძველ თანაგუნდელებთან და ეს ჩემთვის ემოციურად ადვილი არ იყო, მაგრამ იყო მართალი პოზიცია, რომელიც დავიცავი და მომავალშიც დავიცავ.

ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური კორუფციისგან. პოლიტიკური კორუფცია არის იმ ძალებშიც, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებას თითქოს ებრძვიან.

დღეს ბევრ ხარაგაულელს უნდოდა ამ ოფისის გახსნაზე მოსვლა. ადამიანი თავისუფალია. რატომ უნდა ზღუდავდეს ვინმე პროკურორი, ვინმე სუსის თანამშრომელი, რა ქნას, სად შევიდეს, ვის შეხვდეს, როდის ჭამოს და როდის მიიღოს შხაპი?!

იმისთვის ხომ არ დავბადებულვართ, რომ სხვისი კარნახით ვიცხოვროთ?! თავისუფალი ადამიანი რატომ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს სხვისი დაძალებით. ეს პოლიტიკური მარაზმი უნდა დასრულდეს.

„ქართულ ოცნებას“ არაფერი აღარ დარჩა, გარდა აგრესიის გაღვივებისა, ურთიერთდაპირისპირებისა, რადგან ხალხთან სხვა სალაპარაკო აღარ აქვს.

26ოქტომბერს უნდა დამარცხდეს ყველა ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც არსებობს „ქართული ოცნების“ დროს, არსებობდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და შევარდნაძის ხელისუფლების დროს. ეს მოჯადოებული წრე არის გასარღვევი. ხალხს უნდა სიმართლე, უსამართლობა უნდა ხელისუფლებას.

– საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დამოუკიდებელ მედიასთან ურთიერთობის როგორი ხედვა გაგაჩნიათ? როგორ აპირებთ დამოუკიდებელ მედიასთან თანასწორუფლებიან თანამშრომლობას?

– ჩვენ ვართ ის კოალიცია, სადაც მედიის წიაღიდან წამოსული ბევრი ადამიანია. ამიტომ დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობისა და ხელშეწყობის გარდა არაფერი გვინდა. ხელშეწყობაში არ ვგულისხმობ იმ ტიპის ხელშეწყობას, რომელიც ითვალისწინებს რაიმე ტიპის ვალდებულებას.

– რას ჰპირდებით ამომრჩევლებს?

– ამომრჩევლებს ვპირდებით ბრძოლას ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

ჩემი აზრით, ქვეყანა, სადაც დედაქალაქის  მერი იძულებულია გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილის გამხმარი ხე გამოიტიროს, პოლიტიკური ძაძები ჩაიცვას ყასიდად, ფეოდალიზმში ეფლობა. ამ ჯებირების გარღვევას ვპირდებით ამომრჩევლებს და გვინდა, რომ კოალიციურ მთავრობაში დიდი წვლილი გვქონდეს, რადგან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბევრ ადამიანს აერთიანებს.

ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ. ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა – კარები ღიაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ჩვენ არ შევდივართ.

ღიად, საჯაროდ, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ, საქართველოს მეგობრებმა ევროპასა და ამერიკაში, სამწუხაროდ გვითხრეს, რომ სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, პოლიტიკური კავშირები გაყინულია, შეჩერებულია გრანტები და დაფინანსება. ყველა ჩვენი პარტნიორი დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ფულს იყენებდა ავტოკრატიის და არა დემოკრატიის მშენებლობაში.

ამიტომ 26 ოქტომბერს ამაყი იმერელი კაცი უნდა ადგეს და გადაწყვეტილება მიიღოს თავისი სინდისის კარნახით.

დიდი იმედი მაქვს, რომ ხარაგაულელები გამოიჩენენ გამბედაობას და ბევრი მათგანი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და აქ არის რეგისტრირებული, ხმის მისაცემად ჩამოვა.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

შუაში მყოფი ამომრჩეველი უნდა შემოვიკრიბოთ – მამუკა ხაზარაძე

საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს – გიორგი გახარია