ხარაგაულში პოლიტიკური პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ რაიონული ოფისი გახსნა. „ლელოს“ ოფისს ხარაგაულში ინგა მაღრაძე უხელმძღვანელებს.

მამუკა ხაზარაძე მხარდამჭერებს შეხვდა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ კი ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრა.

„ლელოს“ თავმჯდომარეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

– ბატონო მამუკა, ხარაგაული ძლიერად მიგრაციული, დაბერებული მოსახლეობის მუნიციპალიტეტია. აქ ნორმალური ანაზღაურებით დასაქმების შესაძლებლობა მცირეა; მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების ადგილზე მიღებაც კი შეუძლებელია და ამისთვის მეზობელ მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში წასვლა გვჭირდება.
პოლიტიკოსები ყველა არჩევნებზე გულუხვ დაპირებებს იძლევით. ათეული წლების განმავლობაში ვითარება არ იცვლება.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თქვენ
რა გეგმა გაქვთ ხარაგაულის მსგავსი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის?
რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, თქვენც არ მოგვატყუებთ;
რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი?

პოლიტიკაში ვარ იმის გამო, რომ ტყუილი განვდევნო. სიმართლეზე დამყარებული პოლიტიკა არის ერთადერთი გზა, რომელმაც ჩვენ სერიოზულ, დიდ შარაგზაზე უნდა გაგვიყვანოს. ახლა იმის მტკიცებას, რომ არ მოგატყუებთ, აზრი არ აქვს. ამას ძალიან მარტივად გამოაჩენს ქმედებები, – რასაც ვამბობთ რამდენად სწრაფად შევასრულებთ.

 

ჩვენ გაქვს ძალიან კონკრეტული მარშალის გეგმა, რომელიც არის გაწერილი რეგიონების მიხედვით და ყველა რეგიონს ეკონომიკური სიდუხჭირიდან სწრაფად ამოიყვანს. ამაში შედის ანაკლიის პორტი, კახეთის ღვინის აბსოლუტურად სხვანაირად გადააზრება, იმერეთის ღვინის მრეწველობისა და მცირე მეღვინეობის განვითარება.

მაგალითად, ავეჯის წარმოება რომ დავიწყოთ, თანხაც რომ გვქონდეს, არ გამოგვივა იმიტომ, რომ ამას სჭირდება თაობები, ვინც ამას აკეთებდა, ვინც იცის ხესთან მუშაობა, ესმის მისი სტრუქტურა. დღეს რა ხდება? ხის მცირე საწარმოები აღარ არსებობენ იმიტომ, რომ ხე-ტყის წარმოება აიკრძალა. აკრძალვა არ არის ტყის გადარჩენისთვის გამოსავალი, ტყე უნდა იჭრებოდეს იმ დოზით, რა დოზითაც მას სჭირდება გამოკაფვა და სანიტარული ჭრა.

ხე თუ ნედლეულად არ იყიდება და მუშავდება, – მზადდება ავეჯი, ნაკეთობები, ამით ადგილზე იქმნება ავეჯის წარმოების კლასტერი, რომელსაც სხვაგან ვერ შექმნი, ისტორიულად სადაც იყო კონცენტრირება, ეს დარგი იმაზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს.

მსოფლიოში ხის სათამაშოებზე მოთხოვნა იზრდება. მთელი მსოფლიო ბავშვებისთვის ჯანმრთელი სათამაშოების შექმნაზე გადადის. აქ შეიძლება შეიქმნას საწარმო, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს სუფთა ხის სათამაშოებით მოამარაგებს.

ჩემი ინტერესი პოლიტიკაში არის ის, რომ ასეთი ადგილები სწრაფად განვავითაროთ.  სიმართლე უნდა ვუთხრათ ადამიანებს, უნდა დავანახოთ სად ვართ. ის კი არ უნდა ვუთხრათ, მე მოვალ და კარგად იქნებიო, არამედ უნდა დავანახოთ გზა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

როგორ შეიძლება ხარაგაული, რომელსაც 40 პროფესორი და დოქტორი ჰყავდა და ინტელექტუალური ცოდნის საბადოა, მიგრაციული იყოს?!

– ბატონო მამუკა, აპირებთ თუ არა საარჩევნოდ გაერთიანებას სხვა პარტიებთან. თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია ამ საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი?

 

– პირველად თქვენ გეუბნებით, ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა ჩავატარეთ კვლევა. კვლევამ გვიჩვენა, რომ ერთიანი სია არ არის გამარჯვების ფორმულა. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ცალკე. ოპოზიციურ ფლანგზე უნდა იყოს დაახლოებით სამი ცენტრი, სადაც ამომრჩეველი თავისი გემოვნების მიხედით მისცემს ხმას.

ოპოზიციურ პარტიებს საერთო ინტერესებიც გვექნება – სწრაფი ინტეგრირება ევროკავშირსა და ნატოში, იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც ძალიან სწრაფად დაგვაახლოებს ევროპას.

დანარჩენი გადაწყვიტოს ამომრჩეველმა, თუ ვინმეს ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემა უნდა, აგერ ვართ ჩვენ. თუ ვინმეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემა უნდა, მისცეს მას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ შუაში მყოფი ამომრჩეველი უნდა შემოვიკრიბოთ, რომელსაც ყელში ამოუვიდა ორი პოლუსის ყურება.

– საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დამოუკიდებელ მედიასთან ურთიერთობის როგორი ხედვა გაგაჩნიათ? როგორ აპირებთ დამოუკიდებელ მედიასთან თანასწორუფლებიან თანამშრომლობას?

– მედია უნდა იყოს დამოუკიდებელი, ამაზე არ ვდაობთ. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები დამფინანსებლების გავლენებისგან დამოუკიდებლები იყვნენ.

30 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ, რომ ობიექტური, კრიტიკული სატელევიზიო მედია ჩამოყალიბდეს, რომელიც არ მოემსახურება დამფინანსებელს.

მსოფლიოში არის გამოცდილება, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს კონფლიქტი დამფინანსებელსა და ჟურნალისტს შორის. ეს არის დამოუკიდებელი ბორდი, რომელსაც აქვს უფლებები. მე როცა ბიზნესში ვიყავი, ყველა კომპანიაში დამოუკიდებელი ბორდი მყავდა და მას ჩემი გადაწყვეტილელებისთვის ვეტოს დადება შეეძლო. ამას ვაკეთებდი იმიტომ, რომ შეცდომა არ დაგვეშვა. ასეთი დამოუკიდებელი ბორდების ჩამოყალიბების შემთხვევაში,  ინფორმაციის ხარისხი და მედიისადმი ნდობა გაიზრდება.

– რას ჰპირდებით ამომრჩევლებს?

 

  • სწრაფად ინტეგრირებას ევროკავშირში;
  • „ქართული ოცნების“ მიერ გამქრალი 200 000 სამუშაო ადგილის აღდგენას;
  • ემიგრაციაში იმ განცდის შექმნას, რომ აი, დაიძრა საქართველო და დავბრუნდები, მოვემსახურები ჩემს ქვეყანას;
  • ანაკლიის პორტის და ანაკლიის ქალაქის მშენებლობის დამთავრებას;
  • 1000 ლარიან პენსიას ოთხ წელიწადში;
  • ანაზღაურებად ექვსთვიან სტაჟირებას 16 ათასი კურსდამთავრებული სტუდენტისთვის;
  • და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნებას, – რომ ვიყოთ ამიერკავკასიის რეგიონში ფინანსური, ლოჯისტიკური, კულტურული ცენტრი.

ამას მივაღწევთ, როცა თითოეული მოქალაქე დაინახავს, რომ ამ პროცესის თანამონაწილეა. ფეხბურთის ამბავმა გამოაჩინა ეს სულისკვეთება. ჩვენ პირველი ადგილი არ აგვიღია, მაგრამ ისე ვიზეიმეთ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონები გავხდით, იმდენად მოწყურებული ვართ გამარჯვებას. ეს ენერგია უნდა შევკრიბოთ და 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

პარტია „ლელოს“ ლიდერები ხარაგაულში

საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს – გიორგი გახარია