ხარაგაულში პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები მხარდამჭერებს შეხვდნენ. შეხვედრა ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიას რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.
– ბატონო გიორგი, ხარაგაული ძლიერად მიგრაციული, დაბერებული მოსახლეობის მუნიციპალიტეტია. აქ ნორმალური ანაზღაურებით დასაქმების შესაძლებლობა მცირეა; მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების ადგილზე მიღებაც კი შეუძლებელია და ამისთვის მეზობელ მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში წასვლა გვჭირდება.
პოლიტიკოსები ყველა არჩევნებზე გულუხვ დაპირებებს იძლევით. ათეული წლების განმავლობაში ვითარება არ იცვლება.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თქვენ რა გეგმა გაქვთ ხარაგაულის მსგავსი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის?
რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, თქვენც არ მოგვატყუებთ; რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი?
– იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პირობას არ ასრულებს და იტყუილება, არ უნდა მისცეთ ხმა. სანამ საქართველოს მოქალაქეები ამას არ ისწავლიან, სიტყვებს დაუჯერებენ და არა საქმეს, ყოველთვის ასე იქნება. მოქალაქეებმა საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
ხარაგაულის მსგავსი დეპრესიული მუნიციპალიტეტი საქართველოში ბევრი არ არის, სულ ოთხი-ხუთია, რომლებიც ჩემპიონები არიან მიგრაციული პროცესებით. ხარაგაულიდან, ფაქტობრივად, ხალხი გარბის. ამიტომ არის მოსახლეობა დაბერებული. ახალგაზრდები აქ ჩამოდიან სეზონურად, ზაფხულში და ოჯახის წევრების მოსანახულებლად.
ხარაგაული სპეციფიური რაიონია, მაღალმთიანია, სოფლის მეურნეობას საკმაოდ უჭირს. რკინიგზაა ერთადერთი და საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის გამოყენებითაც შეიძლება ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ნორმალურად იფუნქციონიროს და ჩამორჩენილი არ იყოს.
ამას სჭირდება წესიერი გამგეობა, რომელიც ხარაგაულის ინტერესებს დაიცავს და იმ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ხარაგაულზე გადის, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის ინტერესებისთვის გამოიყენებს. ხარაგაულში მოსახლეობა ცოტაა და ამ ხალხის მოვლას კეთილსინდისიერება სჭირდება.
მე რასაც ვუყურებ და რა ინფორმაციაც გვაქვს, ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ნახევარზე მეტი ფული სახლში მიაქვთ, იპარავებ და სამწუხაროდ, ამ კორუფციამ, განსაკუთრებით ასეთ დეპრესიულ მუნიციპალიტეტებში, კატასტროფული ფორმა მიიღო.
როგორ შეიძლება გამგებლის ოჯახის წევრები და ნათესავები იყვნენ ჩართული იმ ბიზნესში, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს ყველაფერი ხალხის გასაანალიზებელიცაა.
პირველ რიგში რასაც გავაკეთებდი, აქ მმართველობაში მაქსიმალურად მოვიზიდავდი ახალგაზრდებს იმიტომ, რომ ხარაგაულის მსგავს მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ ახალი ხედვა, კრეატიულობა.
ჩვენი მთავარი გეგმა არის სოციალური საკითხები. ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 950 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, უნდა არსებობდეს სამუშაო დაზღვევა, რადგან, როცა სამსახურს დაკარგავს ადამიანი, სახელმწიფო მინიმუმ ექვსი თვე მაინც უნდა მიეხმაროს.
ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, რომელსაც რისკები შეექმნა. არ შეიძლება საქართველოს მსგავს ქვეყანაში 12 წელი იყო ხელისუფლებაში, ბოლო 4 წელი გქონდეს პრობლემური და კიდევ გინდოდეს გაურკვეველი ვადით ხელისუფლებაში დარჩენა.
– ბატონო გიორგი, აპირებთ თუ არა საარჩევნოდ გაერთიანებას სხვა პარტიებთან. თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია ამ საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი?
– ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ერთიანობა უნდა იყოს საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული. ოპოზიცია მრავალფეროვანია. არიან ადამიანები, რომლებთანაც ვერ ვითანამშრომლებ, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რის ირგვლივაც ყველა უნდა გავერთიანდეთ.
ეს არის მაგალითად, ქვეეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, არჩევნებში ხმების დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. შეიძლება ვერ შევთანხმდეთ მიზნისკენ მიმავალ გზებსა და გეგმებზე იმიტომ, რომ ოპოზიციაში სხვადასხვანაირი ხალხია, მაგრამ ერთიანობა, მაშინ, როდესაც ფასეულობები და მიზანი ერთია, მისასალმებელია და ასეთ ერთიანობას ყოველთვის მხარს დავუჭერთ.
– საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დამოუკიდებელ მედიასთან ურთიერთობის როგორი ხედვა გაგაჩნიათ? როგორ აპირებთ დამოუკიდებელ მედიასთან თანასწორუფლებიან თანამშრომლობას?
– დამოუკიდებელი მედია არის ქვეყნის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი. მედიას უნდა მოშორდეს პოლიტიკური პარტიების უკან მდგარი ოლიგარქების ინტერესები. სატელევიზიო მედიას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი და არაპოლიტიკური დაფინანსების წყაროები.
სხვანაირად მედია იქნება ყოველთვის მიკერძოებული, ერთი მედია გაატარებს ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესს, მეორე მედია მეორისას და არაფერი შეიცვლება, დისკუსია არ შედგება.
რეგიონებში მედია უფრო მეტად თავისუფალია.
არჩევნებში გამარჯვებას რაც შეეხება, მინდა იცოდეთ, რომ საქართველოში აღარ უნდა იყოს ერთი გამარჯვებული. ის ეპოქა, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, უნდა დამთავრდეს. ამიტომ არის სრულად პროპორციული სისტემა ყველასთვის კარგი.
არჩევნები რომ ნორმალურად ჩატარდება, საქართველოს პირველად ეყოლება სრულიად კოალიციური მთავრობა. ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან მოლაპარაკება უნდა ვისწავლოთ.
2020 წელს, როცა მე „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ვიყავი, ხმების 50% არ აგვიღია. დანარჩენი უმრავლესობა მაჟორიტარული სისტემით შეგროვდა.
პროპორციული სისტემით ამომრჩევლების ხმების 50%-ს თუ ვერ აგროვებ, მაგრამ აკომპლექტებ მთავრობას, გამოდის, რომ მოსახლეობის 50%-ზე მეტი უპატრონოდ არის დარჩენილი, მათი წარმომადგენლობა არ ხორციელდება.
მერე ეს ხალხი გამოვა და იტყვის, ჩვენ უმრავლესობის სახელით ვლაპარაკობთ და ამიტომ უმცირესობის აზრს არ გავითვალისწინებთო. საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმმართველობა უნდა დასრულდეს.
– რას ჰპირდებით ამომრჩევლებს?
ხარაგაულის მსგავს მუნიციპალიტეტებს ვპირდებით ერთ რამეს, რომ მმართველობაში მოვლენ კეთილსინდისიერი ახალგაზრდები და მათ ექნებათ სრული თავისუფლება იმისთვის, რომ თავისი მუნიციპალიტეტი განავითარონ ისე, როგორც აქაურ ხალხს წარმოუდგენია.
დღეს საქართველოში თვითმმართველობა არ არის. სანამ არ იქნება რეალურად დამოუკიდებელი თვითმმართველობა და ხარაგაულში მცხოვრები მოქალაქეები თავის თავზე არ აიღებენ პასუხისმგებლობას ხმის მიცემით და მერე დაპირებების შესრულების მოთხოვნით მათ მიმართ, ვისაც ძალაუფლება გადასცეს, არაფერი გამოვა.
თვითმმართველობის გაძლიერებას დაფინანსების წყაროები სჭირდება. ხარაგაულის მერი რომ ზის და ცენტრალურ ხელისუფლებას ასიგნაციების მიღებას ეხვეწება, ამით არაფერი გამოვა. დაფინანსების თემა ბიუჯეტირების დროს არის შესაცვლელი. თუ გადავხედავთ ინფრასტრუქტურას, რომლებიც ხარაგაულზე გადის, ბევრი შემოსავალი შეიძლება აქ, ადგილზე, დარჩეს.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი