ეპიდზედამხედველობა, ანტირაბიული და გეგმიური აცრების მონიტორინგი – ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთ-ერთი მოვალეობებია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 5 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე ტაბატაძემ დეპუტატებს 2024 წლის ექვს თვეში გაწეული ანგარიში წარუდგინა. მან ყურადღება რამდენიმე საკვანძო საკითხზე გაამახვილა.

ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადამიანის ცხოველისგან დაკბენა-დაკაწვრის 69 შემთხვევაა აღრიცხული. ყველა შემთხვევაზე ვეტერინარული სამსახურისგან კონტროლი განხორციელდა და დაკბენილ პირებს ანტირაბიული აცრები ჩაუტარდა.

ბავშვებს გეგმიურ აცრები 12 ინფექციის წინააღმდეგ უტარდებათ. ექვსი თვის მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აცრებით მოცვის მაჩვენებელი 59%-ია. 2023 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 96% იყო. ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ეს მონაცემი გაიზრდება.

ხარაგაულში სასწავლო წლის ბოლოს ჩუტყვავილას ეპიდემიამ იფეთქა, – სულ 37 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეწყვეტილა და დაავადებული მოსწავლეები ბინაზე მკურნალობდნენ.

მიმდინარე წლის ექვს თვეში მოზარდებში პარაზიტული ჭიებით ინვაზიის 8 შემთხვევა გამოვლინდა. ანალიზისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 30-მა მოქალაქემ მიმართა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგის პროგრამას. სულ 6 თვის განმავლობაში ჩატარებულია 117 ტესტი C ჰეპატიტზე, 201 ტესტი – შიდსზე. დაფიქსირდა C ჰეპატიტის ერთი შემთხვევა.

ახლახან რისკჯგუფში მყოფი მოქალაქეების სისხლში შარდმჟავის განმსაზღვრელი ტესტრება დაიწყეს. ამ ტესტით დგინდება, რამდენად არის ინსულტის განვითარების რისკი. ჯერჯერობით, 10 პირია გამოკვლეული და მათ სათანადო რეკომენდაციები გაუწიეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საექიმო ამბულატორიებისა და სააავადმყოფოების მონიტორინგს ახორციელებს. საჭიროების შემთხვევაში მათ რეკომენდაციებს უგზავნის.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2024 წლის მეორე ნახევარში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს გეგმავს.

ალექსანდრე ტაბატაძისთვის დეპუტატებს შეკითხვები არ დაუსვამთ იმ მოტივით, რომ კომისიების სხდომებზე მიუღიათ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საკრებულომ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიში დადებითად შეაფასა.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს

„ყელში ამოვიდა, მოგვბეზრდა ამდენი ტყუილები“ – დაპირისპირება ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე