დღეს, 5 აგვისტოს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ამ ფაქტის ამსახველი ფოტოების გადაღებისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ საქმიანობაში ჩარევა სცადა, – „ფოტოებს მხოლოდ იმ დროს იღებთ, როცა საკრებულოს სხდომაზე სიტუაცია იძაბებაო“(?!)

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თითქოს მათი გადასაწყვეტია, თუ რა და როგორ უნდა გადაიღოს და გააშუქოს დამოუკიდებელმა მედიაორგანიზაციამ.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ ვარლამ ჭიპაშვილს მიმართა, რომ – უმჯობესია, ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე პირნათლად გავაკეთოთ და ნუ შევეცდებით ერთმანეთის საქმიანობაში ჩარევასა თუ ხელის შეშლას.

მერის პირველ მოადგილესა და „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორს შორის ცხარე დიალოგი რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.

P.S. ხარაგაულის მერის პირველ მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილს ჰგონია, რომ – თითქოს მისი გადასაწყვეტია, აი, ამ ფოტოებს დამოუკიდებელი ჟურნალისტი გადაიღებს თუ არ გადაიღებს.