ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახების კადასტრი შექმნა. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ვენახები სრულად აღწერილია, შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახისა და 170 174 ნაკვეთის შესახებ.

ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციით, მევენახეებისა და ვენახების შესახებ დეტალური ინფორმაციის აღწერით შეიქმნა. რეგისტრირებულ ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს.

ღვინის სააგენტოს მევენახეობის მარეგულირებელი სამმართველოს უფროსის, დავით მაღრაძის ინფორმაციით, ვენახების კადასტრი არის საინფორმაციო ბაზა მევენახეებისა და მათი ვენახების შესახებ. ვენახების აღწერა საჭიროა ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის, ყურძნისა და ღვინის ფალსიფიცირების შესამცირებლად.

„ღვინის ეროვნული სააგენტო სრულ ინფორმაციას ფლობს, სად როგორი ვენახები გვაქვს, – ამბობს დავით მაღრაძე, – როგორ არის ეს ვენახები განლაგებული, როგორია მათი სივრცული მდგომარეობა, თითოეულ ნაკვეთში ვაზებს შორის მანძილი და სხვ.

ვენახების საკადასტრის სისტემა ყველა იმ ევროპულ ქვეყანაშია, სადაც ღვინის ინდუსტრიაა განვითარებული. ჩვენც ევროკავშირის გამოცდილება გავიზიარეთ. წინა წლებში ასეთი ინფორმაცია ოცწლიანი ინტერვალით იკრიბებოდა. ოცდამეერთე საუკუნეში ოცი წლის წინადელი ინფორმაცია ღირებული აღარაა.

ახლა უკვე მუდმივად განახლებადი სისტემა შევქმენით. ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენება/ამოძირკვის, არენდით გადაცემის და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, საკადასტრო მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები განაახლებენ.

ამ მიზნით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგენელი გვყავს, იმერეთში – ორი. ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერებისთვის ღვინის სააგენტოს თანამშრომელი ზესტაფონში, სოფლის მეურნეობის საკოორდინაციო ცენტრში დავნიშნეთ. ვენახის კადასტრში ცვლილების შემთხვევაში ხარაგაულელმა მევენახეებმა მას უნდა მიმართონ.

რა სარგებელი მოაქვს ვენახების კადასტრს ქვეყნისა და თითოეული მევენახისთვის? – გეტყვით, რომ – პირველი, – ქვეყანა იღებს ინფორმაციას, რა ყურძნის ჯიშები გვაქვს და რა ფართობზე. მევენახეები, რომლებიც კადასტრის სისტემაში არ იქნებიან, მარნებში ყურძენს ვერ ჩააბარებენ და ვერც წარმოებულ ღვინოს გაყიდიან. სახელმწიფომ შარშან კომპენსაცია კახეთში იმ დასეტყვილი ვაზის მეპატრონეებზე გასცა, რომელთა ვენახებიც საკადასტრო სისტემაში იყო აღრიცხული.

აუცილებელია, თითოეული წარმოებული ღვინის უკან კონკრეტული დარეგისტრირებული ვენახი ჩანდეს, რომ შეიკრას ჯაჭვი – ვენახიდან ბოთლამდე.

მომავალში მევენახეებისთვის ტრენინგები და მიზანმიმართული პროგრამები დაიგეგმება და მათშიც საკადასტრო სისტემაში დარეგისტრირებული მევენახეები ჩაერთვებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეალობა ასეთია – 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გვაქვს 105,3 ჰა ვაზი, 1 525 ვენახის ნაკვეთი და გვყავს 385 მევენახე. წამყვანი ჯიშებია ციცქა და ცოლიკაური.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდგომარეობა განსხვავებულია. კახეთში ვაზის ნაკვეთების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, იმერეთში პირიქით, – იკლებს. თუმცა, გვაქვს ღვინის წარმოების წარმატებული მაგალითები ბაღდათსა და ვანში. ვისურვებდი, რომ ხარაგაულშიც ასე იყოს“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

ვენახების კადასტრის შექმნა აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის – დავით მაღრაძე