სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა „ნაკრესი“ განახორციელა პროექტი „გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება ეკო სოფლის კონცეფციის შემუშავებით და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიებით სახვლარში“.

ამ პროექტის ფარგლებში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ახალი – სახვლარის ბილიკი – გაიხსნა. ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ოფისში დაიწყო და ლეღვანში ახალი ბილიკის გახსნით დასრულდა.

„სახვლარის, როგორც ეკოსოფლის განვითარება და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ამ ერთადერთ დასახლებულ ტერიტორიაზე ბილიკის გახსნა ახალ შესაძლებლობებს ქმნის, – ამბობს „ნაკრესის“ პროგრამების დირექტორი ნათია მულაძე, – სახვლარს გამოარჩევს ბიომრავალფეროვნება, ადგილობრივების განსაკუთრებული ისტორიები, საუკეთესო სამზარეულო.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ აქ ეკოტურიზმი განვითარდეს. ამით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტურიზმი გამრავალფეროვნდება, რითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებელს მიიღებს“.

ნათია მულაძის თქმით, პროექტის განხორციელებას თან ახლდა გამოწვევები.

სახვლარში ხშირია მტაცებელი ცხოველების თავდასხმები შინაურ პირუტყვზე. გარეული ცხოველებისგან ნათესებსა და საფუტკრეებზე მიყენებული ზარალი დიდია.

ამ პრობლემების გადასაჭრელად ყველაზე ეფექტური საშუალება ელექტროღობეებისა და ციმციმების გამოყენებაა. პროექტის ფარგლებში სახვლარში რამდენიმე საფუტკრე სწორედ ელექტროღობეების საშუალებით გადარჩა.

ნათია მულაძე ამბობს, რომ ეკოსოფლის კონცეფციის შემუშავება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ყველაზე მეტად თვალშისაცემია ის, რომ სახვლარში ახალგაზრდები ნაკლებად არიან.

ეკოსოფლის კონცეფცია და ეკოტურიზმის განვითარება ადგილზე მოსახლეობის დამაგრებას გულისხმობს. ეკოტურიზმის განვითარება წარმოუდგენელია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე, რადგან სწორედ ადგილობრივებმა იციან სოფლის ისტორია, ადგილობრივი სამზარეულო და მათ საუკეთესოდ შეუძლიათ ტურისტის დახვედრა.

ეკოსოფლის კონცეფცია ითვალისწინებს, რომ სახვლარში საცხენოსნო ტურები, გიდის მომსახურება,  ადგილობრივ ოჯახურ სასტუმროებში ღამისთევა დაინერგოს.

სახვლარში არ არის ელექტროენერგია. ამიტომ აქ კარგი იქნება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება, – მზის პანელების დამონტაჟება.

„სახვლარის ბილიკის გახსნა ლეღვნის მოსახლეობამ მოითხოვა ტურისტების მოსაზიდად, – ამბობს ნათია მულაძე, – 13-კილოტრიანი ამ ახალი ბილიკით ვიზიტორებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოგზაურობა შეეძლებათ. სახვლარის ბილიკი დაცული ტერიტორიების სააგენტოს რუკაზე აისახება, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ამ მარშრუტს გაარეკლამებს.

უცხოელი ტურისტები განსაკუთრებით ინტერესდებიან ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით, ეკოლოგიურად სუფთა სამზარეულოს დაგემოვნებით. სახვლარი ტურისტებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს“.

„ნაკრესის“ პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ სახვლარის, როგორც ეკოსოფლის განვითარებასა და აქ ტურისტებს მოზიდვაში თვითმმართველობა ეკოტურისტულ მიმართულებებს წაახალისებს. კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ეკოტურიზმის პროგრამებს დააფინანსებს.

მისივე თქმით, „სახვლარს სოფლის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რომ იქ კომუნიკაციები განვითარდეს. თუმცა, უმჯობესია, განახლებადი ენერგიების გამოყენება“. ხარაგაულის მერმა „ნაკრესს“ პროექტის განხორციელებისთვის და ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი ლევან საბანიძე დაინტერესებულია, რომ ეროვნულ პარკს ხარაგაულის მხრიდან მეტი ტურისტი სტუმრობდეს. ამისთვის კი სახვლარის ახალი ბილიკის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ტურისტების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ეროვნულ პარკში ხარაგაულიდან შემოსასვლელი გზა უკვე კეთილმოწყობილია, – ამბობს ლევან საბანიძე, – არც ისაა ცნობილი, რომ ეროვნულ პარკში ერთადერთი დასახლებული ადგილი სახვლარია. ამას კი ეფექტური რეკლამა სჭირდება, რისთვისაც დაცული ტერიტორიების სააგენტო მზადაა“.

პროექტი განხორციელდა  ევროკავშირის სამოქალაქო  ინიციატივის განვითარების ფარგლებში კონსორციუმ კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

ამავე თემაზე

ეკოტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად, სახვლარში

ფოტოები სოციალურ ქსელში