„ევროინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის“ – ამ თემაზე საქართველოს რეგიონებში საჯარო შეხვედრები მიმდინარეობს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობით.
ამ პროექტის ფარგლებში შეხვედრა, „ჩემი იმერეთის“ ჩართულობით, ხარაგაულში 26 ივნისს ჩატარდა, ხოლო 30 ივლისს ჭიათურაში გაიმართება.
ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე სურსათის უვნებლობის საკითხი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
რა მექანიზმები მოქმედებს ევროკავშირში სურსათის უვნებლობის სფეროში, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა საქართველომ ამ მიმართულებით ევროკავშირთან დასაახლოებლად და როგორ უნდა დავძლიოთ არსებული პრობლემები, – ამის შესახებ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე გვესაუბრება.
სურსათის უვნებლობის კონტროლი ევროკავშირსა და საქართველოში
„ევროკავშირში სურსათის უვნებლობის მძლავრი სახელმწიფო რეგულირების სისტემა მოქმედებს, – ამბობს ვხტანგ კობალაძე, – ის რამდენიმე ძირითად პრინციპს ეყრდნობა.
პირველი ეს არის ერთიანი ჯანდაცვის პრინციპი, – ის გულისხმობს იმას, რომ ადამიანის, ცხოველისა და მცენარის უვნებლობა, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. წარმოუდგენელია, გვქონდეს უვნებელი სურსათი, თუკი გარემო იქნება დაბინძურებული, თუკი სასოფლო-სამეურნეო მცენარეები და ცხოველები იქნება დაავადებული.
მეორე მნიშვნელოვანი პრინციპია – მინდვრიდან სუფრამდე – როცა სურსათი კონტროლდება წარმოების, გადამუშავების, გადაზიდვის, მაღაზიაში განთავსების ეტაპებზე.
ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანას აქვს სურსათის უვნებლობის თავისი სისტემა, კანონები, მოთხოვნები, რომლებიც შესაბამისობაშია საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან. იმისთვის, რომ ეს კონტროლი იყოს ეფექტური, სახელმწიფოები კოორდინირებულად მოქმედებენ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, გააერთიანონ რესურსები და მიმართონ ისეთ რეგიონებზე, სადაც მეტი საჭიროებაა.
ევროკავშირში მოქმედებს ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დირექტორატი, რომელიც არის პასუხისმგებელი ევროკავშირში სურსათის უვნებლობის მიმართულებით. მავნე პროდუქციის რომელიმე ქვეყანაში დაფიქსირებისთანავე ინფორმაცია მყისიერად მიეწოდება დანარჩენ ქვეყნებს. ამისათვის მოქმედებს სპეციალური სისტემა – განგაშისა და თანამშრომლობის ქსელი.
სურსათის ყველა საწარმოსა თუ ფერმის კონტროლი წარმოუდგენელია. ამიტომ სურსათის უვნებლობა რისკის შეფასებით იწყება – სადაც მეტი რისკია, კონტროლი იქ ფოკუსირდება. საერთაშორისო ბაზარი ძალიან დინამიურია – პროდუქცია დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში მოძრაობს. ერთ წელს, შესაძლოა, ერთი სახის პროდუქცია აღმოჩნდეს დაბინძურებული, მეორე წელს სხვა.
ევროკავშირის დონეზე მოქმედებს რისკების მეცნიერულად შეფასებისთვის სპეციალური უწყება, რომელიც სისტემატურად შეისწავლის რისკებს, ატარებს ანალიზებს და ამის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს აწვდის. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს.
საქართველოს რაც შეეხება, ვახტანგ კობალაძის განმარტებით, სურსათის უვნებლობის რეგულირება და სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ საკითხისადმი რამდენიმე ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი ეს არის 1991-2003 წლები, როდესაც საბჭოური მემკვიდრეობით მიღებული მოძველებული, არაეფექტიანი და კორუფციული სისტემა მოქმედებდა.
მეორე ეტაპზე – 2003-2010 წლებში სახელმწიფომ აიღო კურსი კორუფციის დასამარცხებლად ძალიან რადიკალური მიდგომებით და ლოზუნგებით – „ნაკლები მარეგულირებელი ნიშნავს ნაკლებ კორუფციას, ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს“. ამის გამო სურსათის უვნებლობის სფეროში მარეგულირებელი უწყებები გაუქმდა ან მათი უფლებები მნიშვნელოვნად შეიკვეცა.
პირველი ნაბიჯი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადაიდგა 2009 წელს, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პერსპექტივა გამოჩნდა. საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ ასოცირების შეთანხმება დადებულიყო ევროკავშირთან. ევროკავშირიდან ჩამოსულმა კომისიამ, სიტუაციის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების დასაწყებად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმები აუცილებელი იყო.
ეს გეგმა ითვალისწინებს 2028 წლამდე საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის 200 ნორმატიულ აქტთან. 2024 წლის 10 ივნისის მდგომარეობით მიღებულია, რომლებიც გვაახლოებს ევროკავირის 134 ნორმატიულ აქტთან. თუმცა, თუ ძალაში სრულად შესული აქტების მიხედვით შევაფასებთ, დაახლოების გეგმა 46%-ითაა შესრულებული.
საქართველოს სურსათის უვნებლობის კუთხით ევროკავშირთან დასაახლოებლად გზის ნახევარი გასავლელი აქვს.
ვახტანგ კობალაძე 2013-2023 წლებში საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ დადებით ცვლილებებზე საუბრობს. პირველი, – ესაა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქსელის ჩამოყალიბება, მუნიციპალური ოფისების შექმნა და კონტროლის გაძლიერება. სააგენტოს ყველა ოფისში გამართული ინფრასტრუქტურა და შესაბამისი აღჭურვილობაა. გაზრდილია კონტროლი – 2012 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 504 ინსპექტირება ჩაატარა, ხოლო 2023 წელს -18 ათასზე მეტი.
გარდა ამისა, ხორციელდება ფერმერების მხარდაჭერა – პირუტყვის მასშტაბური ვაქცინაცია და მავნებლებთან ბრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ეს მათი მიკვლევადობისთვის აუცილებელია. სააგენტოს თანამშრომლებისთვის ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა და ტარდება სწავლება, ევროპული გამოცდილების გაზიარება.
ყველა ზემოთჩამოთვლილი მიღწევა ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა, თუ იქ მოქმედი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა. ამავე დროს ევროკავშირი ფერმერთა და მეწარმეთა მხარდამჭერია.
ევროკავშირის დაფინანსებით საზოგადოებრივი ორგანიზაციები ახორციელებენ სამოქალაქო განათლებას, მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგს და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის ადვოკატირებას.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სურსათის უვნებლობის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებაში, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, საკუთარ ვებსაიტზე კონტროლის შედეგების ყოველკვარტალურად გამოქვეყნება, ჩვენი ორგანიზაციის მუშაობისა და ძალისხმევის შედეგია.
ამის პარალელურად:
ევროკავშირთან დაახლოებას სურსათის უვნებლობის სფეროში მოაქვს ის, რომ სახელმწიფო კონტროლის სისტემა ხდება უფრო ეფექტიანი, მეწარმე ხდება უფრო კონკურენტუნარიანი და უფრო პასუხისმგებლიანი.
მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულ პროდუქციას და ეძლევა საშუალება, თავისი პროდუქცია ევროკავშირში გაიტანოს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს რაც უფრო მეტად მიგვიწვდება ხელი უვნებელ და ჯანსაღ სურსათზე, მეტად ჯანმრთელი მომავალი თაობები გვეყოლება“.
გამოწვევები, რომლებიც უნდა დავძლიოთ
ვახტანგ კობალაძის ინფორმაციით, მთავარი სუსტი რგოლი სურსათის უვნებლობის სფეროში გლეხური მეურნეობებია. ყველა მათგანს გარკვეული დოზით გააქვს თავისი პროდუქცია ბაზარზე. მათი გაკონტროლება და შესაბამისად, დახურვაც შეუძლებელია.
ამიტომ სახელმწიფომ, ერთის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს შეუწყოს მათ, ვისაც მართლა უნდა მუშაობა და უვნებელი პროდუქციის წარმოება და მეორეს მხრივ, შეზღუდოს ისინი, ვინც მომხმარებელს ზიანს აყენებს. ეს არის სოციალური საკითხი და ყველა ხელისუფლება ფეხს ითრევს ამ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
ევროპის ქვეყნებმა ეს ეტაპები გაიარეს და მათი გამოცდილების გათვალისწინება შესაძლებელია. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს ნება. ევროკავშირი ფერმერებს მეურნეობის განვითარებაში ეხმარება. ამიტომ ეს შანსი მათ უნდა გამოიყენონ.
საქართველოში შექმნილია ქიმიკატების სპეციალური რეესტრი, რომელი ქიმიკატის გამოყენებაა დაშვებული და რომლის არა. თუმცა, რაც დაშვებულია, იმას როგორ გამოიყენებ, ამასაც აქვს დიდი მნიშვნელობა.
ნებისმიერ მოქალაქეს, თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, რომ სურსთის უვნებლობის წესები დარღვეულია, სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუკავშირდეთ ტელეფონით ნომერზე – 1501. სააგენტო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს.
მათი მხრიდან ყველა შემთხვევაში რეაგირება ეფექტიანი ვერ არის, მაგრამ საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს ზეწოლა. თუ ჩვენ არ ვიაქტიურებთ, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის.
სურსათის უვნებლობა, სამწუხაროდ, მთავარი მოთხოვნა საზოგადოების, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების მხრიდან არ არის. ამ მიმართულებით, ზეწოლას არც ახლანდელი და არც წინანდელი ხელისუფლება დიდად არ განიცდის. ამიტომ მოთხოვნები, ფორმალურად კმაყოფილდება და მაქსიმალურად გადავადდა შესასრულებელი ვალდებულებები.
ახალი რეგულაციებისთვის მეწარმეც, ფერმერიც და სახელმწიფოც უნდა მოემზადონ. ამას დრო სჭირდება. თუმცა, მთავარია, ეს დრო იყოს გონივრული.
საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების მთავარი მოტივატორი არის ევროინტეგრაცია. სანამ ევროინტეგრაციის პერსპექტივა არ გამოჩნდა, არც ერთმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა არ დაიწყო.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ხარაგაულში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო შეხვედრა გაიმართა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი