ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლებში შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა მოქმედებდა. ეს პროგრამა, რომელიც მარტოხელა მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვას მოიცავს, ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ განახორციელა.
„დონორისგან დაფინანსების დასრულების შემდეგ, პროექტის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ აიღო და ამ მიზნით მუნიციპალური ააიპ „სათნოების სახლი“ ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოდან ვაუჩერული დაფინანსების მოსაპოვებლად დარეგისტრირდა, – ამბობს ნაბიჯი ხარაგაულის“ დირექტორი რუსუდან გურგენიძე, – თუმცა, მეშვიდე თვეა, შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამაში ჩართული პირები ამ მომსახურებით ვეღარ სარგებლობენ“.
ამ პროგრამაზე უკეთესი რა დააფინანსეს?!
ხარაგაულში მცხოვრები 83 წლის ნუნუ კამკამიძე საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან სკამზე ჩამომჯდარი ექთან ეთერი მაღრაძის მოსვლას ყოველდღე ელოდება.
„ყველაზე მეტად ეს პროგრამა მე და ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ პირებს მოაკლდა, – ამბობს ნუნუ კამკამიძე, – ათ წელზე მეტია, სახლიდან ვერ გავდივარ. ექთნის მომსახურება ჰაერივით მჭირდებოდა. ის კვირაში ორჯერ 2-2 საათით მაკითხავდა და იმაზე მეტ რამეს მიკეთებდა, ვიდრე ევალებოდა. რატომ შეწყვიტეს ეს პროგრამა, ამაზე უკეთესი რა დააფინანსეს“?!
მაღალმთიან სოფელ წიფაში მცხოვრებ გია ღამბაშიძის დედას ექთანი ელგა ბანცაძე ემსახურებოდა. „ელგა რომ მოდიოდა, დედაჩემს სიცოცხლის ხალისი უბრუნდებოდა. მისგან მოწოდებული წამალიც თითქოს უფრო შველოდა. ეს პროგრამა შვება იყო როგორც მოხუცისთვის, ასევე ჩემთვის“.
ახალსოფელში მცხოვრები მალხაზ თაბუკაშვილი 25 წელია, საწოლსაა მიჯაჭვული. ის ამბობს, რომ პერსონალური ასისტენტის პროგრამის გაუქმებამ ძალიან დააზარალა.
მოლითში მცხოვრები მაკა ტალახაძის შვილი ამ პროგრამით სარგებლობდა, თავად მაკა კი პერსონალური ასისტენტი იყო.
„ჩემი შვილი პერსონალურ ასისტენტს დღის ცენტრში დაჰყავდა, – ამბობს მაკა, – ყოველდღე ვმუშაობ და შვილის დღის ცენტრში წაყვანს ვეღარ ვახერხებ. ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თავად მე სოფელ დეისში დაბადებიდან საწოლს მიჯაჭვული სოსო კიკნაძის პერსონალური ასისტენტი ვიყავი. სოსოს, 37 წლის განმავლობაში, ერთი ოთახის კედლების გარდა, არაფერი დაუნახავს.
ჩემნაირი ადამიანი მას ჰაერივით სჭირდება. სოსოს, მისი სურვილით, წიგნებს, ხშირ შემთხვევაში, ბიბლიას ვუკითხავდი. მან ჩემი დახმარებით, ანბანის შესწავლა დაიწყო, დამოუკიდებლად წყალი ჭიქიდან დალია, ცხოვრებაში პირველად წვნიანი კერძი მიირთვა.
ზოგჯერ ჩემი მისვლის დღე არ იყო, თუმცა, სოსოს ძმა რომ დამირეკავდა, იქნებ მასთან ახვიდეო, ყველანაირ საქმეს გადავდებდი და ფეხით შვიდ კილომეტრს გავდიოდი. სოსოს ძმას, ოჯახი რომ ერჩინა, მუშაობდა. ზამთარში, თუ მე არ მივიდოდი, სოსო სითბოსა და საჭმლის გარეშე რჩებოდა. დასანანია, ხარაგაულში ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამა რომ აღარ გრძელდება“.
„37 წლის განმავლობაში სრულყოფილ ადამიანად თავი პირველად ვიგრძენი, – ამბობს სოსო კიკნაძე, – ჩემს სიცოცხლეში ყველაზე ბედნიერი იმ ექვს თვეში ვიყავი, როცა მაკა ტალახაძე მოდიოდა, წიგნს მიკითხავდა, საჭმელს მიმზადებდა, ამბებს მიყვებოდა. ბევრი ვიტირე, მაკამ რომ მითხრა, ვეღარ მოვალო“…
შინმოვლის პროგრამაში ჩართული ექთანი ელგა ბანცაძე იხსენებს, როგორ ელოდნენ მოხუცები. „ოჯახის წევრები ყურადღებას აქცევენ, მაგრამ პროგრამა გვაძლევდა შესაძლებლობას, მოხუცისთვის კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა, – ამბობს ელგა, – 11 წლის განმავლობაში რომ ეზოდან არ გასულა, ის ადამიანი მეზობლებთან გავიყვანე.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაეხარდა. ამის დრო ოჯახის წევრს არ ჰქონდა. თან უმეტესად მოხუცები მარტო ცხოვრობენ და დამლაპარაკებელი ენატრებათ. გულისტკივილით ვკითხულობ, რატომ ვეღარ აგრძელებს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროგრამას?!“
ექთანი ეთერი მაღრაძე ამბობს, რომ პროგრამის შეწყვეტამ ის ფინანსურად დააზარალა, რადგან პენსიის გარდა, სხვა შემოსავალი არ აქვს. „ნუნუ კამკამიძესთან და თინიკო გლუნჩაძესთან ბოლო ვიზიტზე რომ მივედი, იტირეს, – ამბობს ეთერი მაღრაძე, – დავპირდი, თქვენთან ურთიერთობას არ გავწყვეტ-მეთქი და ტელეფონით ორივეს ხშირად ვეხმიანები.
ჯაფაროულში მცხოვრები თინიკო გლუნჩაძე ფეხზე საწოლიდან საერთოდ ვერ დგება. დისშვილი ჰყავს ზესტაფონში, ყურადღებას აქცევს, მაგრამ იმასაც ხომ თავისი ოჯახი აქვს. ჩემი იმედი ჰქონდათ და ახლა რა გამოვიდა, ყველა დავზარალდით, – მეც და ჩემი ბენეფიციარებიც“.
დასანანია, შინმოვლის აწყობილი მომსახურება რომ აღარ გრძელდება
2022 წლის იანვრიდან საქართველოში პირველად, ოთხ რეგიონში (იმერეთი, აჭარა, გურია, კახეთი), მათ შორის იმერეთში მხოლოდ ხარაგაულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა დაიწყო.
„ამ პროექტში მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის თანამონაწილეობა, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ დირექტორი, – ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2022 წელს პერსონალის გადასამზადებლად და პერიოდულად შეკრებებისთვის ფართი უსასყიდლოდ დაგვითმო;
2023 წელს კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პროგრამის თანადაფინანსებისთვის 70 ათასი ლარი გამოყო. ამ თანხით მომსახურე პერსონალის ხელფასს ვფარავდით და პირველადი დახმარების მედიკამენტებს ვყიდულობდით.
რელიეფის სირთულის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 20 ადმინისტრაციული ერთეულიდან პროგრამის განხორციელება 11 თემში შევძელით. ექთნები და პერსონალური ასისტენტები 10-12 კილომეტრს ფეხით გადიოდნენ და მეტს ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ. გზის თანხას ვერ ვუნაზღაურებდით.
პროგრამის ფარგლებში 1 ექიმი, 14 ექთანი და 8 პერსონალური ასისტენტი გადამზადდა. შინმოვლის სპეციალისტებმა საერთაშორისო სერტიფიკატები მიიღეს.
2022 წელს შინმოვლის პროგრამით 42 პირი სარგებლობდა, პერსონალური ასისტენტის მომსახურებით – 12; 2023 წელს შინმოვლის პროგრამით სარგებლობა 39 პირმა გააგრძელა, პერსონალური ასისტენტი 8 პირს ემსახურებოდა.
2024 წელს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროგრამის გაგრძელებაზე რომ ვსჯელობდით, მათ თქვეს, სერვისის მიწოდებას მათგან დაფუძნებული ააიპ „სათნოების სახლი“ გააგრძელებდა. თუმცა, რატომ ვერ გრძელდება პროგრამა, ჩემთვის უცნობია“.
„ზრუნვის სააგენტოში პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის პროგრამის სერვისის მიმწოდებლად 12 ორგანიზაცია, მათ შორის, ხარაგაულის „სათნოების სახლი“ დარეგისტრირებულია, – ამბობს მერი ვაშაკიძე, შინმოვლის პროგრამის ექსპერტი, – თუმცა, მათგან მხოლოდ ოთხი მუშაობს. ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ეს პროგრამა ქალაქისა და სოფლისთვის ცალ-ცალკე შეიმუშავა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, ფაქტობრივად, აწყობილი სერვისი გადაიბარა. პროგრამით კმაყოფილები იყვნენ ბენეფიციარები, ექთნები და პერსონალური ასისტენტები. მახსოვს, ხარაგაულში პროგრამა რომ დასრულდა, ექთნები საკუთარი შემოსავლის დაკარგვაზე მეტად მოხუცებისა და შშმ პირების მდგომარეობას ჯავრობდნენ. იმედს ვიტოვებ, რომ პრობლემა მალე მოგვარდება“.
ასოციაცია „ანიკას“ შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამის მენეჯერი
ვიქტორია ვასილევა ამბობს, რომ სერვისის მიმწოდებლად დარეგისტრირებული ორგანიზაციის საქმიანობაში ვერ ჩაერევა, თუმცა, „ანიკას“ ინტერესია, რომ პროგრამა გაგრძელდეს და მდგრადი იყოს. „თავის დროზე ხარაგაული იმ კრიტერიუმით შევარჩიეთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ინტერესი დავინახეთ, – ამბობს ვიქტორია ვასილევა, – ჩოხატაურში, ქედაში, შუახევში, ბაღდათში ეს პროგრამა გრძელდება.
სამწუხაროა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ჯერჯერობით, მათ შორის არაა. სანამ ხარაგაულში ადგილზე გადამზადებული კადრებია და სხვაგან სამუშაოდ არ წასულან, პროგრამა მალევე უნდა განახლდეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“ შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამას ძალიან კარგად უძღვებოდა. ჯობდა, ამ სერვისის მიწოდება მასვე გაეგრძელებინა. მუნიციპალიტეტმა პასუხისმგებლობა აიღო და ადამიანებს ვეღარ ემსახურება.
კვლევამ აჩვენა, რომ ამ პროგრამაში ჩართვის მსურველი ბევრია. დასანანია, შინმოვლის აწყობილი მომსახურება ხარაგაულში რომ აღარ გრძელდება“.
როდის განახლდება ხარაგაულში შინმოვლის პროგრამა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რომ შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა 2024 წლის იანვრიდან გაგრძელებულიყო, – ამ შეკითხვით „სათნოების სახლის“ დირექტორს, თამარ შავიძეს და მერის პირველ მოადგილეს, მუნიციპალიტეტში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისა და ამ პროგრამის უშუალო კურატორს ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
თამარ შავიძემ გვიპასუხა: „შესაბამისი უწყებიდან ველოდებით სატელეფონო ზარს, რომ პროგრამის დაფინანსება გაგრძელდეს. „სათნოების სახლი“ სერვისის მიმწოდებლად ზრუნვის სააგენტოში დავარეგისტრირეთ. ორი თვის წინ გასაუბრებაც გავიარე. ზუსტი თარიღი, პროგრამა როდის განახლდება, არ ვიცი“.
ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ის პროგრამის განხორციელებაში ჩართული იყო. თუმცა, კონკრეტული პასუხი არ გაგვცა იმის შესახებ, მომავალში ოფიციალურად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან. „ეს საკითხი სათნოების სახლის დირექტორთან და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ნანა კიკნაძესთან გაარკვიეთ“, – გადაგვამისამართა ვარლამ ჭიპაშვილმა.
„მოქალაქეები, რომლებიც შინმოვლასა და პერსონალური ასისტენტის მომსახურებას საჭიროებენ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში უნდა დარეგისტრირდნენ, – განმარტავს ნანა კიკნაძე, მერიის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, – ამისთვის კი ისინი ჯერ უძლურების შეფასების ბართელის ინდექსით უნდა შეფასდნენ. ხარაგაულში შინმოვლის საჭიროების მქონე ბევრი მოხუცია.
ივლისიდან მათ ოჯახებს დავუკავშირდებით და ამის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით. რამდენი პირი დააკმაყოფილებს ბართელის ინდექსის კრიტერიუმებს, ვერ გეტყვით. მოკლედ, პროცესში ვართ და ვცდილობთ, შინმოვლის პროგრამა ხარაგაულში 2024 წლის ზაფხულზე განახლდეს“.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის სააგენტოდან გვიპასუხეს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შინმოვლის პროგრამის დასაფინანსებლად ვაუჩერს ბენეფიციართა დარეგისტრირებისთანავე გამოყოფენ.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი