დღეს, 24 ივნისს, ხარაგაულის კინოთეატრში სპექტაკლის „ბამბაზიის სამოთხე“ პრემიერა გაიმართა.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა მაყურებელს ამჯერად დრამა შესთავაზა. სპექტაკლი ნინო სადღობელაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა.
„ბამბაზიის სამოთხე“ – ეს არის სპექტაკლი აფხაზეთის ომით მიყენებულ, მარად მოუშუშებელ ტკივილზე, შვილმკვდარი დედების ენით აღუწერელ სულიერ ტანჯვაზე, ადამიანებზე, რომლებსაც ომმა მომავალი, ცხოვრების იმედი და მიზნები გაუნადგურა.
„ეს უმძიმესი სპექტაკლია, – ამბობს რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – დასმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ დრამა გვეთამაშა. თითოეული როლი ძალიან რთული იყო. მე ვფიქრობ, რომ თეატრმა უნდა ატიროს, ატკინოს მაყურებელს, შეახსენოს ჭრილობა. აბა, თეატრს სხვა რა დანიშნულება აქვს – მუდამ უნდა გრძნობდეს საზოგადოების მაჯისცემას და აქტუალურ პრობლემებს ასახავდეს.
ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ. მიხარია, რომ მაყურებლის სიყვარულს ვიმსახურებთ. ეს დარბაზიდან იგრძნობოდა. ამიტომ ყველაზე დიდი ჯილდო ჩვენთვის მაყურებლის სიყვარულია“.
„ამ სპექტაკლით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ომი საშინელებაა, – ამბობს მაყურებელი ქეთევან ჩაჩანიძე, – თითქოს მიძინებული ტკივილი, რაც აფხაზეთის დაკარგვის გამო ყველას გულით დაგვაქვს, ამ სპექტაკლით გააქტიურდა და თითოეული ჩვენგანის სულსა და გულში შეაღწია.
სპექტაკლის დასასრული იყო ძალიან შთამბეჭდავი, როცა ქართველი და აფხაზი შვილმკვდარი დედები ერთმანეთს შვილების საფლავებთან დროებით დაემშვიდობნენ. შეუდარებელი დასი გვყავს. მადლობა მათ მაღალ პროფესიულ დონეზე შერულებული როლებისთვის“.
სპექტაკლში „ბამბაზიის სამოთხე“ აფხაზი დედის როლს ასრულებს ლუიზა კიკნაძე, ქართველი დედის როლს – ირინე ჩხეიძე, აფხაზი, მკვდრებით მოვაჭრე – ბათუ კიკნაძე, ლექსო – ვასილ კიკნაძე, გიო, ლაურას შეყვარებული, თბილისელი – გიორგი ჭიპაშვილი, ლაურა – ლია ჭიპაშვილი, მათხოვარი – დავით ჭყოიძე.
სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელია ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი მუსიკოსი ანუშკა ჩხეიძე. სპექტაკლში ასევე გამოყენებულია თეონა ცირამუას აფხაზური სიმღერა „შიშ-ნანი“ ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით.
სპექტაკლის ოპერატორები არიან დავით კვირიკაშვილი, ირაკლი შარიქაძე, ზაზა ტაბატაძე, მხატვარი გაიოზ შუბითიძე, გრიმიორი ლიკა თაბუკაშვილი.
ამ სპექტაკლით ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 21 ივნისს წარდგა. ამ ფესტივალის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია 26 ივნისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი