„ბამბაზიის სამოთხე“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელზეც ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასი მუშაობს. ამ სპექტაკლს, ნინო სადღობელაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, რეჟისორი ირინე ჩხეიძე დგამს.
„ამ დრომდე, ჩემი რეჟისორობით, ხარაგაულის თეატრის სცენაზე ტრაგედია არ გვითამაშია, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ეს პიესა დასის წევრებთან შეთანხმებით შევარჩიე და ამით ძალიან რთულ თემას შევეჭიდეთ. სპექტაკლი აფხაზეთის ომის მძიმე შედეგებს ასახავს. ქართველი დედა ეძებს შვილის საფლავს, რომელსაც ასევე შვილმკვდარი აფხაზი ქალი უვლის.
თემა დღეს ძალიან აქტუალურია, – ომია უკრაინასა და ისრაელში. სპექტაკლი ომით მიყენებულ ტკივილებს, ადამიანურ ურთიერთობებს გვაჩვენებს. ქართველი და აფხაზი დედების დამოკიდებულება აუცილებლად გაგახსენებთ ქართულ ხალხურ შედევრსა და სიბრძნეს „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“.
„ბამბაზიის სამოთხის“ ავტორმა ნინო სადღობელაშვილმა პიესა უსასყიდლოდ გადმოგვცა. ის პრემიერაზე ჩამოსვლასაც დაგვპირდა. ამ სპექტაკლით უნდა წარვსდგეთ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, 19 ივნისს. მანამდე კი გვსურს, რომ პრემიერა ხარაგაულში შედგეს. ტრაგედიის თამაში ხარაგაულის სახალხო თეატრისთვის გამოწვევაა, რასაც, იმედია, თავს კარგად გავართმევთ“.
სპექტაკლში აფხაზი დედის როლს ლუიზა კიკნაძე ასრულებს, ქართველი დედისას – ირინე ჩხეიძე. სპექტაკლში ასევე თამაშობენ – ვასილ კიკნაძე, ბათუ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, ლია ჭიპაშვილი და გიორგი ჭიპაშვილი; მუსიკალური გამფორმებელია კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე, მხატვარი გაიოზ შუბითიძე, ოპერატორები დავით კვირიკაშვილი და ირაკლი შარიქაძე.
„30 წელზე მეტი გავიდა, რაც აფხაზეთი დავკარგეთ, – ამბობს მსახიობი ვასილ კიკნაძე, – მომავალმა თაობებმა, შესაძლოა, აღარაფერი იციან ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე. ეს სპექტაკლიც ჩვენი დაახლოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ბამბაზიის სამოთხე“ ტრაგედიაა, თუმცა მიმაჩნია, რომ ფინალი მაინც იმედის მომცემია“.
მსახიობი ლუიზა კიკნაძე ამბობს, რომ როლის გათავისება ძალიან გაუჭირდა. ის თამაშობს აფხაზ ქალს, რომელსაც შვილი ომში მოუკლა ქართველმა მებრძოლმა, რომელზეც შემდეგ აფხაზებმა შური იძიეს. აფხაზმა დედამ საკუთარი შვილი და დაღუპული ქართველი მებრძოლი გვერდიგვერდ დაკრძალა.
„თანავუგრძნობ აფხაზ დედას, რომელიც, ფაქტობრივად, ორი შვილის საფლავს უვლის, – ამბობს ლუიზა კიკნაძე, – აფხაზები და ქართველები ხომ მართლაც ძმები ვიყავით. შვილის ცხედრისთვის აფხაზეთში ჩასული ქართველი ქალი საფლავს ისევ აფხაზი ქალის იმედად ტოვებს და ეუბნება, მე ისევ დავბრუნდებიო. ასეთი დასასრული ოპტიმიზმითა და იმედით მავსებს, რომ აფხაზეთში დავბრუნდებით“.
„სპექტაკლში მოქმედება აფხაზეთის ომის დასრულებიდან 15 წლის შემდეგ ხდება, – ამბობს მსახიობი დავით ჭყოიძე, – ვთამაშობ აფხაზეთიდან დევნილს, რომელიც ომისგან ძლიერად ტრავმირებული და დაღდასმულია. როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, რა ელოდება მომავალში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, – ჩემი აზრით, სპექტაკლში „ბამბაზიის სამოთხე“ სწორედ ამის გასაღები დევს.“
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ხარაგაულში სპექტაკლის – „ბამბაზიის სამოთხე“ პრემიერა შედგა
ხარაგაულის თეატრმა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში, ქართულ თეატრში სპექტაკლს დგამს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი